საქართველოში მწვანე ენერგეტიკის განვითარება, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისება, ენერგოეფექტურობა - ამ და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციებმა, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მომხსენებელთა შორის იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.   

საქართველოს ენერგეტიკის სექტორი განვითარების აქტიურ ფაზაშია. ჩვენ მიზანია  განახლებადი ენერგიის უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალის სრული და ეფექტური გამოყენება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის მიზნით,“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისი თქმით, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შემუშავდა და დამტკიცდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ითვალისწინებს ენერგიის განახლებადი წყაროების სიმძლავრის აუქციონების მოწყობას ინვესტორთა მოზიდვის მიზნით, ასევე, არატრადიციულ წყაროების განვითარებას, როგორებიცაა: წყალბადის, ბიოგაზის, ბიომასის, გეოთერმული ენერგიები და ა.შ.

„შემოთავაზებული სქემა ხელს უწყობს მოლაპარაკებებს და თანამშრომლობას ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც ეხმარება პოტენციურ ინვესტორებს დაფინანსების მოზიდვაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებისთვის. ასევე შევიმუშავეთ სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის -  ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის პროექტები. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას, როგორც განახლებადი ენერგიის საბოლოო მოხმარებაში, ისე ენერგოეფექტურობისა და სათბურის გაზების ემისიებისთვის,“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ მის როლს, როგორც მწვანე ენერგიის განვითარების ჰაბს რეგიონში. ამ მხრივ, ჩვენი რეგიონიდან ევროპაში მწვანე ენერგიის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს. ერთ-ერთ ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. შავი ზღვის კაბელი არა მხოლოდ მიწოდების მარშრუტების დივერსიფიცირებას ახდენს, არამედ ამცირებს მიწოდების რისკებს და  აქვს საქართველოსთვის დამატებითი შემოსავლის  დიდი პოტენციალი,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.