ხმაური იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რაინდი დუმბაძის განცხადებას მოჰყვა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ დაბა ლაითურში სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის სოლიდური თანხა დაიხარჯა, ადგილობრივებს ამ დრომდე წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომელსაც ხელისუფლება, მისი თქმით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიაწერს. ამ განცხადებას უმრავლესობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, მათ შესვენება გამოაცხადეს და სხდომა დატოვეს. ოპოზიცია კი პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულეს. 

,,ჩვენ გამოვაცხადეთ შესვენება, დატოვებასა და შესვენებას შორის არის განსხვავება. ვესწრებოდით სხდომას, იყო იქ ნორმალური ვითარება ? შეიძლებოდა იმ სიტუაციაში სხდომის ნორმალურად წარმართვა?! გავაფრთხილეთ, არ გაჭრა. მოვუწოდეთ დაეტოვებინათ საკრებულოს დარბაზი, არ დატოვეს. იძულებული გავხდით და გამოვაცხადეთ შესვენება. მოვიქეცით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დაბა ლაითურში თუ არის რამე პრობლემა, სწორედ ერთ-ერთი საკითხი იყო ამაზე საკრებულოს სხდომაზე და თუ ოპოზიცია დაინტერესებულია და რეალურად თუ შესტკიოდა გული, ამ საკითხის განხილვის დროს უნდა დაეწყო საუბარი, მაგრამ არ უნდოდა გაჟღერება, არც არიან დაინტერესებული. მათ უნდოდათ სხდომის ჩაშლა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მრავალგზის იქნა გაჟღერებული, როგორ შეიძლება არ ვახსენებდეთ ევროკავშირს. რამდენიმე განკარგულებაა, სადაც ცალსახად არის დადასტურებული და აღნიშნული, რომ ეს პროექტი ხორციელდება ევროკავშირის თანამონაწილეობით, გამოკრულია შესაბამისი ბანერები. ეს პროექტები რაც ახლა ხორციელდება ხდება ევროკავშირის თანადაფინანსებით,“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ბიგვავამ.