რეგიონის ქვეყნების მიერ 2013-2022 წლებში მიღებული აშშ-ის სასწავლო ვიზების რაოდენობით საქართველო ლიდერობს

აშშ-ის მიერ 2013-2022 წლებში რეგიონის ქვეყნების მოქალაქეებზე გაცემული სასწავლო ვიზების რაოდენობების შესახებ არსებული მონაცემების გაანალიზების შედეგად ირკვევა, რომ მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით ყველაზე მეტი F-1 კატეგორიის ვიზა (სტუდენტური ვიზები, აგრეთვე ვიზები გაცემული სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებზე) საქართველოს მოქალაქეებს აქვთ მიღებული.

საქართველოს მოქალაქეებზე 2013-2022 წლებში  F-1 კატეგორიის 2742 ვიზაა გაცემული. ყველაზე ნაკლები ვიზა (130) 2020 წელს გაიცა, ყველაზე მეტი (422) კი 2022 წელს.

F-1 კატეგორიის ვიზების აბსოლუტური რაოდენობები რეგიონის ქვეყნების მიხედვით ასეთია:

თურქეთი - 49 768
რუსეთი - 45 607
უკრაინა - 10 015
აზერბაიჯანი - 4 826
საქართველო - 2 742
ბელარუსი - 2 691
სომხეთი - 1 742
მოლდოვა - 731

ყოველ მილიონ მოსახლეზე (სიმარტივისათვის ვუშვებთ, რომ 2013-2022 წლებში რეგიონის ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობა იმდენივე იყო, რამდენიც 2023 წლის 1 იანვრისთვის) გაცემული F-1 კატეგორიის ვიზების საშუალო ყოველწლიურის მიხედვით რეგიონის ქვეყნები ასე განლაგდებიან:

საქართველო (მოსახლეობა 3,7 მლნ) - 74 
სომხეთი (მოსახლეობა 3,0 მლნ) - 58
თურქეთი (მოსახლეობა 88,2 მლნ) - 56
აზერბაიჯანი (მოსახლეობა 10,1 მლნ) - 48
რუსეთი (მოსახლეობა 146,4 მლნ) - 31
ბელარუსი (მოსახლეობა 9,2 მლნ) - 29
მოლდოვა (მოსახლეობა 2,6 მლნ) - 28
უკრაინა (მოსახლეობა 36,7 მლნ) - 27