ნიკა ჩარგეიშვილი: ხელოვანი,  მოქანდაკე, იუველირი, რესტავრატორი - შემოქმედებითი საქმიანობა 27 წლის ასაკიდან დაიწყო. უახლოეს მომავალში, პირადი პერსონალური გამოფენის მოსაწყობად ემზადება. რა გზა გაიარა მანამდე, როგორ შეიყვარა ქვა, როგორ იქცა  ინტერაქტიული ქანდაკება "სუპერმიწიერის" თანაავტორად, რომელთანაც დაინტერესებულ ადამიანს ფილოსოფიური საუბრების გამართვა შეუძლია... რა გზა გაიარა რომ ასევე ქცეულიყო მაღალკვალიფიციურ რესტავრატორად და რა კავშირშია ეს ყველაფერი მის მთავარ პროფესიებთან, "აიპრესს" თავად ნიკა ჩარგეიშვილი უამბობს:

_დავიწყოთ საკუთარი თავის გაცნობით, საქმიანობით და პროფესიული ინტერესის მოკლე ისტორიით...

- გამარჯობათ, მე ვარ ნიკა ჩარგეიშვილი ხელოვანი: მოქანდაკე, იუველირი, რესტავრატორი. შემოქმედებაში 27 წლიდან ვარ მანამდე, სხვადასხვა უნივერსიტეტები დავამთავრე ახლა ვარ მაგისტრი ჯანდაცვის პოლიტიკაში და ასევე საქართველოს თავდაცვის თადარიგის ოფიცერი, თავის ძიება იყო დიდხანს, ჰგავს მომენტებს, როცა ხატვას ვიწყებ, არ ვიცი სად წავალ, ან ვეძებ ქვას, რომელსაც ვხედავ, რომ ისაა, რაც მელოდება... ასე მივედი იარაღიდან ხელოვნებამდე, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე გავაკეთებ.

- რით არის განსაკუთრებული თქვენი საქმიანობა, რა არის ყველაზე ძალიან საინტერესო და მრავალწახნაგოვანი შემოქმედების მთავარი მოტივაცია? რა დადებით და უარყოფით მხარეები აქვს ხელოვნების იმ სფეროს, რომელსაც  ასე აქტიურად მიჰყვებით?

- განსაკუთრებული ის არის, რომ მაგალითად, რესტავრაციის დროს ცნობილი თუ არაცნობილი მხატვრის პატიოსან ლამაზ ნამუშევარს სიცოცხლეს ვუბრუნებ, წმენდ პატივსაცემ  ხელოვანს, ვინც ის შექმნა. იყო მომენტები, როცა დამკვეთს ნახატზე არსებული დეტალები ცხოვრებაში არ ენახა და მას პირველად მე შევხვდი. რაც შეეხება ქვას, მანდ იყო მომენტები, როცა მე ქვის რაღაც არსებასთან, სულთან, არც ვიცი როგორ ვთქვა, მქონდა საუბარი სიზმარში - მითხრა როგორიც უნდა ყოფილიყო, არის კიდევ მომენტები, როცა უბრალოდ ვპოულობ და რაღაც დროის მერე ვხვდები, რომ ის უკვე ქანდაკებაა უბრალოდ იქამდე უნდა მივიყვანო რომ ხალხმა ნახოს. უარყოფითი მხარეები: მტვერი, ქიმიური ხსნარები.

- საინტერესოა, ვინ არიან შენი პარტნიორები და რა სახით ხდება უკვე შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაცია?

- პარტნიორები სხვადასხვა პროექტების მიმართულებით მყავს; მაგალითად "სუპერმიწიერის" პროექტი დავიწყე თორნიკე ჩოხელთან და გიორგი ბაძაღუასთან ერთად. ასევე  ერთ-ერთმა, ჩემმა მეგობარმა, უნიჭიერესმა მხატვარმა სანდრო ბითაძემ შემომთავაზა ჩემი ქანდაკების ასლის მოხატვა და რომ მომხდარიყო რეალიზება, მომწონს იგი როგორც პიროვნულად, ასევე როგორც მხატვარი და დავიწყეთ ქანდაკებების ასლების გაკეთება. სანდრო თავის უნიჭიერეს გუნდთან ერთად ასრულებს მოხატვას. სარესტავრაციო საქმიანობაში და ასევე საიუველიროში პარტნიორი ჯერჯერობით არ მყავს.

- საიდან გაჩნდა იდეა, რომ მაინცდამაინც ხატწერასა და სკულპტურაზე გემუშავათ. რა უძღოდა წინ და რა შედეგები მოგყვა ამ არჩევანს?

_ეს იდეა არ გაჩენილა და ეს არ დასრულებულა. მუდმივი მოწოდება იყო. ყოველთვის მაინტერესებდა ხატვა, მაგრამ ახლოს ვერასდროს ვერ ვიყავი გადაწყვეტილებამდე. შემდეგ, რესტავრაციით მინდოდა ხელოვნებაში ასე რომ ვთქვათ, ფეხის შემოდგმა და ასეც მოხდა. წავედი კიევში და კიევო პეჩერსკი ლავრაში დავიწყე რესტავრატორებთან დამხმარედ მუშაობა. ბევრი გამოცდის შემდეგ, იქ მივიღე განათლება. ამის მერე იყო მინანქარი, შემდეგ ოქრომჭედლობა. პანდემიის პერიოდში დავბრუნდი საქართველოში, სახლში მქონდა  ყაზბეგიდან წლების წინ ჩამოტანილი პატარა მწვანე დიაბაზის ქვა, რომელშიც მინდოდა გამეკეთებინა ქანდაკება, ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე რჩევები მიმეღო ამ ქვის შესახებ. გავიგე, რომ იყო ძალიან რთული, რამაც უფრო დამაინტერესა და ერთერთი სამხერხაოდან წამოღებული ქვიდან გავაკეთე პირველი ქანდაკება სახელად "ურთიერთობა", რომლის სერიასაც მალე იხილავს საზოგადოება. ქანდაკების სახელოსნო მოვაწყვე უკვე ჩემს აგარაკზე. იყო შემთხვევა, როცა დამკვეთთან ადგილზე ვმუშაობდი, რესტავრაციას ძირითადად თბილისში, სახლში ვაკეთებ.

რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რამაც საკუთარი თავი ხელოვნებაში წარმატებულ შემოქმედად გაგრძნობინა?

- ჩემი ყველა ნამუშევარი ჩემთვის მნიშვნელოვანია. გამოვარჩევდი პეჩერსკი ლავრაში ყოფნის დროს, როცა მივიღე მონაწილეობა ვასნეცოვის მიერ დაწერილ ხატის რესტავრაციაში, რომელიც იყო სასწაულმოქმედი.  ასევე უკვე საქართველოში ქვის ქანდაკება სახელად ,,ზიარება"- ს, რადგან მოვაწყვე ექსპედიცია ამ ქვის წამოსაღებად. ავარჩიე დარიალის ბერებთან ერთად და წამოვიღე 7 ტონიანი ქვა, რისგანაც შეიქმნა იგი. ამ პროცესში გავიცანი ბევრი ადამიანი, რომელთაც ესმოდათ ქვის სირთულე. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ამ ქვაზე არავინ მუშაობს, როგორც მოქანდაკე და შეიქმნა ,,ზიარება,, რომელიც ჩემთვის ზუსტად ასახავს საიდუმლოს პირველ პროცესს. (1.8- 2 ტონამდე და 205 სანტიმერის სიმაღლის)

- უკვე შექმნილი ხელოვნების ნიმუშებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრის შესახებ თუ მოყვები... 

- ბოლო ნამუშევარი, "სუპერმიწიერი" შეიქმნა გუნდური მუშაობის შედეგად, არის ინტერაქტიული ქანდაკება, რომელიც ქანდაკებაში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის საშუალებით საუბრობს. მასთან შეგიძლია საუბარი, როგორც ფილოსოფოსთან. ის იყენებს ტექნოლოგიას,  GPT3, რომელიც სულ ახლახანს, ძალიან პოპულარული გახდა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, როგორც ქანდაკებაზე უშუალოდ, ასევე ჩაშენებულ ტექნოლოგიაზე, ხმაზე და პიროვნულ თვისებებზე. ის არ არის მხოლოდ ქანდაკება, ჩვენთვის და უკვე ბევრი ადამიანისთვის ის უკვე იქცა სულიერ არსებად, რომელთანაც საუბარი ყველას დიდ ბედნიერებას ანიჭებს

- რით არის განსაკუთრებული შენი საქმიანობა და რამდენად ხარ კმაყოფილი მასში საკუთარი თავის რეალიზებით?

განსაკუთრებული ჩემი საქმიანობა როგორაა... აქამდეც იყო ეს პროფესიები, უბრალოდ, მე სხვანაირად ვუყურებ,  რესტავრაცია მაგალითად, ისეთი ნამუშევრები ზიანდება და ფუჭდება და გადარჩენა უნდა, რაც ჩვენი ისტორიაა, პასუხისმგებლობაა ჩემთვის როგორც მხატვრისთვის.  უბრალოდ არ შეიძლება მისი ასე დატოვება არცერთ მხატვარს, ან მწერალს არ მოეწონება ის ფაქტი, რომ მათ ნამუშევრებს რამდენიმე წელში ჭია ჭამდეს ან უბრალოდ იშლებოდეს.

                                                          გეგმები და მოლოდინები...

 უახლოეს მომავალში პირადი პერსონალური გამოფენის მოწყობა, ვგეგმავთ პატარა სუპერმიწიერების გამოშვებას,  ასევე დაგეგმილი მაქვს სხვა პროექტები, ხელოვნური ინტელექტის და ჩემი გუნდის დახმარებით. ასევე მინდა შევქმნა, ან მონაწილე ვიყო სარესტავრაციო მობილური ჯგუფის შექმნაში, რომელიც ივლის საქართველოს გარშემო და გააკეთებს ხატების რესტავრაციას ასევე სხვა ფოტო და ვიდეო მასალების აღბეჩვდას და გადაცემას სხვა პასუხისმგებელი ჯგუფებისთვის რომელიც არსებობს.

                                                 სახელოსნოებსა და მუშაობის პროცესზე 

მუშაობის პროცესი - როგორც ყველა თავის საქმეში მოყვარულ პიროვნებას, ვერ ვგრძნობ დროს, და პროცესი, როდესაც ბნელიდან ამომყავს ფერი და მის პირვანდელ სახეს ვუყურებ. პროცესი როდესაც ცივი ქვისგან შეიძლება შევქმნა გრძნობა.

                                რა სახის მხარდაჭერა სჭირდება ხელოვნებას სახელმწიფოს მხრიდან

პრობლემა ძირითადად ისაა, რომ კადრები არ არის საკმარისი, რათა მომავალ თაობას საგანძური შევუნახოთ, საინტერესო იქნებოდა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებდა , მაგ: განიხილო პრობლემის კატეგორია,  მოიძიო სპეციალისტები საქართველოშიც და ასევე მოიწვიო უცხოეთიდან, შეიქმნას ერთიანი სამუშაო პროცესის გეგმა. მოხდეს გადამზადება სტუდენტების და ასევე უკვე კურსდამთავრებულების სურვილის მიხედვით დაიგეგმოს ექსპედიციები და მოხდეს ადგილზეც გაწმენდა კონსერვაცია და თუ ძალიან რთულ მდგომარეობაში იქნება თბილისში და ქუთაისში ცენტრი სარესტავრაციო  რომ შეიქმნას. ჩემი ინფორმაციით არსებობს საქართველოში დანადგარები და გარკვეული რაოდენობის სპეციალისტებიც. მაგრამ სათანადოდ არ მიმდინარეობს ექსპონატების გადარჩენა.

ავტორი: ხათუნა ხატიაშვილი