ოსლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მმართველი კომპანია Ruter-ი მილიონობით შემოსავალს იღებს უბილეთო მგზავრობის გამო ჯარიმებიდან, თუმცა კონტროლის განხორციელებაზე ბევრად მეტს ხარჯავს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი, ტრამვაი, მეტრო, საბორნე მიმოსვლა, საგარეუბნო რკინიგზა) კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს, რომ კონტროლი შოკის მომგვრელად დიდი თანხა ჯდება, - წერს ნორვეგიული პრესა.
წელს, რვა თვეში, Ruter-ის შემოსავალი ჯარიმებიდან 61,1 მილიონი იყო, კონტროლის განხორციელებაზე დახარჯული თანხა კი 98 მილიონი კრონა. ზარალმა 36,9 მილიონი კრონა (3,4 მილიონი დოლარი) შეადგინა.
შარშან, მთელი წლის განმავლობაში დანაკარგი 25,5 მილიონი კრონა იყო.
Ruter-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თქმით, მგზავრობის საფასურს ყოველი მეათე მგზავრი არ იხდის.
ბილეთების კონტროლს თავისთავად არ მოაქვს მოგება, თუ კონტროლიდან შემოსავალს მივიჩნევთ მხოლოდ იმ თანხას, რაც ჯარიმებიდან შემოდის, მაგრამ აქვს პრევენციული ეფექტი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტი, - ამბობს იგი.
1 ოქტომბრამდე ჯარიმა ადგილზე გადახდის შემთხვევაში 950 კრონა იყო, მოგვიანებით გადახდისას კი 1150 კრონა. 1 ოქტომბრიდან ჯარიმა შესაბამისად, 1200 და 1470 კრონა გახდა.
„აიპრესის" მიერ ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ავტობუსით მგზავრობის მინიმალური ფასი ოსლოში არის 40 კრონა.




