ჩვენ ძალიან მშვიდობიანი ადამიანები ვართ, საქართველო ბოლო წუთამდე მშვიდობიანია, უბრალოდ, ხელისუფლებას ვეუბნებით, აბა, ციც, რაღაც არ მოგვწონს თქვენი არამკვეთრი პოზიცია, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ეს არის უკრაინის მხარდაჭერა და ეს არის საქართველოს მხარდაჭერა, ეს არის პოზიცია, სულ ამბობენ, რომ ჩვენ ევროპელები უნდა გავხდეთ, არა, ჩვენ ვართ ევროპელები, ძირძველი ევროპელები ვართ. სამწუხაროდ, საუკუნეების მანძილზე ჯოჯოხეთი მტერი გვებრძოდა მართლმადიდებლობის ეგიდით ამოფარებული, თორემ სინამდვილეში ისინი მართლმადიდებლები არ იყვნენ, ისინი შეურაცხყოფდნენ ჩვენს ფრესკებს, ეკლესიებს, ვგულისხმობ მეზობელ რუსეთს. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩვენ პირველები ვიყავით რვა აგვისტოს, უბრალოდ, კარგად ვერ ვიყვირეთ როგორც ჩანს, იცით? თუმცაღა მაინც მოხერხდა, რომ სამ დღეში რაღაცნაირად ომი შეჩერდა. აი, აქ ხუთი პრეზიდენტი იყო ჩამოსული საქართველოს რომ მოშველებოდნენ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, დღეს უკრაინას ძალიან უჭირს, მთელი მსოფლიო დაუდგა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსაც უჭირს.

„მე რატომ ვაიგივებ ამას, რადგან ეს ის მტერია, ბურთი რომ ითამაშეს აფხაზეთში სტადიონზე, ის ყოველ წამს მზად არის, რომ აქ შემოვიდეს და კიდევ იგივე გაგვიკეთოს. ჩვენ პოზიცია უნდა ვთქვათ, ცივილურად, დემოკრატიულად, არა ომს, არა იმ შევარდნას, რასაც ის ახორციელებს საუკუნეების მანძილზე. რუსეთი, ავიწროებს ყველა ნორმალურ ქვეყანას და ჩვენ ვართ მედასავლეთეები, საქართველომ არ უნდა იცვალოს კურსი. ჩვენ ძალიან მშვიდობიანი ადამიანები ვართ, საქართველო ბოლო წუთამდე მშვიდობიანია, უბრალოდ, ხელისუფლებას ვეუბნებით რომ აბა, ციც, რაღაც არ მოგვწონს თქვენი არამკვეთრი პოზიცია. მკვეთრი პოზიცია ომის დაწყებას არ ნიშნავს, მკვეთრი პოზიცია ნიშნავს პოზიციის სწორ მხარეს დგომას, სწორად და დროულად გამოხატო, რომ შენ ხარ დასავლეთის კურსის მომხრე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.