ჟურნალი საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით შეიქმნა. 

ჟურნალის პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის მოადგილეები, ჟურნალის ავტორები, რედაქტორები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მიმართა და პროკურატურას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საპროკურორო საქმიანობის და დანაშაულის პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის პირველი ნომრის გამოსვლა მიულოცა.

„საქართველოს პროკურატურა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აკადემიურ წრეებთან, უნივერსიტეტებთან, სტუდენტებთან და პროფესორებთან ურთიერთობას, რადგან  სწორედ ასეთი თანამშრომლობით არის შესაძლებელი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა და მათი გადაჭრა, რომელიც მართლმსაჯულების სფეროში მრავლად გვაქვს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ჟურნალის პირველი ნომერი მრავალფეროვანია და ბევრი საკითხია მიმოხილული“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ სწორედ აკადემიურ წრეებთან ერთერთი შეხვედრის დროს  გაჩნდა ამ ჟურნალის დაასრების იდეა და იმედი გამოთქვა, რომ  ჟურნალის გამოცემა რეგულარულად გაგრძელდება.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს და ჟურნალის გამოსვლა მიულოცეს, გენერაური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ გიორგი დგებუძემ, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორმა, კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მორის შალიკაშვილმა, პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსმა მირიან მეგრელიშვილმა.

საპროკურორო საქმიანობისა და დანაშაულის პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი პრაქტიკოსებსა და მკვლევარებს შესაძლებლობას აძლევს გაცვალონ ახალი ინფორმაციები, იდეები და მოსაზრებები საპროკურორო საქმიანობისა და დანაშაულის პრევენციის აქტუალური საკითხების შესახებ. ჟურნალი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, პრაქტიკოსი პროკურორების და გამომძიებლებისთვის, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.

ჟურნალის პირველ ნომერში საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა და სამართლის მკვლევართა 10 სტატია გამოქვეყნდა. სტატიები მრავალფეროვანია და შეეხება სისხლის სამართლის მიმართულების არაერთ სფეროს, როგორიცაა მატერიალური სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ვიქტიმოლოგია და სხვა.

ჟურნალზე მუშაობა გრძელდება და წელიწადში ორი ნომრის გამოცემა იგეგმება.