იტალიის ქალაქ აკვა ტერმეში სენიორთა შორის ევროპის საჭადრკო ჩემპიონატი მიმდინარეობს

ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში +65 წლის ასაკის სენიორთა ღია პირველობის (კაცები და ქალები ერთად) მონაწილე ნონა გაფრინდაშვილის მეტოქე მასპინძელი ჰექტორ ჯაკომინი იყო.

პარტიის 29-ე სვლაზე, როდესაც ნონა გაფრინდაშვილი მეტოქის მეფის მისადგომები მორყეული ჰქონდა და შეტევისთვის ემზადებოდა, მოწინააღმდეგემ დაცვაზე ფიქრს პაიკის მოგება ამჯობინა, რაც, როგორც პარტიის მსვლელობამ აჩვენა, შეცდომა იყო.  ნონა გაფრინდაშვილი მეთოდურად აძლიერებდა დაწოლას მეტოქის პოზიციაზე და 49-ე სვლაზე გარდაუვალი შამათის წინაშე მდგომ ჯაკომინის დანებება აიძულა.

ბოლო ტურის წინ სლოვაკ ლუბომირ ფტაჩნიკს და ინგლისელ ტერი ჩეპმენს, რომლებიც ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან,  6.5-6,5 ქულა აქვთ. ნონა გაფრინდაშვილი მათ ქულით ჩამორჩება და საპრიზო ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. ქალთა შორის ევროპის ჩემპიონობისთვის მებრძოლ უახლოეს მდევარს, გერმანელ გიზელა ფიშდეკს იგი ნახევარი ქულით უსწრებს.

ხვალ ნონა გაფრინდაშვილი ტურნირის მონაწილეთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინგლისელ გროსმაიტერს, ჯონ ნანს ხვდება. მას 6 ქულა აქვს და პირველობისთვის იბრძვის.

5 ქულა აქვს ამავე ჯგუფში მოასპარეზე ვარლამ ვეფხვიშვილს. მან დღეს ნიდერლანდელ სანდერ ჰილარიუს მოუგო.

+50 სენიორთა ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ ზურაბ სტურუას და კიდევ ხუთ მოჭადრაკეს 6.0-6.0 ქულა აქვთ.