რამდენად მზად ვართ შენობებში მოწევის აკრძალვასთვის?-ინტერვიუ გიორგი ბახტურიძესთან

რამდენად მზად ვართ შენობებში მოწევის აკრძალვასთვის?-ინტერვიუ გიორგი ბახტურიძესთან

მიმდინარე წლის 1 მაისიდან დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევა იკრძალება, თუმცა არსებობს მცირედი გამონაკლისიც. მაგალითად, მოწევა დაშვებულია კაზინოებში. ამას გარდა, შესაძლებელია სიგარაბარებში სიგარას მოწევა, ოღონდ აღნიშნულ ბარებში საკვების შეკვეთა შესაძლებელი არ იქნება.

რამდენად მომზადებული ხვდება საქართველო „თამბაქოს კანონის“ ამომქმედებას და რა უნდა ვიცოდეთ კანონზე? - ამის შესახებ „აიპრესი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელს, "თამბაქოს შესახებ" კანონის ერთ-ერთ ინიციატორს გიორგი ბახტურიძეს ესაუბრა:

მიმდინარე წლის 1 მაისიდან დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევა აიკრძალება. რამდენად მომზადებული ხვდება საქართველო ამ პროცესს?

მრავალი წლის განმავლობაში მზაობას 4-5 კვლევის შედეგი ადასტურებს. რომლის მიხედვითადაც მოსახლეობის დაახლოებით 90 % მხარს უჭერს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე თამბაქოს მოწევა აიკრძალოს, ასევე რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვას და ა.შ.

მათ შორის ყველაზე კრიტიკული სეგმენტი რაც არის - რესტორნები და ბარები, იქ 80%-ია მხარდამჭერი. ამ 80 %-ს შორის არის მწეველების 60%, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი მიესალმებიან რესტორნებსა და ბარებში მოწევის აკრძალვას.

ეს კვლევები თქვენი ორგანიზაციის მიერაა ჩატარებული თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ?

სხვადასხვა საერთაშორისო დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ არის ჩატარებული.

ანუ საქართველოს მოსახლეობის მზაობა ამ საკითხზე საკმაოდ მაღალია. თუმცა ეს მზაობა პირდაპირ მზაობას არ ნიშნავს, ეს არის განწყობა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა თანხმდება, რომ ამის გაკეთება აუცილებელია და დაგვიანებულიც არის. მაგრამ, როდესაც კანონის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე მწეველები, მცირე ნაწილს გარკვეული აგრესია შეიძლება გაუჩნდეს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს იქნება მინიმალური და ეს რაიმე საზოგადოებრივ რეზონანსს არ გამოიწვევს.

განსაკუთრებული მზაობა შეინიშნება სამასპინძლო ბიზნესში. მაგალითად, თბილისსა და დიდ ქალაქებში მოწევა აკრძალეს დახურულ სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კანონი არ არის ამოქმედებული და მათ ამის ვალდებულება ჯერ არ აქვთ. ზოგს 3-5 წელია უკვე აკრძალული აქვთ, ვგულისხმობ კაფე-ბარებსა და რესტორნების ნაწილს. სხვათა შორის მათ რიცხვს შეემატა ქართული რესტორნებიც. გასულ წელს დაიწყეს აქტიურობა, ჯერ გამიჯვნა და ახლა უკვე აკრძალვაც. მიდის მუშაობა, რომ ამ კანონის არსის შესახებ გაიგონ განსაკუთრებით მათ, ვისაც ეს შეეხებათ. რა საჯარიმო სანქციებია, როგორ უნდა მოემზადონ და ა. შ. იქამდე მათთვის სპეციალური ბუკლეტები და მასალები იქნება მომზადებული, რათა ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ და გვერდში დავუდგეთ.

რაც შეეხება მთლიანად მოსახლეობას, მძლავრი საინფორმაციო საკომუნიკაციო კამპანია უნდა ჩატარდეს. ამის მზაობა, (მათ შორის ფინანსურიც) სახელმწიფოს მხრიდან არის.

როდიდან დაიწყება ეს კამპანია და რა ტიპის იქნება?

როგორც გითხარით ჩამოვივლით დიდ ობიექტებს და შევხვდებით რესტორნებისა და სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლებს. მოვახდენთ მასალისა და ინფორმაციის დარიგებას. ისევე როგორც მათ დატრენინგებას.

საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ინფორმაციას მიიღებს მოსახლეობის დიდი ნაწილი. იქნება ეს ტელევიზიით, სოციალური ქსელებით თუ ტრანსპორტში... ყველგან იქნება ამ კამპანიის ლოგოები, პოსტერები, საინფორმაციო მასალები და ა.შ. ყველასთვის ადვილად აღსაქმელი იქნება, რომ კანონი შედის ძალაში. ვვარაუდობთ, რომ კამპანიას უკვე მარტიდან დავიწყებთ.

კანონპროექტის განხილვისას მსჯელობდნენ გამონაკლისებზე. ეს ეხებოდა სიგარებს, ელექტროსიგარეტს და ა.შ. საბოლოოდ რაზე შეჯერდით ამ საკითხთან დაკავშირებით? მაგალითად, სიგარაბარებში იქნება დაშვებული სიგარის მოწევა?

გარკვეული გამონაკლისი წესები რჩება, თუმცა ის ჩვენი თანხმობით არ მომხდარა. ეს იყო დეპუატატების ერთი ნაწილის ინიციატივა. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ ახლაც. სიგარაბარებსა და კაზინოებში მოწევა დაშვებული არ უნდა იყოს. ამ პროცესს კატეგორიულად ვემიჯნებით. კაზინოებში დასაქმებული პირები სერიოზული ზემოქმედების ქვეშ არიან და მათი უფლებები აბსოლუტურად იგნორირებულია. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად შერყეული აქვთ. მათ მოვუწოდებთ, რომ მოგვმართონ და მათ სამართლებრივად დავეხმარებით, რომ მოწევის სრული აკრძალვა კაზინოებშიც მოხდეს უახლოეს პერიოდში.

ამას გარდა არის გარკვეული კატეგორია, სადაც შენობების გარეთაც აიკრძალება მოწევა 1 მაისიდანვე. ასეთი ადგილებია: სამედიცინო, კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ანუ მხოლოდ ამ დაწესებულებების შენობაში კი არ აიკრძალება, არამედ მთლიანად მის ტერიტორიაზე, იქნება ეს ეზო თუ მათი კუთვნილი სხვა ტერიტორია.

გამონაკლისს რაც შეეხება დაშვებულია პალიატიული და ფსიქიკური მზრუნველობის დაწესებულებებში, სადაც ცალკე პალატა შეიძლება იყოს გამოყოფილი.

კაზინოების თემას დავუბრუნდეთ. დღეს კანონში ასეთი ჩანაწერია, რომ ეს წესი საერთოდ არ ამოქმედდება თუ რამდენიმე წლის შემდეგ ამოქმედდება?

კანონის ამ რედაქციის თანახმად არ ამოქმედდება. ამიტომ, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ უახლოეს მომავალში ეს უნდა გადაიხედოს და კაზინოებშიც სრული აკრძალვა უნდა მოხდეს.

რითი იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა. რა არგუმენტები დაგისახელეს თქვენ?

არგუმენტი ჰქონდათ ის, რომ ეს არის დიდი ლიცენზირების საკითხი, ანუ ამ ხალხს რამდენიმე მილიონიანი ლიცენზია აქვთ. იქ ძირითადად უცხოელები შედიან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მოსახლეობის დიდი რაოდენობის მიდინება დიდი არააო. კაზინოც რამდენიმეა საქართველოს მასშტაბითო. ეს იყო არგუმენტი, თუმცა ჩვენ ამის წინააღმდეგებიც ვართ. ერთი ადამიანიც რომ ზარალდებოდეს, ჩვენთვის ის ერთი ადამიანი ყველაფერია!

ის, რომ იქ ძირითადად უცხოელები შედიან და არა საქართველოს მოქალაქეები, ეს უცნაური არგუმენტი არ არის?

აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ ვართ ჩვენ მაგ პოზიციაზე. იგივე პოზიცია გვაქვს სიგარაბარებთან დაკავშირებითაც. სიგარაბარები იქნება ლიცენზირებადი საქმე, ანუ შესაძლოა სპეციალური სიგარაბარები გაიხსნას, შეიძლება არც იყოს.

ეს საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი?

კანონში წერია, რომ შეიძლება იყოს სიგარაბარები დაშვებული, სადაც არ შეიძლება სხვა სახის თამბაქოს მოხმარება დაშვებული და ასევე არ შეიძლება საკვების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი რესტორნები და კაფე-ბარები სიგარაბარებად გადაიქცევიან. ამიტომ, მკაცრად განისაზღვრა რეგლამენტი. სიგარაბარის გახსნა ობიექტს შეეძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სიგარიდან შემოსავალი მისი ბრუნვის მინიმუმ 15%-ია. შესაძლებელი იქნება მხოლოდ სიგარისა და ალკოჰოლური სასმელის მოხმარება.

ვინმეს ინტერესი ხომ არ არის ეს ბიზნესი?

იყო კონკრეტული პოლიტიკური პირების ინტერესი, რომ მათი სიამოვნებისთვის მომხდარიყო ეს.

ბიზნესინტერესი ან ლობირება არ ყოფილა?

არა, სიგარა არ არის ჩვენთან განვითარებული.

თუმცა, ხომ შეიძლება რომ სიგარეტი სიგარამ ჩაანაცვლოს სპეციალიზებულ ბარებში?

ეს გამორიცხულია. ეს მაინც გარკვეული სეგმენტისთვის არის განკუთვნილი. ძვირადღირებულია, მას აქვს მოხმარების თავისი წესები. კულტურა რომ გადაკეთდეს და მასობრივად სიგარას მომხმარებლები გავხდეთ ეგ გამორიცხულია. ჩვენ ამ სიგარაბარების არსებობის წინააღმდეგებიც ვართ და უახლოეს პერიოდში დავსვამთ საკითხს, რომ სიგარაბარების არსებობაც აიკრძალოს.

ღია სივრცეებს რაც შეეხება როგორიც არის სტადიონები, პარკები და ა.შ. იქ 2020 წლისთვის იგეგმება კანონის ამოქმედება. რატომ?

ნუ შევურევთ ერთმანეთში. არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ პარკებში მაისიდანვე აიკრძალება მოწევა.

სტადიონებს რაც შეეხება, იქ 2020 წლიდან აიკრძალება. თუმცა, აიკრძალება ტრიბუნებზე მოწევა. ტრიბუნების გარეთ იქნება მოსაწევი ადგილები და მხოლოდ იმ ადგილებში შეეძლებათ მოწევა. ტრიბუნებზე ასეთი ადგილები არ იქნება!

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში როგორ იქნება?

კანონის მიხედვით სასჯელაღსრულების სისტემა წყვეტს, სად აკრძალოს, სად დაუშვას, რა რეჟიმისა და რა სახის რეგულაციები იყოს. პირველი ვინც ამ კანონის მიღებას გამოეხმაურა, სწორედ სასჯელაღსრულების სისტემა იყო, რომელმაც გადადგა ნაბიჯები და გარკვეული საკნები გამოყო არამწეველთათვის. ამას ჩვენ მივესალმებით და იმედი გვაქვს საკმაოდ გაფართოვდება წრე, რომ არამწეველი ადამიანები ცალკე საკნებში იყვნენ.

შსს-თანაც თუ გაქვთ დაწყებული მუშაობა იმისათვის, რომ კანონის აღსრულება ეფექტურად მოხდეს და მუდმივი მონიტორინგი ხორციელდებოდეს კანონის აღსრულებაზე?

ჩვენ ყველანაირად გვერდში დავუდგებით, თუმცა ძირითადი აღმასრულებლები ისინი არიან. მიდის რეფორმირება შსს-ში უბნის ინსპექტორებისა და მათი ფუნქციების. მათ შესაძლებლობა ექნებათ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე ყველა ობიექტი პროაქტიურად შეამოწმონ.

თუ დაიძაბა სიტუაცია და არ ემორჩილება მწეველი ადმინისტრაციის მოწოდებას იგივე კაფე-ბარში, რესტორანში თუ სხვაგან და ადმინისტრაცია ამოწურავს თავის შესაძლებლობებს, მათ შეუძლიათ გამოიძახონ პატრული, რომელიც შესაბამის ფიზიკურ პირს პატრული დააჯარიმებს. თუ შეტყობინების უფლებას არ გამოიყენებს ობიექტი და შემოვლაზე იქნება უბნის ინსპექტორი, თუ შსს-ს სხვა სამსახურის წარმომადგენელი, მაშინ ეს ობიექტი დაჯარიმდება და მას დაეკისრება პასუხისმგებლობა.

თამბაქოს მწარმოებელი კომპანიებიდან რა წინააღმდეგობას ხვდებით? ხომ არ გქონიათ მცდელობა, რომ თამბაქოს რეგულაციების აუცილებლობაზე ინფორმაცია მათთვისაც მიგეწოდებინათ?

ეს კითხვა ჩვენ არ გვეხება. ჩვენ არანაირ კომუნიკაციაში ან ურთიერთობაში ამ ბიზნესთან არ შევდივართ. ეს არის ოფიციალური ნარკოკარტელი, კრიმინალური დაჯგუფებები. საერთაშორისო დონეზე ეს ცნობილია. იარაღისა და ნარკოტიკების მერე თამბაქოს ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფია. მათთან არანაირი ურთიერთობა არ გვქონია და არც გვექნება, ეს არის გამორიცხული. ჩვენ არ ვართ თამბაქოს მოყვარულთა კლუბი. ჩვენ ვართ თამბაქოს კონტროლის ალიანსი. „მგლის თავზე სახარების კითხვას ჩვენ არ ვაპირებთ“.

მზადდება ახალი რეგულაციები, იმედია მთავრობა დაამტკიცებს მას. ამ რეგულაციის მიხედვით, სახელმწიფო სამსახურში, პარლამენტის წევრი იქნება, მთავრობის წარმომადგენელი, მოსამართლე თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ინიშნება თანამდებობაზე სახელმწიფო სამსახურში, ვალდებული იქნება დაიწყოს დეკლარირება, ჰქონია თუ არა მას ურთიერთობა მთავრობის ინდუსტრიასთან. ის პირები კი ვინც დასაქმდებიან თამბაქოს კონტროლის საკითხებში, მათ არ უნდა ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი თამბაქოს ინდუსტრიასთან. ისინი გარკვეული წლების განმავლობაში თამბაქოს ინდუსტრიაში დასაქმებულები არ უნდა ყოფილიყვნენ.

თუ რაიმე შემხებლობა ჰქონდათ თამბაქოს ინდუსტრიასთან, მაშინ რა მოხდება?

მათ აეკრძალებათ თამბაქოს კონტროლის საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება. ეს არის მსოფლიოს სტანდარტი. ეს გადმოგვაქვს და ეს სტანდარტი უახლოეს პერიოდში მთავრობამ უნდა დაამტკიცოს!

კვლევა იმაზე თუ ყოფილა, თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების თანამშრომლები თავად თუ არიან თამბაქოს მომხმარებლები?

კვლევების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას. რომლის მიხედვითაც თამბაქოს წარმოებაში დასაქმებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა არამწეველია. მათ კარგად იციან, როგორ მზადდება, რა საშუალებებით და რა ქიმიურ დანამატებს, მომწამვლელ ნივთიერებებს ურევენ, იმისათვის რომ ილუზია შეუქმნან მწეველს თითქოს ისინი ნორმალურ თამბაქოს ეწევიან. ხარისხიანი და უხარისხო თამბაქო არ არსებობს, ნებისმიერი თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი, ჩვეულებრივი თუ ქიმიურად გაჯერებული, ყველა საბოლოო ჯამში ქიმიურად გაჯერებულია და სიცოცხლისთვის ზიანის მომტანია.

უსუფაშვილი:ავლაბრის რეზიდენციის გამოყენების და პარლამენტის ამუშავების უკეთეს ვერსიას დავდებ(ინტერვიუ)

უსუფაშვილი:ავლაბრის რეზიდენციის გამოყენების და პარლამენტის ამუშავების უკეთეს ვერსიას დავდებ(ინტერვიუ)

18 სექტემბერი, 2018

პრეზიდენტობის კანდიდატი „აიპრესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ავლაბრის რეზიდენციაში სახელმწიფოებრივი დარბაზები უნდა განთავსდეს და გამოყენებული იყოს სხვადასხვა სახელმწიფოებრივი საქმეებისთვის. ამასთანავე გაკეთდეს საპრეზიდენტო დარბაზი...

USD 2.6193
EUR 3.0693
GBP 3.4651
TRY 0.4172