„ვერ მოიტანთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ვინმეს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

 მისივე თქმით, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციისკენ ქმედითი ნაბიჯები გადადგა.

„ვერ მოიტანთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც პრემიერ-მინისტრისგან ან ნებისმიერი ჩვენი თანაგუნდელისგან, რომ ვინმეს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს. ჩვენ ვართ ის გუნდი, ხელისუფლება, ვინც მიისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ, იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ევროპულ, დიდ ოჯახში გაწევრიანება. რეალურად, ვისაც კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები აქვს გადადგმული, ეს არის „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მოყოლებული, მაგრამ არის მეორე თემა: ამ ადამიანებს არ სიამოვნებს, როდესაც სიმართლეს ეუბნებიან. მესმის, რომ მწარე მოსასმენია და რთულია მათთვის, თუმცა ჩვენ რომ ეს თავის დროზე გაგვეკეთებინა და სიმართლე გვეთქვა, თუნდაც ჩვენი მეგობრებისთვის, ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება არ ყოფილიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც ევროპარლამენტარების მისამართით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს უცხოელი მეგობრების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება გამოიხატა.

„ახლა გაიგეთ, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა? ახლა მოისმინეთ პირველად? მაკრონის განცხადებები არ მოგისმენიათ? სხვა, ჩვენი უცხოელი მეგობრების განცხადებები არ მოგისმენიათ ამასთან დაკავშირებით? ქალბატონ ვიოლას განცხადება არ მოგისმენიათ? რა თქმა უნდა, ევროპულ მომავალზე იყო საუბარი და მოვისმინე. არაერთი განცხადება მაქვს მოსმენილი. ზელენსკის განცხადება არ გაქვთ მოსმენილი? მესმის, რომ მწარეა სიმართლე და არ სურთ, მისი მოსმენა. ის უბედურება, რაც 2008 წელს მოხდა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ტერიტორიები დავკარგეთ, უამრავი ადამიანი დაიღუპა, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რა იყო, რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება. ეს არის რეალობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.