შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული რ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა რ.ა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცურტავთან დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 1 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი". გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.