დღეს დილის მონაცემებით, უკრაინის ხერსონის ოლქში წყლის ქვეშაა 600კმ² ტერიტორია, – ამის შესახებ ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დილის მდგომარეობით, დატბორვის საშუალო დონე 5,61 მეტრია.

კახოვკას ჰესის ნგრევის შედეგად წყლის ქვეშ მოქცეული 600 კვადრატული კილომეტრიდან 32% მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზეა და 68% - მარცხენაზე, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქალაქ ხერსონში იმყოფება, ამბობს, რომ ხალხი დაღლილია, მაგრამ პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფილი არიან და ოლქის დატოვება ბევრ მათგანს არ სურს.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგოს“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კახოვკას წყალსაცავში წყლის დონე თითქმის ერთი მეტრით შემცირდა. დაშლას განაგრძობს ჰესის წყლის გამშვები კაშხალი და ჰესის შენობასა და ჩამკეტ ჯებირს შორის არსებული ტიხარი.