სოფელ ტვიშის მოსახლეობა "ჯეოსელი"-სგან ანძის დემონტაჟს მოითხოვს

სოფელ ტვიშის მოსახლეობა "ჯეოსელი"-სგან ანძის დემონტაჟს მოითხოვს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის მოსახლეობა, სადაც დაახლოებით 150-მდე კომლი ცხოვრობს, კომპანია "ჯეოსელი"-სგან სოფელში დამონტაჟებული ანძის მოხსნას უკვე 2 წელია ითხოვს.

რამდენიმე დღის წინ, "აიპრესს" ადგილობრივები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ "2 წელია "ჯეოსელმა" სოფელთან შეუთანხმებლად, ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლში ანძა დაამონტაჟა, თუმცა არ მუშაობს, რადგან არასწორად არის დამონტაჟებული. ახლა გავიგეთ, რომ "ჯეოსელი" ანძის ასამუშავებად დანადგარის დამონტაჟებას აპირებს 200 მეტრის რადიუსში. ვითხოვთ, ანძა სოფელში არ დაიდგას. აქ არის ადგილი სოფლიდან მოშორებით, ტყეში, სადაც შეიძლება მისი დამონტაჟება. გვესმის, რომ ინტერნეტი და კომუნიკაცია კარგია, მაგრამ ანძა ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიშია და არ გვინდა სოფელში მისი არსებობა. 

უკვე 2 წელზე მეტია, გამგეობიდან ვითხოვთ პასუხს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო წერილით მივმართეთ "ჯეოსელს", ჯერ-ჯერობით, პასუხი არ მიგვიღია", - გვითხრეს ადგილობრივებმა. 

სოფელ ტვიშის პრობლემებთან დაკავშირებით, "აიპრესი" ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რეზო ბენიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ეს საკითხი 2 წელია აქტუალურია, თუმცა მოგვარების გზა სასამართლოა. 

"რამდენი ხანია ეს საკითხი წამოჭრილია. გადაჭრის ერთადერთი საშუალება არსებობს, მიმართონ სასამართლოს, ანუ კანონს, მაგრამ რატომღაც ამას არ აკეთებენ და მიკვირს, იმიტომ, რომ ეს ანძა უკვე მეორე წელია, რაც იქ დაიდგა. 

იცით, როგორ მოხდა ანძის დამონტაჟება? პრემიერმინისტრის პატრონაჟით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ტარდებოდა აქცია, თუ არ ვცდები 3G ინტერნეტის გავრცელების მიზნით. ჩვენთან, კერძოდ ტვიშში უნდა დაყენებულიყო ანძა. 22 მეტრამდე ანძებს ჩვენ ვაძლევთ ნებართვებს, წარმოდგენილი იყო საბუთები, მათ შორის ე. წ. სანიტარული პასპორტი, სადაც აღნიშნულია, თუ რა სიმძლავრისა ანძაა, ანუ ეს არის იმის ექსპერტიზა, რომ მავნებელი არ არის ეკოლოგიისთვის და ადამიანისთვის“, - განაცხადა ბენიძემ.

"აიპრესთან" ცაგერის გამგებელი განმარტავს, რომ სანამ ანძა დამონტაჟდებოდა, ადგილი ტექნიკურად შემოწმდა, ამის შემდეგ მოხდა მოლაპარაკება კერძო პირსა და კომპანიას შორის, რის შემდეგ დაიდო ხელშეკრულება.

"ჩემი სუბიექტური აზრით, უკმაყოფილების მიზეზი და სოფელში აზრთა სხვადასხვაობა სწორედ ამან გამოიწვია, რომ კონკრეტულ პირს, სადაც ანძა დგას, იჯარაში ფულს უხდიან, 500-600 ლარი რომელსაც მეპატრონეს უხდიან, სოფელში დიდი ფულია და ყველა ფიქრობს ანძა თავის მხარეზე გადმოიყვანოს, მაგრამ ამ ადამიანმა კანონის სრული დაცვით, თავის მიწაზე დაამონტაჟებინა და ჩვენც სრულიად კანონიერად გავეცით ნებართვა მშენებლობაზე. 

როდესაც ჩიხში შევიდა ეს ყველაფერი, მეც და რაიონის დეპუტატი, შევხვდით მოსახლეობას. ნახევარი სოფელი იძახის, რომ გვინდა ეს ანძა, მეორე ნახევარი იძახის, რომ არ გვინდა. ასეთ შემთხვევაში, მე ვუთხარი: თუ თქვენ თვლით, რომ ჩვენი მხრიდან, ნებართვა არასწორად არის გაცემული, მიმართეთ სასამართლოს. თუ ჩვენ არასწორად გავეცით ნებართვა, ჩვენ დაგვსჯიან, თუ არადა დაკმაყოფილდით იმით, რაც არსებობს.

ის, რომ დღეს ჯეოსელის ანძა არ ფუნქციონირებს, ჩემი პრობლემა არ არის. 

მეორე ანძის აღმართვის შესახებ არაფერი ვიცი, ჩემთვის ამის შესახებ არავის მოუმართავს. ახალი ანძის აღმართვასთან დაკავშირებით განცხადება არ შემოსულა. როგორც ექიმს, შემიძლია გითხრათ, ეს ანძა არც გარემოსთვის და არც ჯანმრთელობისთვის არის საშიში". 

"აიპრესთან" კომპანია "ჯეოსელი" სოფელ ტყვიშის მოსახლეობის პრეტენზიებს პასუხობს და აცხადებს:

"სოფელ ტვიშის ტერიტორიაზე რადიო საბაზო სადგურის მონტაჟის მიზანს წარმოადგენს იქ მცხოვრები მოსახლეობის გაუმჯობესებული სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებით უზრუნველყოფა. საბაზო სადგურის განთავსება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. ასევე, არსებობს სანიტარულ-ჰიგიენური დასკვნა, რომელიც ადასტურებს ანძაზე განთავსებული ანტენების/აპარატურის უსაფრთხოება-უვნებლობას გარშემო პირთათვის. 

აქვე გვინდა დამატებით აღვნიშნოთ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებული აზრი რადიო საბაზო სადგურების (ანტენების) მავნე გამოსხივებაზე, საფუძველს მოკლებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ხსენებული ანტენები წარმოებულია ევრო კავშირის მიერ მიღებული კონვენციის (საქართველო ამ კონვენციას შეუერთდა 1998 წელს) მიხედვით გაცემული სპეციალური ლიცენზიის და მკაცრი ნორმების დაცვით, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანებზე და გარემოზე სრულ უსაფრთხოებას. ანალოგიური ანტენები განლაგებულია მსოფლიოს ყველაზე ცივილიზებულ ქვეყნებში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და დიდ ქალაქებში, მათ შორის, თავად ჯეოსელის ადმინისტრაციულ შენობებზე. ჯეოსელი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ევროპული სტანდარტების მქონე კომპანია, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ, ხოლო, რაც შეეხება ჯანმრთელობასა და ადამიანების უსაფრთხოებას, ჯეოსელი არა თუ თავად იცავს ყველა ნორმას, არამედ მის კონტრაქტორებსაც კი მკაცრად სთხოვს იგივე სტანდარტების დაცვას და პერიოდულად აკონტროლებს, თუ რამდენად სათანადოდ არის აღნიშნული სტანდარტები დაცული მათი მხრიდან".

წყალტუბოს მერმა სოფელ ზარათშიახალი ხიდი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

წყალტუბოს მერმა სოფელ ზარათშიახალი ხიდი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

40 წუთის წინ

მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 30 კილომეტრით დაშორებულ მაღალმთიან სოფელში ხიდი მეწყერული მოვლენების შედეგად 1 ივნისს დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობას საფეხმავლო გზით უხდებოდა გადაადგილება წყალტუბოსა და ქუთაისის მიმართულებით.  ახალი ხიდის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072