Balenciaga უჩივის საპროდიუსერო კომპანია North Six Inc-ს და მათ დეკორატორ ნიკოლას დე ჟარდენს, რომელმაც ბავშვების მონაწილეობით სკანდალური გადაღება დაგეგმა. 

მოდის სახლი ირწმუნება, რომ მწარმოებელმა კომპანიამ ჩაიდინა "აუხსნელი ქმედებები და უმოქმედობები, რომლებიც იყო მავნე ან, უკიდურესად უგუნური". სარჩელი ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში 25 ნოემბერს შევიდა. Balenciaga-ს ადვოკატები 25 მილიონ დოლარს ითხოვენ რეპუტაციისთვის.

მოდის სახლი ამტკიცებს, რომ North Six Inc-ის არასწორი ქცევის შედეგად, საზოგადოებამ არასწორი ასოციაციები ჩამოაყალიბა ბრენდთან. გარდა ამისა, Balenciaga-მ მიიღო კრიტიკა სოციალურ ქსელებში და მედიაში. მოდის სახლს სურს, რომ მწარმოებელმა კომპანიამ აგოს პასუხი ყველა ზარალზე.

Balenciaga-მ წაშალა ფოტო კამპანიიდან ბავშვებთან ერთად და გამოაქვეყნა განცხადება: "ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს და ვიღებთ სამართლებრივ ზომებს იმ მხარეების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის შექმნასა და დაუმტკიცებელი ნივთების ჩართვაზე ჩვენს 2023 წლის გაზაფხულის კამპანიის ფოტოსესიაში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბავშვზე ძალადობას ნებისმიერი ფორმით. ჩვენ ვიცავთ ბავშვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას."

შეგახსენებთ, რომ Balenciaga-ს ბავშვების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ. კრიტიკა ბრენდის ახალმა კამპანიამ დაიმსახურა, რომელშიც ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობენ. დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა აცვიათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება.

ბავშვების ფოტოსესიის გამო, Balenciaga-მ ბოდიში მოიხადა.

"გულწრფელად გიხდით ბოდიშს ნებისმიერი შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ გამოიწვია. ჩვენი სათამაშო დათვების ჩანთები კამპანიაში ბავშვებთან ერთად არ უნდა გამოჩენილიყო. კამპანია ყველა პლატფორმიდან დაუყოვნებლივ წავშალეთ", – ნათქვამია ბრენდის განცხადებაში.