გურიის რეგიონში 50 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. სამუშაოების მიმდინარეობას, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით გეწაძე გაეცნენ.

,,გურიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ექვს სხვადასხვა ლოტზე მიმდინარეობს საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჯამში მოეწყობა დაახლოებით 50 კილომეტრი ასფალტის საფარი. პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურა და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ უსაფრთხო და კომფორტული გზებით", - აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

👉პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ჩოხატაური-ზომლეთის და ნასაკირალის საავტომობილო გზების მონაკვეთებს.