მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "გირჩი" -ს ერთ-ერთი ლიდერი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს.  

ვახტანგ მეგრელიშვილი "აიპრესთან აცხადებს, რომ სანამ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, გაუჭირდება  ნაცმოძრაობას.

ითანამშრომლებს თუ არა "გირჩი" ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით "ნაციონალურ მოძრაობასთან"?

ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას. ჩვენ ყველა ადამიანთან, ვინც რეალურად პოლიტიკაშია, ვთანამშრომლობთ და მზად ვართ ვითანამშრომლოთ.

თქვენი აზრით როგორ ჩატარდა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში?

როგორ ჩატარდა არჩევნები? ჩემი აზრით ჯერ არაფერი დასრულებულა და არ ვიცით რა მდგომარეობაში იქნება ცოტა ხანში "ნაციონალურ მოძრაობა". მე ამ ვერსიას  გამოვთქვამდი არჩევნებამდე კარგა ხნის განმავლობაში. თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დარჩება, ძალიან გაუჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება. იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა აღიაროს ეს არჩევნები და თქვას, კი, ნამდვილად ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც მისი მხარდაჭერა აქვს. თუ ეს ახალარჩეული თავმჯდომარე, თავისი აქტიურობის  და რაღაც ფიზიკური შევარდნების მუქარებით ზაფხულამდე მივა და მიხეილ სააკაშვილი ისევ ციხეში იჯდება, მე არ მჯერა რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ხალხს ლეგიტიმაციას მისცემს. აქედან გამომდინარე, მგონი რომ ეს ისტორია ამ არჩევნების დასრულებასთან დაკავშირებით არ არის ჯერ ბოლოში გასული.

ჩემი წარმოდგენით, რაღაც კონფიგურაცია უნდა ჩამოყალიბდეს და ერთადერთი შანსი ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით არჩეული" ნაციონალური მოძრაობა" დარჩეს მიხეილ სააკაშვილის პარტიად, არის ის რომ მიხეილ სააკაშვილმა კურთხევა გასცეს და ამ კურთხევაში იქნება თავისუფლების საფასური...

"ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე საუბრობენ რომ არჩევნებში გაიმარჯვა არაფორმალურმა მმართველობამ და ფულმა.  ასეთი დამოკიდებულებით როგორი იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ბედი?

ჰოდა ამას გეუბნებით, მე არ წარმომიდგენია, რომ ეს ადამიანები დამოუკიდებლად რამეს გააკეთებენ მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმაციის თუ მხარდაჭერის გარეშე.

მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმაციის მიცემა შეიძლება მაგ შემთხვევაში, თუ მისი პრობლემა გადაწყდება. ციხიდან გამოვა. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" მოინდომებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის, კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" ჰყავდეს მთავარ ოპონენტად თავისი მიხეილ სააკაშვილიანად.

2024 წელს, თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იჯდება  ვერანაირი "ნაციონალურ მოძრაობა" ვეღარ შეასრულებს იმ საშიშროების, ბუას ფუნქციებს, რისთვის "ქართული ოცნება" ყველა არჩევნებზე გადიოდა 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ამ არჩევნებს კი არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, არამედ გაგრძელებას, როგორ დასრულდება ეს  პროცესი. მათ შორის ამის მთავარი მონაწილე არის „ქართული ოცნება“. ამას კიდევ ადასტურებდა ჩვენი მხრიდან , ის რომ გავტესტეთ "ნაციონალურ მოძრაობის" მხრიდან  არჩევნები, ვნახეთ, რომ ჩვენც შეგვეძლო  თავისუფლად მონაწილეობის მიღება  ამ არჩევნებში. რაც ნიშნავდა იმას, რომ "ქართულ ოცნებას" რა მასშტაბით შეეძლო ყოფილიყო ჩართული ამ არჩევნებში...

ამ არჩევნებს აქვს სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა. მსგავსი რამე რომ ყოფილიყო 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე, ასეთი მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ასეთი გაყალბება შესაძლებელი იყო, ჩემი აზრით 2020-ის მერე ოპოზიციის პოზიციები ბევრად მყარი იქნებოდა. დავამტკიცებდით რომ არჩევნები მართლა გაყალბდა. ეს არავის აინტერესებს.

წაგებულიც თანახმაა, მელიაც თანახმაა, ნონა მამულაშვილიც თანახმაა... ყველა თანახმაა, არავინ ამას არ აპროტესტებს. აქედან გამომდინარე ეს არჩევნები იწვევს სერიოზულ ეჭვის ნიშნებს. ის არის მანიპულირებული. ამაზე რომ პრეტენზია არავის არ აქვს, ეს ხომ საეჭვოა?

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, შეიძლება ყოველ წუთს მოკვდეს... მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენ ელოდებით რომ მიხეილ სააკაშვილი ამ არჩევნებთან დაკავშირებით იტყვის რამეს?

მე მაქვს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაელოდება იმ „მომენტს“ , რა დროსაც ჩათვლის რომ ან უნდა დაადასტურო, რომ კი, ეს ხალხი უზრუნველყოფს მის გათავისუფლებას, ან იტყვის, რომ ეს ხალხი მე საერთოდ არ წარმომადგენსო. როგორც კი ის ამას იტყვის, ამ არჩევნებს სრულად დაეკარგება მნიშვნელობა.

"შპიგელში" გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს შემდეგ, იყო საუბარი რომ მან ღიად მხარი დაუჭირა პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად ნიკა მელიას. თუმცა, მის მიერ შექმნილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მხარი დაუჭირეს შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს. 

ამ ყველაფრის შემდეგ, ხომ არ იქნება განაწყენებული სააკაშვილი პარტიის წევრებისგან, იტყვის რამეს?

წარმოდგენა არ მაქვს, მე არ ვარ მაგ პარტიის წევრი.

არ ხართ ნაცმოძრაობის წევრი, მაგრამ დატესტეთ ეს არჩევნები...

დავტესტე და ხომ აღმოჩნდა რომ გააყალბეს.

ახლა, ნაცმოძრაობის პარლამენტში ყოფნას აქვს რამე შედეგი?

(იცინის) იცით რა, მოვიდნენ, სადღაც 10 დღეში იქნება სესია და შევხვდებით ამ ნაციონალური მოძრაობის წევრებს. მერე უფრო მეტი გვეცოდინება. მართალი გითხრათ, არავინ მინახავს და ვერ გეტყვით რა ჭკუაზე არიან.

ავტორი ირმა მესხია