საქართველოს საპატრიარქო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გათავაზობთ. 

"ა.წ. 26 ნოემბრის ღამეს ხაშურში ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც ჩვენგან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.

 

სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონოზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც... რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.

 

ამავე დროს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი გულისტკივილის გამოხატვისა და ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის.

ვიმედოვნებთ, ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი." - ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში. 
 

ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის  მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. 

საქართველოს პროკურატურამ, მონაზვნის  მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.