საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას და საპარლამენტო დიპლომატიას მოაქვს შედეგი და განამტკიცებს სამართლებრივ საფუძველს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იძულებით გადაადგილებული პირების მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნებისთვის, – გაეროს გენერალური ასამბლეის დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება.

„გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აქამდე ყველაზე მეტი, 100 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. მადლობას ვუხდი რეზოლუციის ყველა მხარდამჭერს, ასევე, მათ, ვინც რეზოლუციის წინააღმდეგ არ წავიდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.