ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო

ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო

საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო. პატარებს სწავლის დაწყება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სამგორის გამგებელ მამუკა ჩოქურთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, 160-ე ბაგა-ბაღში მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და ბაღს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

აღნიშნული ბაღი ერთ-ერთია იმ 40 ბაღიდან, რომელიც ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს განახლებული ეზოთი შეხვდა. მოპირკეთდა ეზოს ზედაპირი, მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედანი, ბავშვების უსაფრთხოების მიზნით მიწის გარკვეულ საფარზე კაუჩუკის ფილები დაიგო და დაიდგა ატრაქციონები.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებული ხვდებიან. მისივე თქმით, გაიხსნა ახალი ჯგუფები და მთლიანად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.

„ჩვენ ახალი ჯგუფები დამატებითი ფართების მოწესრიგების შედეგად გავხსენით. ასევე მთლიანად ტენდერზე გავუშვით ბაღებში კვებით უზურნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადრე არ ხდებოდა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ პარალელურ რეჟიმში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს, შენდება 6 ახალი საბავშვო ბაღი და ამ შემოდგომაზე ისინი ეტაპობრივად გაიხსნება. მომდევნო წლისთვის უფრო დიდი ამოცანები გვაქვს, უნდა გავხსნათ მინუმუმ 10 ახალი ბაღი, ასევე მოვაწესრიგოთ დამატებით ძველი საბავშო ბაღის ის ფართები, სადაც სოციალურად დაუცველები ან დევნილები ცხოვრობდნენ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

სიახლეა საბავშვო ბაღების კვების რაციონშიც და უკვე ყოველდღიურად პატარებს განსხვავებული და გაცილებით მრავალფეროვანი მენიუ ექნებათ.

„დღეიდან პატარებს განსხვავებული, მრავალფეროვანი მენიუ დახვდებათ, რაც მათი სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, მუშაობა მთელი ზაფხულის განმავლობაში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში მიმდინარეობდა“,- განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ.

ამ დროისთვის თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 54 000 ბავშვი ირიცხება. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად ეს რიცხვი მომდევნო თვეებში კიდევ გაიზრდება. ზაფხულის პერიოდში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშოები თბილისის 106 საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა.

წეროვანში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა

წეროვანში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა

3 საათის წინ

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის  პირველი ნაწილით დაიწყო. 

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207