საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ელენე ღუდუშაური ესწრებოდნენ.

 შეხვედრის მონაწილეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ფორმატსა და კოორდინაციის მექანიზმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სისხლის სამართლის პოლიტიკას, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკას, ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, პროკურორების სპეციალიზაციას და სხვა საკითხებს.

 სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა და მის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები ხელშესახებ შედეგს მოიტანს ერთი მხრივ დაზარალებულთა, ხოლო მეორე მხრივ ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.