დღეს ზუგდიდმა სულუგუნის ფესტივალს უმასპინძლა. USDA-SQIL პროექტის ფარგლებში, ფესტივალი დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სულუგუნის გაწელვის სახალისო შეჯიბრი და გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც მონაწილე კომპანიების მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ.ფესტივალზე ყველაზე გრძელი სულუგუნი გაწელეს და მისმა სიგრძემ 8 მეტრი შეადგინა.ზუგდიდის მერმა ფესტივალის ორგანიზატორებსა და წარმოდგენილ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

,, დღევანდელი დღე პირდაპირ კავშირშია ჩვენი კულტურის სტრატეგიასთან. მოგეხსენებათ ჩვენი ერთ-ერთი მიზანსწრაფვაა ზუგდიდი გახდეს გასტრონომიის, ინოვაციების ქალაქი და დაიმკვიდროს მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე თავისი ადგილი. სწორედ ინტეგრირება მსგავსი პროექტების მოხდეს ჩვენს სტრატეგიაში, აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას და ყველის ფესტივალი იქნება ზუგდიდისთვის გარკვეული ტრადიცია“-აღნიშნა მერმა.

USDA-SQIL პროექტს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.

ინფორმაციას და ფოტოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს