BBC-მ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა. ჟურნალისტური გამოძიების ცნობით, ჯგუფ "მილტონის" კომპანიებთან კავშირების მოკვლევის დროს 5 პირი იკვეთება: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. როგორც BBC წერს, აღნიშნული პირებიდან ოთხს - ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი, - საბოლოოდ ერთ ადამიანამდე - დავით კეზერაშვილამდე მივყავართ.

"ჩვენ დავიწყეთ საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლით "მილტონის" ჯგუფის კომპანიებს შორის კავშირების დასადგენად. გამეორდა ხუთი სახელი, რომლებიც "მილტონის" სავაჭრო პლატფორმების დირექტორები ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების სიაში იყვნენ - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

ჩვენ ეს ხუთი სახელი მოვიძიეთ "პანამის დოკუმენტებში", რომელმაც 2016 წელს გაჟონა და რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ოფშორული კომპანიები. აღმოვაჩინეთ, რომ ოთხი მათგანი - ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი - ჩამოთვლილია, დირექტორებად ან უფროს ფიგურებად ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილი კომპანიების ჯგუფში, რომლებიც "მილტონის" ჯგუფამდე იყო.

ამ კომპანიებიდან მრავალი კი, ერთ ადამიანამდე მიდის - ეს არის დავით კეზერაშვილი, საქართველოს მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც ორი წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო".

BBC წერს, რომ მან არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეძლო, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს "მილტონის" ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო სერვერს, რომლის მომხმარებლები მხოლოდ "მილტონ" ჯგუფის კომპანიები იყვნენ. 

"არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს მილტონამდელ ქსელთან აკავშირებდა, მაგრამ როდესაც ჩვენ "პანამის დოკუმენტებს" გადავხედეთ, მისი სახელი კვლავ გამოჩნდა, როგორც ქსელში არსებული მშობელი კომპანიების დამფუძნებელი, ან ერთ-ერთის თავდაპირველი აქციონერები. კეზერაშვილი იმ ქსელის ცენტრში ჩანდა.

როდესაც საქმე "მილტონის" ჯგუფს ეხებოდა, ასევე არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან აკავშირებდა და არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონოდა "მილტონის" ბრენდებთან.

მაგრამ "მილტონთან" დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი "მილტონ ჯგუფში" იყო ჩართული.

კეზერაშვილი თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს ხშირად უწევს პოპულარიზაციას სოციალურ მედიის პირად ანგარიშებზე. LinkedIn-ზე მან თავისი ანგარიში ექსკლუზიურად სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და "მილტონთან" დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად გამოიყენა.

BBC-მ მოიპოვა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს "მილტონის" ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო ელფოსტის სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლები მხოლოდ "მილტონის ჯგუფის" კომპანიები იყვნენ", - წერს BBC.

როდესაც BBC-მ "მილტონის ჯგუფის" ოთხი უფროსი მამაკაცის სოციალური მედიის პროფილები მოიძია, საქორწილო წვეულებებისა და სხვა სოციალური ღონისძიებებიდან გამოქვეყნებული სურათებიდან ირკვევა, რომ მათ ყველას მჭიდრო სოციალური კავშირები ჰქონდათ კეზერაშვილთან. როგორც BBC წერს, კეზერაშვილი ფეისბუკში მეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებული არიან "მილტონ ჯგუფის" თაღლითებთან და BBC-ის მიერ გამოვლენილი ოთხი უფროსი ფიგურიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია.

BBC-მ კეზერაშვილთან საუბარიც ითხოვა, მაგრამ როგორც გამოცემა აღნიშნავს, უთხრეს რომ ის ხელმისაწვდომი არ იყო. მან BBC-ს თავისი ადვოკატების მეშვეობით განუცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს რაიმე მონაწილეობას "მილტონის ჯგუფთან".