ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ არათუ სატელიტები, არამედ მისი ნაწილი არიან, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ესაა „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“. ეს ის ხალხია, რომელიც თავის დროზე საზოგადოებამ გაიცნო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. შემდეგ ისინი თითქოს გაიყვნენ, სინამდვილეში კი უბრალოდ გაიშალნენ, ფლანგი გაშალეს და არის ერთი გუნდი. იგივეა „ევროპული საქართველო“ და ყველა, „ნაციონალური მოძრაობის“ ეს იდეოლოგიური ბირთვი. მათ შეიძლება, ჰქონდეთ სხვადასხვა ფლანგი, მაგრამ, რეალურად, ეს არის ერთი პარტია, რომელიც საჭირო მომენტში ერთიანდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

მისი თქმით, არიან პარტიები, რომლებიც ხანდახან ცდილობენ, გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კრიტიკულ მომენტში ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგას უბრუნდება.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, პარტიები დამოუკიდებლად განვითარდნენ, ამისთვის ექსპერიმენტიც კი ჩაატარა და 2020 წელს არჩევნებისთვის 1%-იანი ბარიერი დააწესა, როგორიც ევროპაში მხოლოდ ერთ ქვეყანას, ნიდერლანდებს აქვს, მაგრამ პარტიებმა ეს დამოუკიდებელი პარტიული დღის წესრიგის შესაქმნელად არ გამოიყენეს.

„ეს ექსპერიმენტი „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა იმისთვის, რომ შანსი მიეცა პატარა პარტიებისთვის, რათა ისინი შესულიყვნენ პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ მარგინალური პარტიები არიან და მარგინალური მხარდაჭერა აქვთ, მიეღოთ საპარლამენტო ტრიბუნა, თავიანთი დამოუკიდებელი პარტიული დღის წესრიგი ეჩვენებინათ უფრო ფართო საზოგადოებისთვის და იქნებ როგორმე მოეზიდათ დამატებითი მხარდამჭერები. ჩვენთან, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ზოგადი წესი არის 5% და „ქართულმა ოცნებამ“ ექსპერიმენტი გამონაკლისის სახით გააკეთა, მაგრამ ეს ექსპერიმენტი ჩაიშალა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამან მოიტანა არა პლურალიზმი პარლამენტში და არა რვა სხვადასხვა პარტია, ან ჯგუფი, როგორც საარჩევნო სუბიექტი, არამედ, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ქოლგის ქვეშაც ყველა კრიტიკულ მომენტში ერთიანდება ხოლმე ოპოზიცია. მათ შეეძლოთ, გამიჯვნოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს, რომელიც მდგომარეობს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნაში და მდგომარეობს საქართველოს რუსეთთან ფარულ გარიგებებში დადანაშაულებაში და ა.შ. ამ პარტიებს შეეძლოთ, ამ დღის წესრიგიდან გასულიყვნენ და საკუთარი დღის წესრიგი ჰქონოდათ; მეორე, გადაწყვეტილებების მიღების დროს, როგორიც იყო ომბუდსმენის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, თავიანთი პირადი პოზიცია დაეფიქსირებინათ, მაგრამ არათუ დააფიქსირეს, სამმა ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატმა, რომლებმაც ხმა მისცეს ლევან იოსელიანს და რომლებიც, მათივე აღიარებით, იყვნენ ზეწოლის ქვეშ და მხოლოდ იმის გამო, რომ სიტყვა მისცეს ლევან იოსელიანს და ამ სიტყვას ვერ გადაუხვიეს, საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირეს მას, მაგრამ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით რაც მოხდა, ვნახეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.