როგორ დააფინანსებს სახელმწიფო ხეხილის ბაღების გაშენების მსურველებს

როგორ დააფინანსებს სახელმწიფო ხეხილის ბაღების გაშენების მსურველებს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ახალი პროექტის - "დანერგე მომავალი" - დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესი 6 მარტიდან დაიწყო.

რადგან "აიპრესზე" გამოქვეყნებულ მასალას ხეხილის ბაღების გაშენების მსურველებს სახელმწიფო დააფინანსებს მკითხველის მხრიდან დიდი ინტერესი მოყვა, გადავწყვიტეთ, მათ კითხვებზე გვეპასუხა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაფინანსების პირობები და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი თანადაფინანსების საკითხები გაგვერკვია.

საკითხის გასარკვევად სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მამუკა კვარაცხელიას დავუკავშირდით.

პროექტი "დანერგე მომავალი“ შედგება ორი ნაწილისგან, მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი და სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი. ბენეფიციარს ორივე კომპონენტით სარგებლობა ერთდროულად შეუძლია - სახელმწიფოს დაფინანსებით მოაწყოს, როგორც სანერგე მეურნეობები ასევე მრავალწლიანი კულტურების ბაღიც გააშენოს. ორივე კომპონენტს თავისი პირობები და შესაბამისობის კრიტერიუმები აქვს. პროექტი ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმშია და მისი განხორციელება მომავალი წლის გაზაფხულამდე იგეგმება. პროექტი 200-250 ბენეფიციარის თანადაფინანსებას გულისხმობს. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მისი გახანგრძლივება და გაზრდა იგეგმება. ბენეფიციარმა თანადაფინანსების პროექტის სარგებლობის სურვილით სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს უნდა მიმართოს. ბენეფიციარმა შესაბამისი პირობების დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინოს.

ბაღების თანადაფინანასების კომპონენტი

ბაღების დაფინანსების პროექტში, დაფინანსება შესაძენი ნერგების ღირებულების მაქსიმუმ 70%-ს შეადგენს, როგორც ნერგის ადგილობრი ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაშიც. დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი მიწის მოწყობა, მისი ღირებულების მაქსიმუმ 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 2500 ლარისა 1 ჰექტარზე. დანარჩენი ხარჯების გაწევა თავად ბენეფიციარს უწევს. ბენეფიციარს სახელმწიფო თანადაფინანსების, პარალელურად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით სარგებლობაც შეუძლია. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

მამუკა კვარაცხელია: "იმ შემთხვევაში თუ პოტენციური ბენეფიციარი ფლობს ნერგებს, გააჩნია საკუთარი სანერგე მეურნეობა მას შეუძლია მიიღოს მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისთვის თანადაფინანსება.

იმისთვის, რომ ბენეფიციარმა პროექტში მიიღოს მონაწილეობა, პირველ რიგში, ის საკუთრებაში მიწის ნაკვეთს უნდა ფლობდეს. ბენეფიციარს ასევე შეუძლია რომ მიწა იჯარის სახით ჰქონდეს სახელმწიფოსგან აღებული. - ამ შემთხვევაში იჯარით დარჩენილი პერიოდი მინიმუმ 10 წელს უნდა შეადგენდეს - რაც გამომდინარეობს იმ ლოგიკიდან, რომ პირველ მოსავალს გაშენებული ბაღი 4-5 წლის შემდეგ იძლევა. მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში და იყოს ლეგალიზებული. მიწის ნაკვეთის ფართობი მინიმუმ 5 ჰექტარს უნდა შეადგენდეს. ჩვენ მხოლოდ თანამედროვე, ინტენსიურ და ნახევრად ინტენსიურ ბაღებს ვაფინანსებთ, რომლებიც რეალურად კომერციული ბაღებია თავისი შინაარსით.

საქართველოს გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მიწის კონცენტრაცია საკმაოდ დაბალია და გამომდინარე აქედან 30-მდე მუნიციპალიტეტში გამონაკლისის სახით შესაძლოა მინიმუმ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. მათ შორის არის გურიის რეგიონი სამივე მუნიციპალიტეტი - ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური. იმერეთში - ბაღდათი, ვანი ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული და ხარაგაული. სამეგრელო ზემო სხვანეთში - წალენჯიხა, მარტვილი, მესტია და ჩხოროწყუ. აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი - ქობულეთი, ხულო, ქედა, ხელვაჩაური და შუახევი. ასევე ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, ახალციხე, ადგინენი და ბორჯომი - აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში თანადაფინანსებას ბენეფიციარი 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის არსებობის შემთხვევაშიც მიიღებს.

ბენეფიციარებს შეუძლიათ კოოპერატივებში გაერთიანება

თუ ბენეფიციარებს არ ყოფნით მიწის ნაკვეთი, რათა პროექტში მიიღონ მონაწილეობა მათ შეუძლიათ გაერთიანდნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში - თუ მათი მიწის ნაკვეთები მომიჯნავეა. ამ შემთხვევაში კოოპერატივის წევრების ქონება, მათივე საკუთრებად რჩება, თუმცა საქმიანობას ერთიანად აწარმოებენ და შესაბამისად თანადაფინანსებასაც ერთიანად იღებენ. ინტენსიური ბაღების დამახასიათებელ სისტემას წარმოადგენს სარწყავი სისტემის არსებობა. თუ მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავე არ არის და მათ ერთიანი სარწყავი სისტემა ვერ ექნებათ, შესაბამისად ისინი ერთ კოოპერატივში ვერ გაერთიანდებიან. აღნიშნული ეხება მიწის ნაკვეთებს, რომლებიც სოფლის სხვადასხვა მხარეს მდებარეობს.

რომელ რეგიონში რა ბაღების გაშენება დაფინანსდება

დადგენილია იმ სასოფლო სამეურნეო კულტურების პირველადი სია. სია რეგიონების მიხედვით არის გამიჯნული - თუ რომელ რეგიონში რა ბაღების გაშენება ფინანსდება. სია საკმაოდ მრავლისმომცველია, რომლის ნახვაც სამინისტროს ვებგვერდზეა შესაძლებელი. მიწის ნაკვეთს არ უნდა ედოს ყადაღა, მაგრამ ამავდროულად დაშვებულია, იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი.

მიწის ნაკვეთის ნიადაგი უნდა შეესაბამებოდეს კულტურის მოთხოვნებს, რაც დადასტურებული უნდა იყოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის მიერ გაცემული ცნობით. მაგალითისთვის თხილის გაშენება სამეგრელოში არ შეიძლება- შესაბამისად მიწის მოსავლიანობა შემოწმებული უნდა იყოს. სამინისტროს გადაწყვიტილებით, ლაბორატორიული შემოწმების და ანალიზების ღირებულება ასევე დაფინანსდება, იმ ბენეფიციარების შემთხვევაში ვინც პროექტის ფარგლებში თანადაფინანსებას მიიღებს. ბენეფიციარი ვალდებულია მიზნობრივად გახარჯოს სახსრები, დაკისრებული გეგმები შეასრულოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მიიღოს მონაწილეობა.

თანამედროვე სტანდარტის ბაღის გაშენებას სპეციალური პრაქტიკული უნარ-ჩვევები სჭირდება, რასაც სწორედ აღნიშნული ტრენინგები უზრუნველყოფს. ტრენინგები რეგიონებში მას შემდეგ ჩატარდება რაც დაფინანსებები გაიცემა. 3 აუცილებელი სატრენინგო კურსი პრაქტიკული მუშაობის გარდა თეორიულ ნაწილსაც მოიცავს.

სანერგე მეურნეობების შემთხვევაში პროგრამა მეურნეობის შექმნის 50%-ს დააფინანსებს

განსხვავებით ბაღების კომპონენტისგან, სანერგე მეურნეობების შემთხვევაში განაცხადის გარდა ბენეფიციარმა, უნდა წარმოადგინოს დეტალური პროექტი, თუ რის დანერგვას გეგმავს. სამინისტროს მიერ ის მინიმალური კრიტერიუმები განისაზღვრა რისი დაფინანსებაც მოხდება. სანერგე მეურნეობის პროექტი გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 50 000 ნერგის წარმოებაზე წელიწადში. პროექტი დაფინანსების დამტკიცების უფრო გრძელ პროცესს გადის. ბენეფიციარმა სანერგე მეურნეობის ჯამური ბიუჯეტი და დროში გაწერილი დეტალური გეგმა უნდა წარადგინოს.

მიწის ღირებულება, მიწის მოსამზადებელი სამუშაოები და მიწის ნაკვეთის შემოღობვის ღირებულების გათვალისწინება პროექტის ჯამურ ღირებულებაში არ ხორციელდება. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს.

ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოში დაფუძნებული საწარმო ან ინდივიდუალური მეწარმე. ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება შემოსავლების სამსახურის მიმართ. შესაქმნელი სანერგე მეურნეობის წარმადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 სხვადასხვა ნერგს წელიწადში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ცხელი ხაზი: 2 47 01 01 

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

12 საათის წინ

  რეგიონის სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების 200-მდე წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში  რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ რეგიონალიზმზე,  კასპიის ზღავზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და არსებულ გამოწვევებზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151