შინაური ცხოველების მიტოვება შესაძლოა 500 -დან 3 ათას ლარამდე ჯარიმას დაექვემდებაროს

1636441385
პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვებამ, შესაძლოა, ადმინისტრაციული სანქციის დაკისრება გამოიწვიოს.
დეპუტატების: ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, შინაური ცხოველის მიტოვების შემთხვევა მეპატრონე ფიზიკური პირის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 1 500 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმე კი – 3 000 ლარით.
კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი მეპატრონეების მიერ მათი მიტოვებაა.
"ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ, პრევენციული მექანიზმი კი არ არსებობს.
კანონპროექტის მიზანია, მოქმედ კანონმდებლობაში განისაზღვროს პრევენციული მექანიზმი, რომელიც შინაური ცხოველის მეპატრონეს შეაფერხებს ცხოველის ქუჩაში მიტოვებისგან.
კანონპროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს მკაცრი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასასურველი ვითარების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ცხოველებისადმი, როგორც ცოცხალი, სულიერი არსებებისადმი დამოკიდებულების გაჯანსაღებას, საზოგადოებაში არსებული მანკიერი მენტალიტეტის შეცვლას და ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას". – წერია კანონპროექტში.
დაამტკიცებს თუ არა საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას, ჯერჯერობით, უცნობია.