აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს - მავნებლის პოპულაცია შემცირდა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს - მავნებლის პოპულაცია შემცირდა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში წარმოადგინა.

სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა პრესკონფერენცია აბაშაში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გამართა.

„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია. მავნებლის გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა.

მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობის და ფერმერების იმ ნაწილს, რომელიც ჩართული იყო მავნებელთან ბრძოლის პროცესში და რომელმაც გაითავისა, რომ შედეგის მისაღწევად მათი აქტიურობა გადამწყვეტია.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მიღებული ხელშესახები პოზიტიური შედეგი თანმიმდევრულად გატარებულმა სახელმწიფო პოლიტიკამ განაპირობა, რაც გულისხმობს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და მოსახლეობის მიერ ერთობლივად გატარებულ ღონისძიებებს; ასევე, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო სპეციალიზებული ტექნიკის რაოდენობა გაათმაგებულია. პირველ ეტაპზე უკვე შეწამლულია 160 ათასამდე ჰექტარი. ორგანიზებულად მუშაობს საკოორდინაციო შტაბი. უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით, წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

შემდეგ ეტაპზე ბრძოლის ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით გაგრძელდება. აღნიშნული სტრატეგია ქართველი და

მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით და სხვა ქვეყნების გამოცდილებით შემუშავდა. ივლისის შუა რიცხვებიდან წამლობა ჩატარდება სიმინდის საყანე ფართობებში. მავნებელთან ბრძოლის ყველა ეტაპზე მოსახლეობის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი. კლიმატური პირობების გამო წელსაც იჩინა თავი მცენარეთა სხვა დაავადებებმა, რომლებიც საფრთხეს უქმნის თხილის მოსავალს, თუ ღონისძიებები სწორად და დროულად არ ჩატარდება“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

დღეის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 155 ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით - 4 000-მდე ჰექტარი. აზიური ფაროსანას სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. სულ ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში.

მავნებლის იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, საკოორდინაციო შტაბში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მონაცემების განახლება და ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იგეგმება შეწამვლითი ღონისძიებები. ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ოპერატიულად ინფორმირების მიზნით, ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, მუშაობს ცხელი ხაზი.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად რეგიონში მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა.

ზესტაფონის მერის კაბინეტთან დაწყებულმა აქციამ, შენობის გარეთ გადაინაცვლა

ზესტაფონის მერის კაბინეტთან დაწყებულმა აქციამ, შენობის გარეთ გადაინაცვლა

11 საათის წინ

ოთხი მოქალაქე კი მესამე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეებმა მერიის წინ კარვები გაშალეს.  მათი განცხადებით, პოლიციამ მოსთხოვა შენობა დაეტოვებუნათ, რადგან ეს კანონდარღვევა იყო, წინააღმდეგ შემთცვევაში ძალით დაატოვებინებდნენ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273