ივლისში, NATO-ს ვილნიუსის სამიტზე, ბლოკის წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდებიან. ამის შესახებ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე ჩართვისას განაცხადა.  

მან აღნიშნა, რომ NATO-ს ქვეყნებმა თავდაცვაზე მშპ-ს მინიმუმ 2%-ის დახარჯვას, "რაც შეიძლება მალე, დაუყოვნებლივ, დიდი ხნის ლოდინის გარეშე" უნდა მიაღწიონ.

სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ NATO-ს კარი ღიაა და ვილნიუსის სამიტზე ქვეყნები შეთანხმდებიან უკრაინის მხარდაჭერის მრავალწლიან პროგრამაზე, რათა "უკრაინას დაეხმარონ დაშორდეს საბჭოთა სტანდარტებს, დოქტრინებს, აღჭურვილობას და NATO-სთან სრულად თავსებადი გახდეს."

სტოლტენბერგის თქმით, ეს უკრაინის NATO-ში შესვლას დააახლოებს.

"წევრობის კუთხით, ველი, რომ NATO-ს მოკავშირეები იტყვიან, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი... ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა", - აღნიშნა მან.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ NATO-ს ამოცანაა უკრაინას მხარი იმდენ ხანს დაუჭიროს, რამდენიც საჭირო იქნება.

"NATO-ს გადაუდებელი ამოცანაა უზრუნველყოს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომი მოიგოს... ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ომი, მაგრამ ვიცით, რომ როდესაც ის დასრულდება, აუცილებელია ისტორიის გამეორება თავიდან ავიცილოთ." - თქვა სტოლტენბერგმა.