თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ და  თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სასარგებლოდ გადახდა დააკისრა. 

 კეზერაშვილს, ასევე, დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ბაჟის გადახდა 3 000 ლარის ოდენობით.

ხოლო საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე ნინუას მიმართ სააპელაციომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა. რის  გამო, უწყებამ  ალექსანდრე ნინუას 5 000 ლარი უნდა გადაუხადოს.

შეგახსენებთ, 2022  წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას სოლიდარულად დაეკისრათ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სამინისტროს სასარგებლოდ.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი. საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია „GIRWOOD BUSINESS CORP”- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (როგორც დაზარალებულმა პირმა) აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.