როგორ მოქმედებს ელექტრომაგნიტური გამოსხივება ადამიანის ჯანმრთელობაზე

როგორ მოქმედებს ელექტრომაგნიტური გამოსხივება ადამიანის ჯანმრთელობაზე

  • iRegions.Ge
  • 13 იანვარი, 2016
  • 18:38
  • ადმინისტრატორი

ჯანმრთელობისთვის საშიშ მოწყობილობებს შორის მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი, მიკროტალღური ღუმელი და წვრილი საოჯახო ტექნიკა ლიდერობს

მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივებას, ისეთებს, როგორებიცა გამა სხივები, რენტგენის სხივები და ულტრაიისფერი სინათლე, იმდენად დიდი ენერგია აქვს, რომ შეუძლია ბიოლოგიურ მოლეკულებში ქიმიური ცვლები გამოიწვიოს. მას შეუძლია ქიმიური ბმა დაარღვიოს და ატომიდან ელექტონების ჩამოშორებით, იონი წარმოიქმნას. ეს ყველაფერი კი ადამიანის სხეულში უჯრედების დაზიანიებას და დნმ-ის შეცვლას გამოიწვევს.

სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია გასული საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო. სწორედ მაშინ გამოიგონეს კომპიუტერი, რადიოტელეფონი (პირველი მობილური ტელეფონები 50 კილოგრამს იწონიდა და მანქანებში იყო ჩამონტაჟებული), დაამუშავეს და გაუშვეს პირველი თანამგზავრული კავშირი. ამ სიახლეების პარალელურად გაიზარდა იმ დროისთვის ჩვეულებრივი ელექტრომაგნიტური გამოსხივების მქონე წყაროების – რადიოსალოკაციო და რადიოსარელეო სადგურების, სატელევიზიო ანძების – რაოდენობა. დაახლოებით იმავე პერიოდში დაინტერესდნენ წამყვანი სამრეწველო ქვეყნები ადამიანის ჯანმრთელობაზე ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზეგავლენით, თუმცა იმხანად საუბარი იყო მხოლოდ საწარმოო წყაროების ელექტრომაგნიტურ ველზე; იმაზე არავინ ფიქრობდა, რომ მაღალი სიხშირის “დენები” ადამიანისთვის გაცილებით მავნებელი იყო. ალბათ, ბევრმა იცის, რომ მიკროტალღურ ღუმელში საკვების მომზადება და გაცხელება ხდება საკვებში არსებული წყლის მოლეკულების მიერ ელექტრომაგნიტური ენერგიის შთანთქმის ხარჯზე. 2,4 გიგაჰერცი სიხშირისას წყლის მოლეკულა ყველაზე მეტ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას შთანთქავს და შედეგად საკვების მოსამზადებლად ძალზე მცირე ენერგია იხარჯება. სადღეისოდ, როცა სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია ზენიტშია, ქალაქების ქუჩები გიგანტურ მიკროტალღურ ღუმლებად არის ქცეული, რომლებსაც სიმძლავრე სულ ოდნავ არ ჰყოფნის… ქალაქებში ზემაღალი სიხშირის გამოსხივების წყაროებად მიიჩნევა რადიოსადგურები, სატელევიზიო რეტრანსლატორები, ტელეანძები და ელექტროსადგურები. ისინი დასახლებული პუნქტის ფარგლებში არ უნდა აშენდეს და დაიდგას. თუ რადიოსალოკაციო სადგური თქვენს სახლთან სანიტარიული ნორმებით ნებადართულზე ახლოს არის, ეს საშიშია. უნდა ვიცოდეთ, რომ სანიტარიული ნორმები გამოითვლება გამომსხივებელი ანტენიდან განსაზღვრულ მანძილზე არსებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების სიმძლავრის გათვალისწინებით. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ სხვადასხვა სიხშირეზე ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს. ყველაზე მეტ საფრთხეს ადამიანს 40-70 გიგაჰერცი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივება უქმნის, რაც იმით არის განპირობებული, რომ ამ სიხშირის ტალღების სიგრძე ადამიანის უჯრედების სიგრძეს ემთხვევა. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შედარებით მაღალსიხშირიანი იყო კავშირი თანამგზავრებთან და მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ გადმოცემული სიგნალი საკმაოდ მძლავრი (11 გჰერცი) იყო, დედამიწის ზედაპირამდე მხოლოდ მიკროვატები მოდიოდა. 2009 წელს მობილური კავშირის ოპერატორებმა ქალაქების მოსახლეობას ახალი სიურპრიზი შესთავაზეს – საბაზო სადგურებს შორის კავშირის სიხშირე 25 გჰერცამდე გაზარდეს (გადასაცემი მონაცემების რაოდენობის გასაზრდელად და მობილური კავშირის ხარისხის ასამაღლებლად). ამრიგად, ადამიანის ორგანიზმზე ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედება კიდევ უფრო გაიზარდა. ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ შედეგები მეტისმეტად სავალალო არ იქნება. ყოფა-ცხოვრებაში ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყარო შეიძლება იყოს დაზიანებული მიკროტალღოვანი ღუმელი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, მაცივარი, სახლში არსებული გაყვანილობა, თმის საშრობი საშუალება და სხვა ელექტროხელსაწყოები. ელექტროგამოსხივების ზემოქმედებას საკმაოდ მძიმე დაავადებებამდე მივყავართ. პრესაში აღწერილია ამის შედეგად განვითარებული სისხლის შედედების დარღვევის,  ჰიპოტონიისა და ჰიპერტონიის, ზურგის ტვინის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები და სხვა. ყველა სიმპტომისა თუ  მდგომარეობის ჩამოთვლა სადღეისოდ არც ერთ ექიმსა თუ მეცნიერს არ ძალუძს. მართალია, ეს საკითხი ბოლომდე შეუსწავლელია, მაგრამ მიიჩნევა, რომ დღეს ელექტრომაგნიტური გამოსხივება გაცილებით დიდ საფრთხეს გვიქადის, ვიდრე მძიმე მეტალებით მოწამვლა და ჩერნობილის ავარიის შემდეგ ატმოსფეროში გამოფრქვეული რადიაციული ნივთიერებების ზემოქმედება.

მობილური ტელეფონი

დამტკიცებულია, რომ ელექტრომაგნიტური ტალღები ასტიმულირებს ცვლილებებს უჯრედულ დონეზე, იწვევს გენურ დარღვევებს, ხელს უწყობს პათოლოგიური უჯრედებისა და სიმსივნეების განვითარებას. ნორვეგიელ და დანიელ მეცნიერთა გამოკვლევები მოწმობს, რომ მობილური კავშირის მომხმარებლები სხვებზე ხშირად უჩივიან თავის ტკივილს, მოდუნებას, ადვილად ღიზიანდებიან. ყველა ეს ნიშანი ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიას ახასიათებს. გარდა ამისა,
მობილური ტელეფონების მიერ გენერირებული მავნე ელექტრომაგნიტური ველების გავლენით ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული იმუნური სისტემის დაძაბულობის რეაქცია. ექიმთა აზრით, ამის შედეგად მცირდება ადამიანის ორგანიზმის მედეგობა დაავადებათა და სხვა მავნე გარეგან ზემოქმედებათა მიმართ. თუ თქვენ მობილური ტელეფონით ისევე სარგებლობთ, როგორც სახლის ჩვეულებრივი ტელეფონით, ანუ განუსაზღვრელი დროით, მაშინ თქვენს ორგანიზმს სერიოზული საფრთხე ემუქრება. სხვათა შორის, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში აშშ-ში ადვოკატებმა დაამტკიცეს, რომ თავის ტვინის სიმსივნით დაავადებული ერთი ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი მობილური ტელეფონი გახლდათ. სხვა ხელსაწყოებისგან განსხვავებით, მობილური ტელეფონი მუშაობისას ყველაზე ახლოს არის ტვინსა და თვალებთან. სხვა ტექნიკური საშუალებების (კომპიუტერის, ტელევიზორის…) მავნეობა მობილური ტელეფონისას ვერ შეედრება. რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელსაც მობილურის ანტენა გამოასხივებს, ნაწილობრივ შთაინთქმება ტვინის ქსოვილების, თვალის ბადურას, ვესტიბულური, მხედველობითი და სმენის ანალიზატორების მიერ, ამასთანავე, გამოსხივება მოქმედებს არა მარტო ცალკეულ ორგანოებსა და სტრუქტურებზე, არამედ ზოგადადაც ნერვულ სისტემაზე. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქსოვილებში შეღწევისას ელექტრომაგნიტური ტალღები მათ გადახურებას იწვევს. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება მავნე გავლენა მოახდინოს მთელი ორგანიზმის ფუნქციობაზე, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ენდოკრინული სისტემების მუშაობაზე. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ბავშვებს, რომლებიც მობილურ ტელეფონებს მოიხმარენ, მეხსიერებისა და ძილის დარღვევა ემუქრებათ. მობილურმა ტელეფონმა, თუნდაც ის უბრალოდ თქვენი საწოლის ახლოს იდოს, შეიძლება გამოძინებაში შეგიშალოთ ხელი – ასე დაასკვნეს ცოტა ხნის წინ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნეიროფიზიოლოგიისა და უმაღლესი ნერვული მოქმედების ინსტიტუტის მეცნიერებმა. მკითხველისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტიც, რომ მრავალ ქვეყანაში არსებული სანიტარიული ნორმები ორსულებსა და არასრულწლოვნებს ურჩევს, არ გამოიყენონ მობილური ტელეფონი, ზოგან მობილური ტელეფონებით სარგებლობას უზღუდავენ, ზოგან კი პირდაპირ უკრძალავენ. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მსოფლიოს მეცნიერთა შორის ჯერ კიდევ არ არსებობს საერთო აზრი მობილური ტელეფონების ელექტრომაგნიტური ტალღების მავნეობის შესახებ, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ შორეული შედეგების გამოსაკვლევად ერთი-ორი წელი საკმარისი არ არის. მობილური კავშირის მავნე ზემოქმედებაზე დისკუსიას ალბათ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დაესმება წერტილი.

ტელევიზორები და კომპიუტერები

ადამიანის ორგანიზმზე ტელევიზორის მავნე გავლენა დიდი არ არის, და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს მის ახლოს ყოფნა არ უხდება. რაც შეეხება კომპიუტერებს, აქ უკვე სრულიად საწინააღმდეგო ეფექტთან გვაქვს საქმე. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ კომპიუტერების დაახლოებით 15% სავსებით აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს, 31% – ნაწილობრივ, ხოლო 54% არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგად საჭირო ხდება როგორც მომხმარებელთა, ასევე ირგვლივ მყოფთა დაცვა. გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, ყველაზე მეტი გამოსხივება არა კომპიუტერის ეკრანიდან, რომელიც ყოველწლიურად უმჯობესდება, არამედ მისი უკანა და გვერდითი ნაწილებიდან მოდის. სწორედ ამიტომ სასურველია, ეს ნაწილები კედლისკენ იყოს მიმართული და არა სხვა თანამშრომლებისკენ. კიდევ ერთი ცრურწმენა პორტატიულ კომპიუტერებს ეხება. ელექტროსტატიკური ველი და რენტგენის გამოსხივება თხევადკრისტალურ ეკრანებს მართლაც არ გააჩნია, მაგრამ ელექტროსხივური მილი ელექტრომაგნიტური გამოსხივების ერთადერთი წყარო არ გახლავთ. ამ ველის ფორმირება ძალუძს კვების ძაბვის გარდამქმნელს, მართვისა და ინფორმაციის ფორმირების სქემებს. ამასთანავე, პორტატიული კომპიუტერი მომხმარებლის სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოებთან გაცილებით ახლოს არის, ასე რომ, ვიდრე მას მუხლებზე დაიდებდეთ, მოსალოდნელ შედეგებზე კარგად დაფიქრდით.

მიკროტალღური ღუმელი

1992 წელს აშშ-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში “საკვების მომზადება მიკროტალღოვან ღუმელში” წერია: “სამედიცინო თვალსაზრისით, მიიჩნევა, რომ ადამიანის ორგანიზმში იმ მოლეკულების შეყვანას, რომელმაც მიკროტალღების ზეგავლენა განიცადა, სარგებლობაზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. მიკროტალღოვანი ღუმლიდან გამოღებული საკვების მოლეკულები შეიცავს მიკროტალღოვან ენერგიას, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში მომზადებულ საკვებში არ არის”. მოხალისეებზე ჩატარებულმა მოკლევადიანმა ცდებმა ცხადყო, რომ იმ ადამიანების სისხლის ფორმულა, რომლებიც მიკროტალღოვან ღუმელში მომზადებულ საკვებს მიირთმევდნენ, გარკვეულ ცვლილებებს განიცდიდა, ჰემოგლობინი იკლებდა, ქოლესტერინი კი იმატებდა. ჟურნალ “ფრანც ვებერის” (შვეიცარია) მე-19 ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მიკროტალღოვან ღუმელში მომზადებული საკვების მუდმივი გამოყენება სისხლში ავთვისებიან ცვლილებებს იწვევს. სტატია, სადაც მიკროტალღოვანი ღუმლის მავნეობაზე საუბრობენ, საკმაოდ ბევრია. ყველა მათგანის არათუ მიმოხილვა, ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თავად ამ ღუმლების მწარმოებლებიც იშველიებენ მეცნიერულ გამოკვლევებს და ამტკიცებენ, რომ მათში მომზადებული საკვები სრულიად უვნებელია.

საშიში ბინები

სახლებში ელექტრომაგნიტური გამოსხივების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ ელექტროგაყვანილობა მიიჩნევა. ჩვენში სახლების უმრავლესობა მცირეგაბარიტიანია, სამზარეულოებიც მცირე ზომისაა, სადაც ახლო-ახლოს დგას მაცივარი, ელექტროღუმელი, მიკროტალღოვანი ღუმელი, გამწოვი და ზოგჯერ სარეცხი მანქანაც. დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც სამწვერა ქსელი გამოიყენება და ელექტროხელსაწყოების პანელები და კორპუსები დამიწებულია და არ ასხივებს, ჩვენთან ჯერ კიდევ ორწვერიანი სადენები იხმარება დამიწების გარეშე და, შესაბამისად, გამოსხივებაც ძლიერია. აშშ-ში ელექტროკაბელები ეკრანირებულია ან კედლის კუთხეებშია მოთავსებული. აქვეა განლაგებული ჩამრთველებიც. ჩვენთან ელექტროკაბელები იატაკიდან დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე ყოველგვარი ეკრანირების გარეშე მონტაჟდება და, შესაბამისად, ადამიანის ყველაზე მთავარ ორგანოებს ასხივებს. თუ სახლში ყველა ელექტროკაბელის შეცვლა შეუძლებელია, ელექტროხელსაწყოებთან რაც შეიძლება ნაკლები დრო რომ გაატაროს, ყველას შეუძლია, ამიტომ გასაკვირია მათი საქციელი, ვისაც მთელი დღე მუსიკალური ცენტრი აქვს ჩართული; მშობლებს ჩართულ ტელევიზორებთან სძინავთ, ხოლო ბავშვები მიკროტალღოვანი ღუმლების გვერდით თამაშობენ. გეოპათოგენური ველი სამწუხაროდ, მშვიდად ვერც ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც ქალაქებისგან, ცივილიზაციის მიღწევებისგან მოშორებით ცხოვრობენ. დედამიწის ზედაპირი ფარავს ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე ელექტრომაგნიტური გამოსხივების არცთუ ისე ცოტა წყაროს. მათ გეოპათოგენურ ზონებს უწოდებენ. ასეთ ზონებში დიდხანს დარჩენა ზუსტად ისეთსავე შედეგს იწვევს, როგორსაც ელექტრომაგნიტური გამოსხივების მახლობლად ყოფნა. ამ ზონების სტრუქტურა ძალზე რთულია და პოლიმორფულია. ჯერჯერობით დადგენილია მათი წარმოშობის რამდენიმე მიზეზი: სხვადასხვა დონეზე გამავალი მიწისქვეშა წყლების გადაკვეთის ადგილი, გეოლოგიური ნაპრალი, სასარგებლო და არასასარგებლო წიაღისეულის საბადოები და სხვა. – უპირველეს ყოვლისა, იმას მოგახსენებთ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე მაგნიტური ველის პირობებში წარმოიშვა. უფრო მეტიც – ელექტრომაგნიტური ველი ანუ ცვლადი მაგნიტური ველი რომ არ ყოფილიყო, ალბათ დედამიწაზე სიცოცხლე არც წარმოიშობოდა. როდესაც ცოცხალ ორგანიზმზე ელექტრომაგნიტური ველის გავლენაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რა ინტენსივობასთან, რა სიმძლავრეებთან გვაქვს საქმე. შედეგები ცნობილი ექსპერიმენტისა, რომელიც სამოცდაათიან წლებში აწ განსვენებულმა პროფესორმა დავით ტვილდიანმა ჩაატარა (მას ცხრაწყაროზე, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ხელოვნური მაგნიტური ველია, ბაჭიები აჰყავდა და ასხივებდა), მოწმობს, რომ ძლიერი ელექტრომაგნიტური ველი ინფარქტს იწვევს. საინტერესოა ისიც, რომ დედამიწის მაგნიტური ველი მზის აქტივობასთან ერთად მუდმივად იცვლება. 2011 წელი მზის აქტიურობის პერიოდია – მისი აქტიურობა თითქმის პიკს აღწევს. რა თქმა უნდა, ამ დროს წარმოიშობა რადიომაგნიტური ქარიშხლები, რომლებიც გარკვეულწილად მოქმედებს ადამიანზე. ჩვენმა ჯგუფმა საკმაოდ ვრცელი სტატისტიკური მასალა შეისწავლა მაგნიტური ბიოლოგიის ლაბორატორიაში (სწორედ მას ხელმძღვანელობდა დავით ტვილდიანი), სადაც ექიმებთან ერთად გეოფიზიკის ინსტიტუტისა და აბასთუმნის ობსერვატორიის წარმომადგენლებიც მოღვაწეობდნენ. ამ კვლევებმა გვაჩვენა, რომ დაავადებულები შეიძლება დავყოთ მეტეოტროპულ და მაგნიტოტროპულ ადამიანებად. პირველნი ამინდის ცვლილებებზე რეაგირებენ და ამ დროს ხშირია არტერიული ჰიპერტენზიის გართულებები (მაგალითად, ინსულტი). მეორენი კი გეომაგნიტური ქარიშხლების მიმართ არიან მგრძნობიარენი, რაც უმთავრესად თავის ტკივილითა და დისკომფორტით გამოიხატება. გარდა ამისა, ამ დროს შესამჩნევად ხშირდება სტენოკარდიული შეტევები და ინფარქტი. გვინდა თუ არა, ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით მაგნიტური ველის გარემოში. გარდა ამ ველისა, არსებობს საწარმოო (მძლავრი ტრანსფორმატორები ან მაღალი ძაბვის კაბელები) და საყოფაცხოვრებო ელექრომაგნიტური ველიც. როცა მისი სიმძლავრე ნებადართულს აჭარბებს, ის მავნეა ორგანიზმისთვის. ელექტრომაგნიტური ველის ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენის საკითხი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე ათეული წელია საუბრობენ ეკოლოგიურად სუფთა შენობების შექმნაზე. ასეთ შენობებში ყველა სადენი იზოლირებული, უფრო სწორად, ეკრანირებული უნდა იყოს, არ უნდა იქნეს გამოყენებული რკინა-ბეტონი და სახლი აბსოლუტურად ინერტული მასალისგან უნდა იყოს ნაგები. საზოგადოდ, მნიშვნელობა არ აქვს, სადენი კედელში იქნება ჩამონტაჟებული თუ არა – ელექტრომაგნიტური გამოსხივება მხოლოდ იმ შემთხვევაში არ წარმოიშობა, თუ სადენები ეკრანირებული, ლითონის მილში ჩასმული და დამიწებულია. ელექტრომაგნიტური გამოსხივება ყველაფერს აქვს, ტელევიზორსაც, ტელეფონსაც… როდესაც ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ მისი ინტენსივობა, სიმძლავრე და ზემოქმედების ხანგრძლივობა. თუ ეს ყველაფერი სანიტარიული ნორმების ფარგლებშია, მაშინ იგი სრულიადაც არ გახლავთ საშიში. პირიქით, მცირე დოზებით ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას სამკურნალოდ იყენებენ, თუმცა მისი გამოყენება საბრძოლო მიზნითაც შეიძლება. დიახ, დღეს მეცნიერთა ნაწილი ამ გამოსხივების მავნეობაზე საუბრობს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ელექტროხელსაწყოებს იყენებს და რაიმე განსაკუთრებული ზემოქმედების კვალი ჯერჯერობით არ ჩანს. შეიძლება დავუშვათ ისიც, რომ არაკორექტულ დამოკიდებულებასთანაც გვაქვს საქმე და ზოგიერთს სურს, შემდგომი კვლევებისთვის დაფინანსება მიიღოს. როგორ დავიცვათ თავი? გარდა ცხოვრების ჯანსაღი წესისა, არსებობს შრომის ჯანსაღი წესიც. ელექტროგამოსხივების მქონე ხელსაწყოებთან ნაკლები დრო უნდა გავატაროთ. ვინც კომპიუტერთან ზის, საათში ერთხელ მაინც უნდა ადგეს 10-15 წუთით. და საერთოდ, ხელსაწყოებისა და ელექტროგაყვანილობების დამიწება, ეკრანირება, ხანმოკლე შესვენებებით შრომა ბევრ საფრთხეს აგვაცილებს თავიდან.

23 სექტემბერს თელავში ანსამბლი

23 სექტემბერს თელავში ანსამბლი "იალონი" კონცერტს გამართავს

21 სექტემბერი, 2018

23 სექტემბერს 16:00 საათზე თელავის სამუსიკო სკოლაში ანსამბლი ,,იალონი" კონცერტს გამართავს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ თელავის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. ​ანსამბლი ,,იალონი" 2009 წლიდან აქტიურად ეწევა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობისა და...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172