ბათუმელმა თათია ბოლქვაძემ Wellesley College-ში 285 000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა

ბათუმელმა თათია ბოლქვაძემ Wellesley College-ში 285 000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის მოსწავლემ თათია ბოლქვაძემ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში 100 %-იანი დაფინასება მოიპოვა.

მანამდე კი ერთი წლის განმავლობაში სინგაპურში UWC South East Asia-ში სწავლობდა, სადაც სწავლის სრული საფასური 150 000 სინგაპურული დოლარის ოდენობით უფინანსდებოდა. 

თათიამ თავის წარმატებებზე და მიღწევებზე „აიპრეთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მიღებულ გამოცდილებასა და განათლებას თავის სამშობლოს მოახმარს.

„შარშან სკოლა ოქროს მედლით დავასრულე. სწავლის გაგრძელებას სამართლის ფაკულტეტზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვგეგმავდი. მთელი წელი ვემზადებოდი ეროვნული გამოცდებისთვის, მაგრამ ამავდროულად ნოემბერში UWC-ის - გაერთიანებული მსოფლიოს კოლეჯების პროგრამაშიც გავაგზავნე აპლიკაცია. \

ეს პროგრამა საქართველოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ყოველწლიურად საქართველოს ნაციონალური კომიტეტი დაახლოებით 7-8 ბავშვს არჩევს და UWC-ის 17 სხვადასხვა კოლეჯში 2 წლით სწავლის საშუალებას აძლევს სრულიად უფასოდ. 3 ტურიანი შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა, სინგაპურში, UWC South East Asia-ში სწავლის შემოთავაზება მივიღე სწავლის საფასურის, 150 000 სინგაპურული დოლარის სრული დაფინანსებით. 

საქართველოში ეროვნული გამოცდები მაინც ჩავაბარე და ჯავახიშვილში სამართლის ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტიც მოვიპოვე, მაგრამ სინგაპურში წამოვედი და უკვე მეორე წელია IB დიპლომის მოსაპოვებლად ვსწავლობ. თავიდან აქ სწავლა საკმაოდ რთული ჩანდა, პროგრამაც და სწავლის სისტემაც ქართულისგან აბსოლუტურად განსხვავებულია და პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მეგონა რომ წარმატების მიღწევა ძალიან გამიჭირდებოდა. საბოლოოდ, ბევრი შრომის შემდეგ ყველა საგანში მაღალი ქულების აღება შევძელი და ერთი თვის წინ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში, Wellesley College-ში გავგზავნე აპლიკაცია. Wellesley ამერიკაში მესამე საუკეთესო კოლეჯია და მის კურსდამთავრებულებს შორის არიან ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნები ჰილარი კლინტონი და მადელინ ოლბრაიტი, ასევე ცნობილი რეჟისორი ნორა ეფრონი და სხვები. მიუხედავად მაღალი კონკურენცისაა, იმედი მქონდა რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და მართლაც რამდენიმე დღის წინ Wellesley-სგან დადებითი პასუხი მივიღე, რომელიც სწავლას უფასოდ, 285 000 აშშ დოლარის სრული დაფინანსებით მთავაზობდა. 

შემოთავაზებას უკვე დავთანხმდი და Wellesley-ში სწავლას მომავალი წლის სექტემბრიდან დავიწყებ. ვფიქრობ, რომ პოლიტიკის მეცნიერებისა და განათლების ფაკულტეტებზე ვისწავლი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიმიღია. ამბიციური მიზნები არ მაქვს, მაგრამ მინდა განათლების მიღების შემდეგ საქართველოში დავბრუნდე და ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის განვითარებას მოვახმარო. რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასვლა არა მარტო რთულად, წარმოუდგენლადაც მიმაჩნდა, თუნდაც ამ ყველაფერთან დაკავშირებული ფინანსური მხარეების გამო, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან ეს არც ისე რთულია. UWC-ს მსგავს პროგრამებში მონაწილეობა ნამდვილად უამრავ ახალ საშუალებას აძლევს ბავშვებს და ასეთი პროგრამების რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ სწრაფად იზრდება. 

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ამერიკის უმაღლესი სასწავლებლების დიდი ნაწილი დაფინანსებების მხრივ ძალიან ხელგაშლილია, მის მისაღებად კი მთავარი მიზანდასახულობა, კარგი აკადემიური მოსწრება და აპლიკაციაში შენი ხასიათის ბოლომდე წარმოჩენაა”, - განაცხადა თათია ბოლქვაძემ. 

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

33 წუთის წინ

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველო-ისლანდიის თანამშრომლობის საკითხებზე. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ლინგვისტისა და მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის მოღვაწეობას, რომელსაც განსაკუთრებული...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186