NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ვიდრე სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, უკრაინა ვერ გახდება ალიანსის წევრი.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ს ყველა წევრი ქვეყანა თანახმაა უკრაინა გახდეს NATO-ს წევრი, როგორც ეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ითქვა და მას შემდეგ არაერთხელ განმეორდა.

რაც შეეხება ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ "NATO-ში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ალიანსის გადაწყვეტილების მისაღებად კი საჭიროა კონსენსუსი".

"ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორ დაკმაყოფილდეს უკრაინის სწრაფვა NATO-ში გასაწევრიანებლად. არავის შეუძლია იმის თქმა, საბოლოოდ როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ვილნიუსის სამიტზე", - თქვა სტოლტენბერგმა.

მან ამასთან, აღნიშნა, რომ ახლა ნატო კონცენტრირებულია იმაზე, რომ "უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება, რადგან თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, მაშინ არაფერი იქნება განსახილველი", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.