ამის შესახებ თურქეთის საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ" იუწყება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი გმობს მუსლიმთა წმინდა წიგნის ყურანისა და თურქეთის დროშის წაბილწვას. განცხადებაში სამინისტრო მოუწოდებს დანიის ხელისუფლებას, მიიღონ ქმედითი ზომები სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის და მომავალში მსგავსი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ იმ ფაქტს, რომ რამადანის თვეში, 31 მარტს, კვლავ განხორციელდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩვენი წმინდა წიგნის, ყურანისა და თურქეთის დროშის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „სიტყვის თავისუფლების საბაბით ამ საზიზღარ აქტზე ნებართვის გაცემა აბსოლუტურად მიუღებელია" და „ამგვარი მიდგომა ვერასდროს გამართლდება".

ეს ქმედება „აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროპაში ბოლო დროს ისლამოფობია, ქსენოფობია, დისკრიმინაცია და რასიზმი სულ უფრო ძლიერდება", - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამინისტროში დაბარებულ ანკარაში დანიის ელჩთან გამოხატეს მკაცრი პროტესტი  და დაგმეს „საზიზღარი თავდასხმა". 

დანიური პრესა ანკარაში დანიის ელჩის თურქეთის სამინისტროში დაბარების ფაქტს ეხმიანება და წერს, რომ კოპენჰაგენში, 24 და 31 მარტს, თურქეთის საელჩოს წინ ყურანს ცეცხლი წაუკიდეს და ბარბექიუს ერთჯერად ლანგარზე მოათავსეს და აგრეთვე თურქეთის დროშა ფეხით გათელეს.

პორტალი Berligske წერს, რომ ჯგუფმა „Patrioterne Går Live" („პატრიოტები პირდაპირ ეთერში") ფეისბუქზე ჯგუფში განათავსა ვიდეო, რომელშიც ჩანს „ერთი მუჭა ხალხის" მიერ ყურანის დაწვა და თურქეთის დროშის გათელვა.

ულტრამემარჯვენე „Patrioterne Går Live" ერთ-ერთი ვიდეოზე გაკეთებულ მინაწერში იმედოვნებს, რომ ამ ქმედების გამო მათ ზეცაში ხოტბას შეასხამენ.

ყურანის დაწვა თურქეთის გარდა იორდანიამ, მაროკომ, კატარმა, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, პაკისტანმა და სხვა მუსულმანურმა ქვეყნებმა დაგმეს.