ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში წლის რიგით მესამე სარეიტინგო ტურნირი დაიწყო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის

ასპარეზობის პირველ დღეს ხალიჩებზე 97-125კგ წონით კატეგორიების მოჭიდავეები ასპარეზობდნენ.

125კგ წონით კატეგორიაში სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა საკვალიფიკაციო წრეში 4:3 მოუგო ჩინელ ჟივეი დენს, მეოთხედფინალში სოლომონ მანაშვილს 8:3 სძლია, ნახევარფინალში კი უზბეკი ხასანბოი რახიმოვი აშკარა უპირატესობით, 10:0 დაამარცხა.

ფინალში გენო პეტრიაშვილმა უზბეკ სარდორბეკ ხოლმატოვს აშკარა უპირატესობით (12:1) სძლია და უულუ კოჟომკულის და რაატბეკ სანატბაევის სახელობის ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

სოლომონ მანაშვილმა გენო პეტრიაშვილთან შეხვედრამდე ყაზახ ომარ ეიუბოვს 3:0 მოუგო, რეპეშაჟში კი ჩენელ ჟივეი დენთან 2:9 წააგო.

ამ წონაში სულ 15 სპორტსმენი გამოდიოდა. მათ შორის იყვნენ პოლონელი რობერტ ბარანი (წააგო ხასანბოი რახიმოვთან) და მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტური (წააგო ჩინელ ბუჰეერდრუნ ბუჰეერდრუნთან.

97 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია.