თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ქალი მსჯავრდადებულებისთვის რესოციალიზაციის პროექტები გრძელდება.  მსჯავრდადებულთა რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის მიზნით #5 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი სასწავლო-გამაჯანსაღებელი პროგრამა დაიწყო.

პროექტი, რომელსაც ფსიქოლოგი, ქოუჩის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და სასწავლო-გამაჯანსაღებელი სისტემის ტრენერი ხათუნა მუზაშვილი წარუძღვება, ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 20-ზე მეტი მსჯავრდადებული იქნება ჩართული.

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, თქმით, პროექტი მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება. მსჯავრდადებული ქალები,  დედები თუ შვილები რეაბილიტაციის შედეგად  ციხიდან თავიანთ ოჯახებსა და საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად უნდა დაუბრუნდნენ.

სასწავლო-გამაჯანსაღებელი კურსის მიზანია, რომ მსჯავრდადებულებმა საკუთარი ემოციების მართვა და რესურსების გამოყენება უკეთ შეძლონ.