ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა აქვეყნებს.

იტალიური პრესა იუწყება, რომ პაოლო მალდინის და „მილანის" ძირითად მფლობელს, ამერიკულ კომპანია RedBrid Capital Partners-ს შორის კონფლიქტი დასრულდა „მილანის" ტექნიკური დირექტორის, პაოლო მალდინის და სპორტული დირექტორის, ფრედერიკ მასარას კლუბიდან დათხოვნით.  

RedBrid Capital Partners-ის დამფუძნებელი და მფლობელი ჯერი კარდინალე სეზონის ბოლოს იტალიაში იმყოფებოდა და გუშინ „მილანის" ტექნიკურ დირექტორს, პაოლო მალდინის შეხვდა. პრესის თქმით, მათ შორის შეხვედრამ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა და არ მოხერხდა კლუბთან დაკავშირებით მათი განსხვავებული შეხედულებების დაახლოება. 

მალდინი წინა ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ იმედგაცრუებულია სატრანსფერო სახსრების ნაკლებობით და მოუწოდა მფლობელებს მეტი თანხის ინვესტირებისკენ, რათა კლუბი უფრო კონკურენტუნარიანი ყოფილიყო როგორც ლიგაში, ასევე ევროპაში.

შეხვედრამ, როგორც პრესა წერდა, სიტუაცია გააუარესა. მალდინის მხრიდან მეტი ავტონომიის და გუნდის გასაძლიერებელი ფინანსების მოპოვების მცდელობას RedBird მფლობელის, ჯერი კარდინალეს  და აღმასრულებელი დირექტორის,  ჯორჯო ფურლანის ხარჯების შემცირებისა და ბიზნესის არსებული მოდელის შენარჩუნებისკენ მიმართული  სტრატეგია დაუპირისპირდა. მათ ადრეც აღუნიშნავთ, რომ მალდინის შეთავაზებული სატრანსფერო ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი შარლ დე კეტელარეში დაიხარჯა და ბელგიელმა გოლი ვერ გაიტანა („მილანმა" „ბრიუგეს 35,5 მილიონი ევრო გადაუხადა. მან 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა) - „აიპრესი"). მილანმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია, მაგრამ მომავალ გათამაშებაში ადგილი „იუვენტუსისთვის" 10 ქულის ჩამოკლების წყალობით მოიპოვა.


კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. „მილანის" წამყვან ფეხბურთელთა შორის კი კლუბის მფლობელთა გადაწყვეტილებას მოწონება არ დაუმსახურებია. ლეაომ, რომელმაც ახლახან მოაწერა ხელი მალდინის მცდელობით 2028 წლამდე გაგრძელებულ კონტრაქტზე, უსიტყვო, ერთადერთ სმაილიანი ტვიტი გამოაქვეყნა.