თბილისის საქალაქო სასამართლომ მრავალთვიანი განხილვის შემდეგ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნიკა გვარამიას 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა. გადაწყვეტილებამ საზოგადოების ერთ ნაწილში უსამართლობის განცდა გააჩინა. ამას გარდა ბევრი კითხვები ჩნდება იმაზეც, რატომ გამოიტანა სასამართლომ განაჩენი მაინცდამაინც ახლა, როცა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია ევროკავშირთან დაახლოების გზაზე – კერძოდ მიიღებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს.
ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება თუ სამართლიანი გადაწყვეტილება და ხომ არ ფერხდება ამით საქართველოს ევროპული პერსპექტივა? - აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით "აიპრესთან" ინტერვიუში უფლებადამცველი სოფო ხორგუანი საუბრობს: _ რას ნიშნავს ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდება და როგორ ფიქრობთ, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება თუ პირიქით - სამართლიანი გადაწყვეტილებაა? _ პირდაპირ გეტყვით ჩემ შეფასებას. ამას შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური მართლმსაჯულება, შერჩევითი სამართალი ან უსამართლო მართლმსაჯულება. რომელიც მოგეწონებათ, ის დავარქვათ ამას. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, როდესაც უდანაშაულოს აპატიმრებ. მაგალითად, ბარქაიას ჩაუდო იარაღი და დაიჭირო იმიტომ, რომ პოლიტიკური ოპონენტია. ან მაგალითად გელა აბულაძეს დაიჭერ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. პოლიტიკური მართლმსაჯულება, შერჩევითი სამართალი ან უსამართლო მართლმსაჯულება არ არის მხოლოდ მაშინ, როდესაც უდანაშაულოს იჭერ იმიტომ, რომ პოლიტიკური ოპონენტია, ან გინდა რომ დასაჯო, ან უბრალოდ შურისძიების მიზნით. პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, როდესაც არ იჭერ სხვებს, რომლებსაც ასევე დანაშაული აქვთ ჩადენილი. _ ხელისუფლებაში მყოფ პირებზე, ან მათთან დაახლოებულ პირებზე მიანიშნებთ? _ კი არ მივანიშნებ, პირდაპირ ვამბობ. შენ შეიძლება მითხრა, რომ მედია მენეჯერობა არ არის ალიბი და მე გეთანხმები ამაში, რომ მედია მენეჯერობა არ არის ალიბი. თუ მედია მენეჯერი დანაშაულს ჩაიდენს, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს. ახლა მე დავსვამ კითხვას, პრემიერ ღარიბაშვილის ნათესაობა, მეგობრობა არის ალიბი? ან მაგალითად სუს-ის უფროსის ლილუაშვილის ახლობლობა, მეგობრობა ან ნათესაობა არის ალიბი? მაშინ რატომ არის ალიბი ეს მათთვის, ვინც მმართველ პარტიას ფინანსურ შეწირულობას უკეთებს. როდესაც ძალიან ბევრი ასეთი ფაქტია და ბევრი საქმეა გამოსაძიებელი... ბევრი კორუფციული საქმე ჯერ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და მერე წავიდეს სასამართლოში. განა ნაკლები დანაშაულია, როდესაც ომში მყოფ ქვეყანას ფულს ჰპარავ?! კი, ჩვენ არ გვაქვს საომარი მოქმედებები, მაგრამ არ ვართ ომში მყოფი ქვეყანა?! დიახ, ჩვენ ომში მყოფი ქვეყანა ვართ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. როდესაც ჩვენ რესურსს შენ ახლობლებზე ანაწილებ და მათზე, ვინც შენთვის მისაღებია, ეს ფულის მოპარვაა და ეს არის სწორედ შერჩევითი სამართალი. მე არ ვამბობ, რომ გვარამია უდანაშაულოა, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი. ძალიან ბევრი ადამიანი უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე! შერჩევითი სამართალი ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებს არ ასამართლებ, ვინც შენი ახლობელია, შენი პარტიის შემომწირველია, ან ვის მიმართაც სიმპათიით ხარ განწყობილი. როდესაც ამ ადამიანებს აარიდებ სამართალს და მხოლოდ ოპონენტებისთვის არსებობს, ან ვინც შენთვის მიუღებელია, ეს არის შერჩევითი სამართალი. _ ალბათ დროს და გარემოებასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ის ფაქტი როგორ უნდა გავიგოთ, რომ ამ საქმის განხილვა თვეებია გრძელდება და მაინცდამაინც ახლა გამოიტანეს განაჩენი, როდესაც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე უმნიშვნელოვანესი ეტაპი გვაქვს, ეს მხოლოდ დამთხვევაა? _ მოდით, მე არ წავალ შეთქმულების თეორიებში, რომ ახლა რატომ გააკეთეს. მე ასეთ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ისევე როგორც მე არ ვიცი, რატომ იყო ნიკა გვარამიას ხელისუფლება თავის დროზე მოძალადე ხელისუფლება და რატომ ჩადიოდა ძალადობას. მე არ ვიცი, ისინი მაშინ რატომ აკეთებდნენ ამას ან ახლა რატომ აკეთებენ ესენი ამას. რაც შეეხება ევროპულ არჩევანს. შენ თქვი, რომ დღეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ეს ჩვენ სულ გვაქვს. ეს არის ჩვენი არჩევანი და ამას ასეთი საკითხები, ვერ შეაფერხებს ვერანაირად. შენ მეტყვი, რომ იქ ჩვენ ხელისუფლება წარმოგვადგენს, მაგრამ ჩვენ - ხალხმა ბევრჯერ გავაკეთეთ ევროპული არჩევანი. ჩვენ გვინდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ. სამართლიანი სახელმწიფო გვინდა და ამ არჩევანს „ქართული ოცნება“ ვერ შეაფერხებს. პირიქით, კიდევ უფრო მეტად ხვდები ევროპული არჩევანის მნიშვნელობას. _ სასიკეთოდ ხომ არ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ფაქტი? იმ თვალსაზრისით, რომ ვუთხრათ დასავლელ პარტნიორებს, შეგვხედეთ რა დღეში ვართ და თქვენთან დაახლოებით, დაგვიცავით. _ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, ყველა შემთხვევა, ყველა დღე. პუტინის აგრესიას კარგი გაგებით ხომ ვიყენებთ? ხომ ვეუბნებით დასავლეთს - შეხედეთ, რა დღეში ვართ, ჩვენ თქვენთან გვინდა და დაგვიცავით. ასე თუ შევხედავთ, ყოველი დღე და ყველა საქმე უნდა გამოვიყენოთ ამისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ უსამართლობის განცდა ექნებათ იმ ადამიანებსაც კი, რომელთაც ბევრი პრეტენზია აქვს ნიკა გვარამიასთან. მე როდესაც ვამბობ, რომ ევროპა გვინდა, უპირველეს ყოვლისა სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფო მინდა. რა გარანტია მაქვს, რომ ვიღაცას არ მოეწონება რაღაც თქვენი, ვთქვათ თქვენი სახლი არ მოუნდება და თქვენ არ გახდებით უსამართლო სამართლის მსხვერპლი. თითქოს პრიმიტიული ჩემი მსჯელობა, მაგრამ ეს არის მთავარი არსი. თუ ვინმე იტყვის გვარამიაზე, რომ რა დამნაშავე არ არის და პასუხი არ უნდა აგოს? - რა თქმა უნდა, მაგრამ პარალელურად პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრმა დამნაშავემ, რომელიც ყოველდღიურად აზარალებს ამ ქვეყანას. იმ ადამიანებმაც აგონ პასუხი. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი