30 აპრილს თბილისში, მოძრაობა "აი ია" აქციას მართავს. 

"აიპრესთან" ინტერვიუში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პარლამენტის ყოფილი წევრი "ქართული ოცნებიდან" ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველო დამოუკიდებელი - სუვერენული ქვეყანაა და თითის ქნევით არავის მისცემენ უფლებას ელაპარაკონ ქართველ ხალს. 

 რა არის აქციის მიზანი?

მიზანია ის, რა გამოწვევებიც არის ქვეყნის წინაშე და რაც დაანონსებულია ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაიდანი, მეორე ფრონტი,  ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, უსამართლო რეზოლუციები, სანქციები, ეს ყველაფერი ქვეყნისა და ინსტიტუციების, სახელმწიფოს მიმართ გამოცხადებული დაწყებული ბრძოლაა. 

საზოგადოების პოზიციას, რომელიც აქამდე ძალიან ნეიტრალურ მდგომარეობაში იყო, ძალა ენერგია, რომელიც თითქოს დაქსაქსული იყო,  მას სურს თავისი ხმა გააგონოს ყველას, შინ თუ გარეთ, გამოთქვას თავისი პროტესტი და გააგზავნოს გზავნილები ქვეყნის შიგნით, ხელისუფლების მიმართ, საზოგადოების მიმართ, ჩვენი პარტნიორების მიმართ, ეგებ განსხვავებული აზრი აქვს ქვეყანას. ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს, არანაირ მეგობრობაზე და თანამშრომლობაზე ჩვენ უარს არ ვამბობთ, მაგრამ არა საკუთარი ქვეყნის განადგურების ხარჯზე. ვიმეგობრებთ ნებისმიერ თემაზე, მაგრამ ის რაც არის საკრალური თემები ქვეყნისთვის, ამის ხელის შეხების უფლებას ვერავის მივცემთ. ყველამ უნდა მიიღო ქვეყანა ისეთი როგორიც არის, არ უნდა ქვეყანას ომი, დაპირისპირება და უნდა მშვიდობა. მშვიდ ვითარებაში გააგრძელოს ცხოვრება და ვიზრუნოთ ქვეყნის პერსპექტივაზე. 

ქვეყანაში, მოსწონს ეს საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს თუ არა, მეორე პოლიტიკური ძალა არის "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც აცხადებს, თუ მსჯავრდადებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ, ასევე ამაზე საუბრობენ ევროპარლამენტარებიც, რომ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით საკითხი მოხსნილი იქნება...

პირველი - "ნაციონალური მოძრაობა" რას ლაპარაკობს მე არ მაინტერესებს, არანაირი მეორე ძალა ესენი არ არიან. თავიანთ დაქსასულობას, დაპირისპირებას და ურთიერთლანძღვას მიხედონ.

საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს! ამიტომ, ვინ რას მიგვითითებს, სწორედ ამაზეა ლაპარაკი და თითების ქნევა, ბრძანება... ჩვენ, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა როგორ უნდა მოვიქცეთ, ეს არის ქვეყნის უმრავლესობის გადასაწყვეტი. არავის არ ვაძლევთ უფლებას ილაპარაკონ ქართველი ხალხის და საზოგადოების სახელით, და ასეთ ბრძანებებს და მითითებებს კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებით არ ვიზიარებთ. მას ქვეყნის წინაშე ჩადენილი აქვს დანაშაული. მისჯილი აქვს სამივე ინსტანციით და იგივე გაიმეორა სტრასბურგის სასამართლომ. ის კრიმინალია და უნდა იჯდეს ციხეში. 

თქვენს მიერ 30 აპრილს დაანონსებული აქცია, ხომ არ გამოიწვევს დაპირისპირებას?

ჩვენი აქცია არანაირ დაპირისპირებას არ გამოიწვევს, რადგან ეს იქნება ისეთი ანგარიშგასაწევი ძალა, რომ ვის უნდა, ვის არა მას გაეწევა ანგარიში. ჩვენ არანაირ დაპირისპირებას არ ვგეგმავთ, მაგრამ, თუ ვინმე შეეცდება  დაპირისპირებას, არსებობს ბევრი საშუალება და მეთოდი, როგორ ავიცილოთ ეს ყველაფერი და როგორ გაეცეს ასეთ გამოწვევებს პასუხი.

თქვენი ყოფილი კოლეგა, "ნაცმოძრაობის წევრი" კობა ნაყოფია აცხადებს, რომ თუ საქართველოს სტატუსს ვერ მიიღებს, შესაძლოა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები იყოს... 

კობა ნაყოფია რას ლაპარაკობს არ მაინტერესებს. ჩვენ ასე შევთანხმდით და ვთანხმდებით საზოგადოება - ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და არჩევნების გზით ხდება ყველა პრობლემის მოწესრიგება, რა პრობლემებიც იქნება ქვეყანაში, სხვა ვითარებას არ განვიხილავთ და ვინ როგორ აანონსებს ვადამდელ არჩევნებს, ჯერ არჩევნებში ხომ იგებენ ისედაც და ახლა კიდევ რიგგარეშე არჩევნებში უნდათ მოგება... ეს არის თვალთმაქცობა, ამის სერიოზულად შეხედვა არ შეიძლება. როგორ გადაწყდება, რა გადაწყდება, ამას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს და არა ვინმე ადამიანი, რომელიც თქვენ დაასახელეთ. მისი აზრი მე პირადად არ მაინტერესებს. 

საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და შეიწყალოს მსჯავრდადებული "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი...

არავის საქმეში ჩვენ არ ვერევით. მე ვარ მისი ამომრჩეველი და 30 აპრილს ვაპირებ ჩემი მიცემული ხმა მის მიმართ, დავიბრუნო უკან. ამას მოვუწოდებ იქ მოსულ ადამიანებსაც. სახალხო ლეგიტიმაცია რომელიც ჩვენ მივანიჭეთ, სახალხოდ ჩამოვართვათ და მას არ ექნება უფლება ილაპარაკოს ქართველი ხალხისა და საზოგადოების სახელით. დანარჩენი იურიდიულად, მის კომპეტენციაში რა შედის, როგორ შედის ვერ ვერევით, მაგრამ ის დაკარგავს იმ ლეგიტიმაციას, იმიტომ რომ ის აღარ არის უკვე ქვეყნის პრეზიდენტი. იმიტომ რომ ის ვერ კითხულობს სწორად იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს. 

 BBC-იმ გამოაქვეყნა გამოძიება ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული, რომელსაც ქართულმა სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სასარგებლოდ გადახდა დააკისრა. 

როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

იმას რასაც ჩვენ ვამბობდით ყველაფერი ახდა, ქვეყანას 2003-2012 წლებში მართავდა ნაცფაშისტური, ბოლშევიკური ბანდა. ამ ბანდის ერთ-ერთი წევრი, რომელზედაც ძებნა იყო გამოცხადებული. საქართველო ითხოვდა კრიმინალის გადაცემას, მაგრამ, რატომღაც ჩვენმა პარტნიორებმა ბრჭყალებში ეს არ გააკეთეს. 

ჩვენ მათ ვეუბნებოდით რა ზარალი მიაყენა მან (დავით კეზერაშვილი)  თავის ქვეყანას ჯარის გაძარცვით და იმ ოპერაციებში მიღებით, რასაც ჰქვია ქვეყნის გაკოტრება. ვგულისხმობ ბიზნესს, ადამიანების დატერორება და მათი განადგურება, ანუ სიკვდილი. ახლა დარწმუნდეს და თავის თავზე იწვნიოს ჩვენმა ევროპელმა ბრჭყალებში პარტნიორებმა ვინ ჰყავთ შეფარებული, ვინ არის მათი მოქალაქე, რომელიც დაპარპაშებს ქვეყნიდან ქვეყანაში. ახლა იტირონ თავიანთი პენსიონერები, რომელიც "მისტერ ოფშორმა" დატოვა ცარიელზე. ეს მათი სადარდებელია. ჩვენ ვაფრთხილებდით და ვეუბნებოდით ვისთან აქვთ საქმე, შედეგი ეს დადგა. კეთილი ინებონ და მიხედონ კრიმინალს და დააბრუნებინონ ის თანხა, რაც მოჰპარა პენსიონერებს. 

ავტორი ირმა მესხია