„მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრობდნენ პროფესიონალები, ექიმები და ექსპერტები. დღეს ჩვენ ისევ ზღვარზე ვართ სიძულვილსა და სახელმწიფოებრივ აზროვნებას შორის“,- განაცხადა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“  ფრაქციის წევრმა ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატების ფორმატში გამოსვლისას. მისი თქმით, სააკაშვილი სახალხო დამცველმაც მოინახულა და ისაუბრა მის მძიმე მდგომარეობაზე.

„ჩვენ შეიძლება განსხვავებული დამოკიდებულებები გვქონდეს პრეზიდენტს სააკაშვილის პიროვნებაზე,  განსხვავებული შეფასებები გვქონდეს მისი მმართველობის წლებზე, მაგრამ თქვენ ვერ გექნებათ  განსხვავებული პოზიციები იმაზე, როგორც ექცევა სახელმწიფო და ხელისუფლება დღეს პრეზიდენტ სააკაშვილს. ეს განსაზღვრავს, თუ რამდენად ვართ სახელმწიფო, შევდექით თუ არა, როგორც სახელმწიფო,  როგორც საზოგადოება სად ვართ და საით უნდა წავიდეთ“, - განაცხადა ანი წითლიძემ. მისი თქმით, შევარდნაძის ხელშეუხებლობა ამ ქვეყანაში იყო გარანტი იმისა, რომ  პოლიტიკური შურისძიება და ანგარიშსწორება უნდა დასრულებულიყო.