„ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. - ამის შესახებ  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

"ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმით, უკრაინა იცავს თავს გაერო-ს წესდების შესაბამისად და ველოდებით, რომ ნატო-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.