აქცია - „შინ ევროპისკენ“ შედგა, მოძრაობამ ათი ათასობით ხალხი სამჯერ შეკრიბა რუსთაველის გამზირზე, მაგრამ მკაფიო გეგმა შეკრებილმა მომიტინგეებმა ვერცერთხელ მოისმინეს. 3 ივლისის აქციაზე მოქალაქეებმა უკვე ღიად გამოხატეს პროტესტი და შეცდომები თავად ორგანიზატორებმაც აღიარეს, თუმცა შედეგი ჯერ კიდევ შორსაა.
რამდენად სამართლიანი იყო აქციის ორგანიზატორების კრიტიკა, რა ვერ გათვალეს სწორად და რას ველოდებით უახლოეს 6 თვეში? - ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საუბრობს: _ რა გვაჩვენა საკმაოდ მასშტაბურმა სამმა აქციამ და თქვენც თუ იზიარებთ იმ კრიტიკას, რაც აქციის ორაგნიზატორების მიმართ გაისმა, რომ გეგმა არ ჰქონდათ და  იქ უნდა ყოფილიყო სააკაშვილის ხსენება და ა. შ. მთლიანობაში როგორ შეაფასებდით პროცესს? _ საკითხს სააკაშვილის საკითხისგან დამოუკიდებლად შევაფასებ. ჩემი აზრით აქ არც სააკაშვილი და არც გვარამია არაფერ შუაშია. ჩვენ თუ განვიხილავთ ამას, როგორც შედეგის მიხედვით და არა უბრალოდ პროცესის, მაშინ ნათელია, რომ შედეგი არის ნოლი. კი ბატონო, ყველას ვაჩვენეთ, რომ ჩვენ მოსახლეობას უნდა ევროკავშირი. კი ბატონო უნდა და ეს ისედაც ცნობილი იყო და ეს არავისთვის არ ყოფილა სიახლე. არც ევროკავშირისთვის, არც ამერიკისთვის და არც ჩვენი მმართველი პარტიისთვის. ერთი მხრივ პატიოსანი, წესიერი, ზოგან შეიძლება გულუბრყვილო ღონისძიება, რომელიც ახალგაზრდობამ მოაწყო, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით შედეგი არაფერია. ეს არის პოლიტიკური დიდი მიზნის საშუალება და ამ მხრივ ცოტა ინფანტილიზმის ელფერი დაკრავდა. მაპატიონ ორგანიზატორებმა, მათი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს უნდა ვთქვა. _ რა უნდა გაეკეთებინათ და არ გააკეთეს? _ მე არ ვარ პოლიტიკოსი და ვერ მოვუწოდებ, რა არის გასაკეთებელი. თვითონ რასაც აცხადებდნენ, რომ ეს იქნება ხანგრძლივი და უწყვეტი, ეს ასე არ გამოდგა. ამიტომ, როგორც ჩანს არ იყო ზუსტად გათვლილი და გაანგარიშებული პოტენციალზე. არ იყო გაანგარიშებული იმაზე, მონაწილეებს რამდენი დღე და ღამე შეუძლიათ იდგნენ ქუჩაში. _ სააკაშვილის და გვარამიას თემაც მნიშვნელოვანია. სწორია, როდესაც მათ არ ახსენებენ? მართალია ბევრი ამის გამო მივიდა აქციაზე, მაგრამ ბევრს პროტესტიც გაუჩნდა ამის გამო, შესაძლოა სამართლიანადაც, ვინაიდან მათი აზრია, რომ სააკაშვილი იყო პირველი, რომელმაც ყველაზე ხმამაღლა დაიწყო საუბარი ევროპისთვისო. _ რასაკვირველია. პირველი აგური ნატოსკენ მიმავალ გზაზე დადო შევარდნაძემ, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ მივაკაკუნებთო, მაგრამ პირველი დიდი აგური და უფრო მეტიც ევროკავშირისა და მთლიანად დასავლეთთან ახალი ურთიერთობის, მტკიცე ურთიერთობის დადო სააკაშვილმა, რომელსაც მოკავშირეობის ელფერიც ასდიოდა. თითქოს ცოტაღა აკლდა სამხედრო კავშირის დადებას, ასეთი შთაბეჭდილებაც იქმნებოდა. ეს სააკაშვილის დამსახურებაა. ამას ვერავინ უარყოფს. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომელიმე პოლიტიკოსი ცალმხრივად შევაფასოთ. [caption id="attachment_481748" align="aligncenter" width="417"] "კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა, რომ მიტინგებს წარმატებით ჩაენაცვლებინოს პარლამენტი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პროტესტანტი დეპუტატები პარლამენტში დაბრუნდნენ"[/caption] მე უფრო ჩინელები მომწონს. ჩინეთის ერთ-ერთი ელჩი მისაბუთებდა, რომ ჩვენ ვგმობთ კულტურულ რევოლუციას, მაგრამ მაო ძე დუნი ისევ მავზოლეუმში გვყავსო და მისი ყოველი გამოსვლა მაო ძე დუნის ციტატა იყო. ჩვენ ავწონეთ რა გააკეთა მაო ძე დუნმა კარგი და ცუდი, აღმოჩნდა, რომ კარგი უფრო მეტი გააკეთაო, თუმცა ცუდიც გააკეთა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ცუდი გამოვასწოროთ და აღარ გავიმეოროთ, ხოლო კარგი უფრო გავაგრძელოთ და გავაძლიეროთო. მე ამის მომხრე ვარ. მე მაგალითად, სულ არ მომწონს კრიმინოგენური ვითარება. დღე არ გავა, ვიღაცამ ვიღაცა არ მოკლას ან დაჭრას. ამ მხრივ მხოლოდ ყოფითი დანაშაულების გახსნა ხდება. ქმარი რომ ცოლს მოკლავს, იმის გახსნას, დიდი შერლოკ ჰომსობა არ უნდა, მაგრამ აი შეკვეთილი მკვლელობები, რომელიც ახლახან ვაკეში ჩემ სახლთანაც რომ მოხდა, ამას უკვე სხვა პროფესია სჭირდება. ამიტომ, ასეთი შეკვეთილი მკვლელობები ჩვენთან ძალიან ცოტა იხსნება. იზრდება დანაშაული. თანაც ყველაზე საშიში იცით რა არის? - ყველა შესაბამის სახელმძღვანელოში წერია, რომ გაცილებით საშიშია კრიმინალური დანაშაული, ვიდრე სოციალურ ფონზე მომხდარი დანაშაულები - როდესაც ოჯახის ერთი წევრი მეორეს კლავს ან ცემს, ეს სულ სხვა რაღაცაზე მიანიშნებს, ეს მიანიშნებს ქვეყნის მოსახლეობის ფსიქიკური მდგომარეობის გადახრებზე. შვილი მამას კლავს, ქმარი ცოლს, ბაბუა შვილიშვილს და შვილიშვილი ბაბუას. განა რა უნდა დაგიშავონ ისეთი, რომ ეს ჩაიდინო, თუ სხვა ტიპის ფსიქიკური პრობლემები არ გაქვს?!
"გგონიათ, ევროპელებიც თავს მოიკლავენ საქართველოს გამო?! იტყვიან, არ გინდათ და ნუ გინდათ - ასეთი იქნება მათი პოლიტიკა. ზრდილობიანად გვეტყვიან, რომ საქართველომ ბევრი რამე გააკეთა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, სწორი გზით მიდიხართ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი გაქვთ გადასადგმელი ნაბიჯებიო"
_თემას რომ დავუბრუნდეთ და ჩემ დასმულ კითხვას - სწორი იყო სააკაშვილის საკითხის არხსენება აქციაზე? _ ეს სადავო საკითხია. შეიძლება ოპონენტებმა მითხრან, რომ ჩვენ პოლიტიზირება არ გვინდოდა, მაგრამ ევროკავშირისკენ სწრაფვა პოლიტიკა არ არის?! ევროკავშირის წევრობა რომ გინდა, ეს პოლიტიკა არ არის?! - აქაც არათანმიმდევრულობა იყო. 3 ივლისს იცით რა მოხდა საინტერესო, რაც შეიძლება ბევრმა არც იცის - მაშინ, როდესაც 10 000-ბით ადამიანი გამოვიდა ევროკავშირისკენ სვლის მოთხოვნით, მაშინ საქართველოდან რუსეთში წავიდა დელეგაცია პოლიტიკოსებით, მეცნიერებით და ექსპერტებით დაკომპლექტებული. პუტინის მიწვევით და დაფინანსებით წავიდნენ რაღაც ღონისძიებაზე. ისინი დღესაც მოსკოვში არიან. იქ არიან: „ალტ ინფოს“ წარმომადგენლობა, ცნობილი ექსპერტი დემურ გიორხელიძე... ჩემი აზრით, ყველაზე სკანდალური ფაქტია, რომ ამ დელეგაციაში არის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის - ტექნიკური უნივერსიტეტის ყველაზე დიდი დეპარტამენტის, რომელსაც ჰქვია ევროპის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი და მისი თავმჯდომარე, ქალბატონი კიკნაძეც წავიდა. მას ჩვენ ვუხდით ხელფასს, იმიტომ, რომ სახელმწიფო დაწესებულებაა. თუ ელენე ხოშტარიას ოჯახი რაღაც მემკვიდრეობით ღებულობს ფულს, სოლიკო ვირსალაძის გამო და თუ ეს ამორალურია, მაშინ რატომ არ არის ამორალური პუტინის რბილი ძალა?! კი ბატონო, დამოუკიდებლები წავიდნენ - დემურ გიორხელიძეს აქვს უფლება, წავიდეს, „ალტ ინფოსაც“, მაგრამ სახელმწიფო მოხელეს - არა. მე ველაპარაკე ამ უნივერსიტეტის დეკანს და ისიც გაოცებულია, რბილად რომ ვთქვათ. ჩვენ ევროპისკენ მივდივართ და ამ ევროპის დეპარტამენტის დირექტორი მოსკოვში გარბის?! ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემა დაგროვდა და ესეც არის ერთ-ერთი. ამიტომ, მგონია, რომ ეს ყველაფერი ფართოდ უნდა იყოს განხილული.
"მაშინ, როდესაც 10 000-ბით ადამიანი გამოვიდა ევროკავშირისკენ სვლის მოთხოვნით, მაშინ საქართველოდან რუსეთში წავიდა დელეგაცია პოლიტიკოსებით, მეცნიერებით და ექსპერტებით დაკომპლექტებული. პუტინის მიწვევით და დაფინანსებით"
_ ისევ აქციას დავუბრუნდები და ვიკითხავ - ხომ არ მოვიდა დრო, რომ პოლიტიკოსები კულისებიდან გადმოვიდნენ ავანსცენაზე? _ რა არის იცით? რას გვიჩვენებს ისტორია? - ყოველგვარი ასეთი მასობრივი გამოსვლები თუ ეს არ ეხება სოციალურ საკითხებს და პროფკავშირების მიერ არ არის ორგანიზებული, მაშინ პოლიტიკოსების გარეშე ის არც ღვინოა და არც წყალი. ავიღოთ ევროპა - სად არ ჩანან პოლიტიკოსები? - იქ, როდესაც პროფკავშირები ატარებენ ღონისძიებას, გაფიცვაა და პროფკავშირები ამბობენ, რომ პოლიტიკოსები აქ არ დავინახოო. იმიტომ, რომ იქ პროფკავშირები პოლიტიკოსებზე უფრო დიდი და გავლენიანი ძალაა. მაგრამ ჩვენთან, როდესაც არც პროფკავშირებია ძალა და არც არაფერი... ეს აღმოჩნდა ერთჯერადი აქცია, გავა ერთი თვე ან ცოტა მეტი და ეს არავითარ კვალს არ დაამჩნევს შედეგის თვალსაზრისით. იყო სამი დიდი აქცია და შედეგზე გათვლის თვალსაზრისით რა შეცვალა მან?! ნურავინ დამიწყებს კამათს, რომ ამ აქციებმა დააჩქარა იმ 12 პუნქტის მიღება, რაზეც გამოცხადდა, რომ შეიქმნება კომისიები. ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა იცოდნენ, რომ თუ გინდა შენ რაღაც პრობლემა ქრონიკად აქციო, კომისია უნდა შექმნა. მე შორს ვარ პოლიტიკისგან და ჯერ კიდევ 2 კვირის წინ თქვენ კოლეგებს ვეუბნებოდი, რომ არაფერი არ გამოვა აქედან, ვინაიდან მმართველ პარტიას პარლამენტში უკვე გააჩნია მისთვის საჭირო რამდენიმე ჯგუფი, რათა ევროპელებს უთხრას, რომ ჩვენ შევქმენით კომისია, სადაც ოპოზიციაც არის და ასევე მოძებნიან არასამთავრობოებს და ასე დაკომპლექტდება. _ ანუ, ამბობთ, რომ მართულ პარტიებს და მართულ არასამთავრობოებს შეიყვანენ, თუ სხვები არ შევლენ? _ მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის. პოლიტოლოგიისათვის ცნობილია, როდესაც წესიერი ხალხი თავისი გულუბრყვილობით თუ იმის გამო, რომ არაპროფესიონალია და პოლიტიკაში შემთხვევით არის, ერთვებიან რაღაც თამაშში. ლენინი ამას ცნობილ ტერმინს უწოდებდა, მაგრამ მე არ მინდა ეს ვაკადრო მათ. იმიტომ, რომ იქ ზოგიერთი მართლა წესიერი ადამიანია, იგივე ალეკო ელისაშვილი, ან თუნდაც „გირჩი“. დღეს ვუსმენდი „გირჩს“, რომ ვაჭრობაა და ჩვენ უნდა ვივაჭროთ, აბა რა უნდა ვქნათო?! მაგრამ ვის უნდა ევაჭრო?! ეს იგივეა, როდესაც ბაჭია დაუწყებს ვაჭრობას სპილოს... შენ რომ სამი კაცი გყავს პარლამენტში და მმართველ პარტიას 90, მოდი და ევაჭრე მას, ეს ვაჭრობა იქნება უსასრულო. სამაგიეროდ შედეგი რა არის? - მიმდინარეობს დისკუსია, პროცესი ხომ არის. აქ შედეგზე არაფერია გათვლილი, პროცესზეა. გგონიათ, ევროპელებიც თავს მოიკლავენ საქართველოს გამო?! იტყვიან, არ გინდათ და ნუ გინდათ - ასეთი იქნება მათი პოლიტიკა. უარს არ გეტყვიან, ჩამოვლენ აქ, ზრდილობიან სიტყვებს იტყვიან, გვეტყვიან, რომ საქართველომ ბევრი რამე გააკეთა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი გაქვთ გადასადგმელი, მაგრამ სწორი გზით მიდიხართო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირს ვჭირდებით ჩვენ, ძალიან ცდება, ჩვენ უფრო გვჭირდება ისინი ვიდრე ჩვენ.
"ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა იცოდნენ, რომ თუ გინდა შენ რაღაც პრობლემა ქრონიკად აქციო, კომისია უნდა შექმნა"
მე მიტინგებს ეჭვის თვალით ვუყურებ. სულ სხვაა, უკრაინაში მაიდანი რომ იყო. იქ სისხლისღვრა და მკვლელობებიც იყო, რისი მომხრეც არ ვარ, მაგრამ საბოლოო მიზანს მიაღწიეს. საინტერესო კონფერენციაა შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში, რომელიც რატომღაც თქვენ კოლეგებს არ აინტერესებთ. იქ ევროპა განიხილავს უკრაინის ეკონომიკის აღდგენის საკითხებს. კონფერენცია დაწყებული არ იყო, რომ გაცხადდა 750 მილიარდი დოლარი - ასე ამბობენ უკრაინელები, რომ ამდენი გვჭირდება აღდგენისთვისო. ევროპელებმა პირდაპირ უთხრეს - გინდათ ეს ფული? - მიიღებთ, ოღონდ რეფორმებიო, ვინაიდან სადღაც 70-ე ადგილზე ხართ კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, ოლიგარქები კიდევ არიან წარმოდგენილი თქვენ ეკონომიკაშიო. მისხალ-მისხალ ჩამოუთვალეს ყველაფერი, რაც გასაკეთებელი აქვთ და პირდაპირ უთხრეს, რომ თუ ამას გააკეთებთ ფული იქნება, თუ არ გააკეთებთ, არ იქნებაო. ჩვენთანაც ასეა, 12 რეკომენდაცია დაგვიდო და ევროპამ ეს დაივიწყა წლის ბოლომდე. ეს იცით როგორი არის? - ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ჯაველინი რომაა, რაზეც ამერიკელები ამბობენ: გაისროლე და დაივიწყე, ასე გვითხრეს ევროპელებმა და დაივიწყეს წლის ბოლომდე. წლის ბოლომდე ნახავენ რა გავაკეთეთ და გვეტყვიან კიდევ იმუშავეთო, როცა ნახავენ რომ შესრულებული არ არის ის რეკომენდაციები. _ ახლა რა უნდა გაკეთდეს? _ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს პროტესტანტი დეპუტატი დაბრუნდეს პარლამენტში და ისევ პარლამენტი იქცეს მთავარ სადისკუსიო ადგილად. ჯერ კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა, რომ მიტინგებს წარმატებით ჩაენაცვლებინოს პარლამენტი. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი