ენმ-ს კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი მართავენ, ნებსით თუ უნებლიეთ ეწერებიან ივანიშვილის სცენარში და ივანიშვილი დღეს არის შოკოლადში - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს ეს პარტია, დიახაც, თუ ვინმესია ამ წუთას, ვინც ფლობს სრულად ბერკეტებს პარტიის მართვის, არის ბატონი კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე, თხემიდან ტერფამდე ჩართულები იყვნენ...

ბატონ ადეიშვილს აქამდე განგებ არ ვახსენებდი. როდესაც იუსტიციის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, მაშინ მინისტრი იყო ნიკა გვარამია, შემდეგ გახდა ბატონი ადეიშვილი და 2012 წელი დადგა ისე, როგორც დადგა, ბატონი ადეიშვილი მეორე დღეს არ მინახავს. თანამშრომლებს, სამსახურის ხელმძღვანელებს ვერც კი დაგვემშვიდობა, დატოვა ქვეყანა. ჯერ კიდევ ერთი თვე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და  ჩვენ მგლის ხახაში, მათ შორის მე, იმ დღიდანვე ვიყავი და ვრჩები ამ ბრძოლაში და ძალიან უცნაურია, რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს, რომ დღეს პირველ რიგში თავად აკადრებს ამას, რომ გვერდიდან ჩაერიოს პარტიულ გადატრიალებაში და ამით დაასუსტოს მთავარი ღერძი ოპოზიციური მოძრაობის. კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი ნებსით თუ უნებლიეთ ეწერებიან ბიძინა ივანიშვილის სცენარში იმიტომ, რომ ბატონმა კეზერაშვილმა თავად მოახდინა პოზიციონირება, საპირწონედ დაიყენა თავი ბიძინა ივანიშვილისა და ბიძინა ივანიშვილი დღეს არის შოკოლადში. თუ კი ვინმეს აწყობს, რომ ბიძინა ივანიშვილის საპირწონედ დახატულიყო დათო კეზერაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პარადოქსი, რომელიც დაიმსხვრევა, იმიტომ რომ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს ჰკითხეთ, თუ უკავშირებს საკუთარ ბედს, განსაკუთრებით ამ ისტორიულ  კონტექსტში დათო კეზერაშვილს“- განაცხადა ნიკა მელიამ.