ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნებული ,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის“ დასკვნით საღამოებს მასპინძლობს. 6 ივნისს, პირველი ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელზეც მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებები შეასრულა თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა და სოლისტმა - მსოფლიოში აღიარებულმა ინგლისელმა პიანისტმა, კრისტიან ბლექშოუმ.

საღამოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფესტივალის ორგანიზატორებთან და თორაძეების ოჯახის წევრებთან ერთად, დაესწრო.კრისტიან ბლექშოუ მსოფლიოში აღიარებული პიანისტია, რომელსაც, როგორც სოლო შემსრულებელს, არაერთ ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული; ის წლებია გამოდის მსოფლიოში ცნობილ დირიჟორებთან და ორკესტრებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ იგი ლექსო თორაძის დიდი ხნის მეგობარი იყო და მისთვის ამ კონცერტში მონაწილეობა საპასუხისმგებლოსთან ერთად, ამაღელვებელიც იყო.

კრისტიან ბლექშოუ ფესტივალში მონაწილეობას დიდი სიხარულით დათანხმდა.,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ წელს პირველად იმართება და ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „თორაძის ფონდთან“ და ფონდთან ,,ქართული გალობა“ თანამშრომლობით მიმდინარე წლის 15 მაისს დაფუძნდა. ფესტივალი დიდი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძისა და მისი მამის, ლეგენდარული კომპოზიტორის, დავით თორაძის, ხსოვნას ეძღვნება.

ცხრა დღის მანძილზე ფესტივალმა უმასპინძლა კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავებს, ქართველ მუსიკოსებს, ფოლკლორის საღამოსა და მასტერკლასებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა მუსიკოსებმა ქართველი სტუდენტებისთვის ჩაატარეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფესტივალის ფარგლებში, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის დაწესდება სხვადასხვა სახის წამახალისებელი სტიპენდიები.,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ 30 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნა, 7 ივნისს კი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მევიოლინე მაქსიმ ვენგეროვისა და პიანისტ რუსტემ საიტკულოვის კონცერტით საზეიმოდ დაიხურება.