საქართველო ევროპული მომავლის უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა. ივნისში ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ეკუთვნის თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ამ ფონზე საქართველოსთან მიმართებით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რაც საქართველოში სულ უფრო და უფრო აშფოთებთ.
უკვე საქართველოს საგარეო გზასთან დაკავშირებითაც კი გაჩნდა კითხვა - საით მიდის ქვეყანა. ამ კრიტიკულ შეფასებებს ხელისუფლებაში კრიტიკითვე პასუხობენ და არც თუ ისე ხშირად ზღვარს გადასული კრიტიკით. ეს კი ოპოზიციის გაბრაზების მიზეზი ხდება. ამ ყველაფერს ფონად გასდევს ერთმანეთის მიუღებლობა, ამ დაპირისპირებაში კი სულ უფრო ნაკლებია ფოკუსირება ქვეყნის ინტერესებზე. იქონიებს თუ არა ხელისუფლების რიტორიკა და ხელისუფლება-ოპოზიციის კამათის ამგვარი ფორმა საბოლოო გადაწყვეტილებაზე? რა შანსი აქვს საქართველოს სტატუსის მისანიჭებლად და მოუწევს თუ არა რეფორმების გატარება? - ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი საუბრობს: _ გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების მწვავე კრიტიკა დასავლეთის მიმართ იმ შენიშვნებზე და ნაბიჯებზე, რასაც დგამენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ასეთი რამე არ შეიძლება. თქვენ ხართ დამოუკიდებელი ფიგურა, არ ხართ არცერთ მხარეს და ობიექტური შეფასების გაკეთება შეგიძლიათ. მოქმედებს ხოლმე თუ არა ამგვარ გადაწყვეტილებებზე ეს და რამდენად სწორია ხელისუფლების რიტორიკა? _ მე როგორც მივხვდი, შეკითხვაში თქვენ გულისხმობთ იმ კამათს და დისკუსიას, რომელიც ჩვენთან პარლამენტში და მაღალ დონეზე არის ხოლმე. გულახდილად რომ გითხრათ, ის ფაქტი, რომ ასეთ ემოციურ დონეზეა აწეული ეს საკითხი, ამაში გასაკვირი არ არის, რადგან ეს არის პრინციპული ხასიათის თემა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ, ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეს თემა გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის, თავისი პროგრამის წინ წამოსაწევად. აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, ამგვარ კამათს, რომელიც ჩვენთან არის, მნიშვნელოვნად იკარგება შინაარსი და მხოლოდ ემოციები გამოდის წინა პლანზე, ასევე ურთიერთმიუღებლობა პოლიტიკური ძალებისა, რაც აზიანებს საქვეყნო საქმეს. გულახდილად რომ ვთქვა მე ამას არც მივესალმები და არც მხარს ვუჭერ. _ ახსენეთ შინაარსი და არ თვლით, რომ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი ამ თვალსაზრისითაც? იგივე საზოგადოების ინფორმირების მიზნით, იმიტომ, რომ ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს ჰგონია, რომ ეს ფაქტობრივად წევრობას ნიშნავს, მაშინ, როდესაც აქამდე შორია. _ გეთანხმებით, რა თქმა უნდა, უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი. ის, რაც უნდა კეთდებოდეს, ამის ნაცვლად დღეს ცოტა უფრო... ასე, ვთქვათ სიტყვებით ფარიკაობა გვაქვს ჩვენ, ვიდრე რეალური საქმის კეთება, რომელიც მეორე პლანზეა გადასული. ამგვარი მიდგომა სწორი არ არის. ევროპული ინტეგრაცია ისეთი თემაა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ყოველდღიური საქმიანობის არსს უნდა წარმოადგენდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის, რაც თქვენ ბრძანეთ, სულაც არ არის საფუძველს მოკლებული. _ თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და როგორია თქვენი პროგნოზი - რამდენად რეალურია, რომ მოგვანიჭონ სტატუსი? _ მე ვფიქრობ, რომ რეალურია. მიუხედავად ჩემი ზოგიერთი უარყოფითი მოსაზრებისა, რაც ზემოთ გამოვთქვი. მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოო შედეგი მაინც პოზიტიური იქნება. იმიტომ, რომ მკვეთრად გაზრდილია რეგიონის მნიშვნელობა და დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ პროცესებს, რომელიც რეგიონში ვითარდება. საერთოდ, ევროპული ფენომენი - როგორც ევროკავშირი, ისე ნატო საბოლოოდ ერთ მიზანს ემსახურება, ეს არის თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ხვალინდელი ფორმირება. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელობა ექნება. ამიტომ, არსებობს საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ოპტიმისტები ვიყოთ. _ ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნები ხომ არ იქნება ჩვენს მიმართ, იგივე რეფორმების გატარების თვალსაზრისით? _ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იქნება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენი სამუშაო დასრულდა და საქმე გაკეთებულია, ძალიან ცდება. არა, ეს მხოლოდ სერიოზული, მაგრამ ერთი ნაბიჯია წინ. ბევრად მეტი და სერიოზული საზრუნავი გველის.
[caption id="attachment_480368" align="alignnone" width="1000"]                       "ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ევროკავშირის მოთხოვნები გაიზრდება და რეფორმების გატარება მოგვიწევს"[/caption]
  _ მაგრამ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმების ჩატარების მოთხოვნები უგულებელყოფილი იყო ხელისუფლების მხრიდან? რა თქმა უნდა, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ვგულისხმობ. _ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებული პროცესები ცოტა სპეციფიურია, ამიტომ მას ფართო პოლიტიკურ კონტექსტს ნუ მივანიჭებთ. აქ არ ყოფილა რეფორმებზე უარის თქმა, ეს იყო კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული რეფორმების გადავადება. ეს იყო მცდარი მიდგომა, მაგრამ ეს არ წარმოადგენს იმას, რომ რეფორმები არ გატარდება. _ ანუ, ხელისუფლებას მაინც მოუწევს კონკრეტული რეფორმების გატარება, ისეთი როგორიცაა სასამართლო რეფორმა, საარჩევნო და ა. შ? _ რა თქმა უნდა. ეს არ არის შარლ მიშელის დოკუმენტის დამსახურება, რომ ეს საკითხები წამოიწია, ეს ქვეყნისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. იქნებოდა თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტი, ამის მიუხედავად რეფორმები გასაკეთებელი იქნებოდა ყველა შემთხვევაში. ეჭვი მეპარება, რომ ვინმე ამას სხვანაირად უყურებდეს. ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ გონიერ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს ეს. _ ევროკავშირის მხრიდან გახშირდა გზავნილები, რომ მათ უკვე აღარ იციან ნათლად, საით მიდის საქართველო. მათ შორის ევროკავშირის ელჩმაც გააკეთა გუშინ ასეთი განცხადება. კარლ ჰარცელმა თქვა, რომ კითხვები გვიჩნდება, თუმცა ჩვენ მხარდაჭერას გავაგრძელებთო. როგორ უნდა გავიგოთ ეს განცხადებები? რატომ არის შეცვლილი დამოკიდებულება დასავლეთის მხრიდან? _ შეცვლილ დამოკიდებულებას არ დავარქმევდი. მათი მოთხოვნა ყოველთვის პრინციპული იყო და ახლაც პრინციპულია. ამგვარ მოთხოვნაში სწორედ ეს პრინციპულობა ჟღერს. ევროპა რასაც ჩვენგან ითხოვს, ეს არ არის უბრალოდ პედაგოგიური პროგრამის შემადგენელი ნაწილი. არა, ეს არის კარგად გააზრებული მოთხოვნა. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი სჭირდება საქართველოს, მის დემოკრატიულ მომავალს და საერთოდ ქვეყნის პერსპექტივას ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. _ ანუ, ეს ტაქტიკის საკითხია, რომ აქამდე უფრო რბილი ტონი იყო და ახლა გამკაცრებულია? _ არა, მე ამას ტაქტიკას არ დავარქმევ, უბრალოდ ეს არის მოთხოვნის ფორმა და არა შინაარსი. შინაარსია, ის, რომ თუ გვინდა, ევროპის ნაწილი ვიყოთ, მაშინ ქვეყანაში სიტუაცია ევროპული უნდა იყოს. ამის მიღწევა კი მხოლოდ რეფორმებით შეიძლება. _ თქვენც ხომ არ გიჩნდებათ ხოლმე გარკვეული კითხვები ქვეყნის გზასთან დაკავშირებით? _ არა და საერთოდ მიმაჩნია, რომ ამაში ეჭვის შეტანა... მე არ ვამბობ, რომ არ არის სწორი და ცოდვაა. არა, მაგრამ ამის საფუძველი არ არის და ამის ასე დანახვა არ იქნებოდა მართალი. პირიქით, მეტის მოთხოვნა გვჭირდება. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი