„ლელოს“ წევრ საბა ბუაძესა და ოპოზიციონერ პარლამენტარ თამარ ჩარკვიანს შორის „ტვ პირველის“ ეთერში მწვავე დებატები მას შემდეგ დაიწყო, როდესაც საბა ბუაძემ განაცხადა, რომ „ლელო“ ვერასოდეს განიხილავს თავს წარსულის ოდიოზური ადამიანების გვერდით, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი.

ს. ბუაძე: პოლიტიკური რომანტიზმი უნდა დავასრულოთ, რომ უნდა გავერთიანდეთ, ჩავეხუტოთ ერთმანეთს. „ლელო“ ვერასოდეს განიხილავს თავს წარსულის ოდიოზური ადამიანების გვერდით, როგორიც არის ვანო მერაბიშვილი.

თ. ჩარკვიანი: ხომ იდექით აქამდე. ადგილობრივ არჩევნებში, არ იდექით? 

ს. ბუაძე: სად იყო მაშინ ვანო მერაბიშვილი?!

თ. ჩარკვიანი: მუდამ იყო, რადგან პარტიის დამფუძნებელია, თან მაშინ უკვე გამოსული იყო ციხიდან.

ს. ბუაძე: არ იყო, ეს არის ფაქტების დამახინჯება. კაცი დაბრუნდა, პიედესტალზე ავიდა ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებით. ამ კაცს რა ეტყობა, რომ საერთოდ რამე ისწავლა, ან რაიმე დასკვნა გამოიტანა. უკაცრავად მაგრამ თქვენ მერაბიშვილის მეგობარი ხართ, მისი ადვოკატი ხართ, მისი თანაგუნდელი ხართ?  

თ. ჩარკვიანი: მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც თქვენგან განსხვავებით დიდი წვლილი აქვს... თქვენი ლიდერი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს ემხრობოდა, მე „ძალა ერთობას“ ვემხრობოდი 2018 წელს და ჩვენ დავდეთ გამარჯვება.

ს. ბუაძე: ვისაც ემხრობოდით ის კაცი, გრიგოლ ვაშაძე დღეს არის „ქართული ოცნების“ გაგრძელება, ამით რომ იწონებთ თავს. დღეს მიშას შეწყალებას სთხოვთ სალომეს და გრიგოლ ვაშაძე არ გამიკვირდება, ივანიშვილის რომ ეჯდეს ფოიეში. რომ ამბობთ გამარჯვების ერთადერთი ალტერნატივა ენმ-თან გაერთიანებაა, ეს არის ხალხის მოტყუება.  სამი პუნქტი მაინც მითხარით, რის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ და რისი მიღწევაც გინდათ. თვალები გაახილეთ უფრო ფართოდ. 

თ. ჩარკვიანი: მე ვხედავ პუტინს მოსულს და პუტინზე მომუშავე ღარიბაშვილს. თქვენ წინ იხედებით დროზე ადრე, საბანს იყოფთ ჯერ  არ მოუგებულ ბრძოლაში, ეს არის სიმართლე. გაქვთ ამბიციები რაღაცა გაუგებარი.