რესტორან "რეტროს" მეპატრონეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება  მოსამართლე ლევან ყოლბაიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში კაფე „რეტროში“, მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დღეს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 151-ე მუხლის პირველი (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. პროტესტის ნიშნად, რესტორანი თხუთმეტმა დასაქმებულმა უკვე დატოვა. საპირისპიროს აცხადებს ბრალდებულის მხარე. ადვოკატის განცხადებით, თეიმურაზ ვარშანიძე წააქციეს და მას ურტყამდნენ თავად კომპანიაში დასაქმებულები, ისინი ითხოვენ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს