მიჩიგანის შტატის პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეორეგისტრატორის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზედაც აღბეჭდილია გატაცებული ავტომობილის დევნის მომენტი.

„ნიუ-იორკ პოსტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიჩიგანის შტატის საგინოს ოლქის პოლიციას საავტომობილო უსაფრთხოების სერვისის მიმწოდებელი „ჯენერალ მოტორსის" შვილობილი კომპანია OnStar-იდან დაუკავშირდნენ და ბუენა ვისტაში მდებარე სახლიდან 2017 წელს გამოშვებული „ბიუკ ენკორეს" გატაცების შესახებ აცნობეს.

პოლიციამ გატაცებული ავტომანქანა შტატთშორის ავტომაგისტრალზე, OnStar-ის მიერ მითითებული გატაცების ადგილიდან დაახლოებით 20 კმ-ის დაშორებით შენიშნა და მისი შეჩერება მოინდომა, მაგრამ მძღოლი არ დაემორჩილა და გზა განაგრძო. პოლიცია მანქანას აედევნა, მაგრამ ფრთხილად მოქმედებდა, რადგან მას შოსეზე მოძრავი  სხვა ავტომობილის მძღოლებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ბიუკის" საჭეს პატარა ბიჭი მართავდა.

საბოლოოდ, OnStar-მა შეძლო მანქანას სვლის დისტანციურად შენელება და შეჩერება. პოლიციელების ცნობით, ავტომობილიდან ბავშვი გადმოვიდა და შეეცადა ფეხით განეგრძო გზა, მაგრამ იგი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ ნათესავებთან მყოფმა, 150 სმ-მდე სიმაღლის  10 წლის ბიჭმა ავტომანქანა გაიტაცა, რადგან დეტროიტში  (მანძილი ბუენა ვისტადან დეტროიტამდე, გუგლის რუკის მიხედვით, დაახლოებით 100კმ-ია - „აიპრესი") მყოფი დედის გვერდზე ყოფნა უნდოდა.