შალვა შავგულიძე: თუ კითხვები უპასუხოდ დარჩა, ეს ნიშნავს, რომ "ოცნება" ძალადობის გზას დაადგა (ინტერვიუ)

შალვა შავგულიძე: თუ კითხვები უპასუხოდ დარჩა, ეს ნიშნავს, რომ "ოცნება" ძალადობის გზას დაადგა (ინტერვიუ)

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი ლეგიტიმური კითხვა გაჩნდა და გამოძიებამ სწრაფად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიოს საქმე და არსებულ კითხვებს გაეცეს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში იქნება განცდა, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ძალადობისა და ნულოვანი ტოლერანტობის ახალი ეპოქა, რაც წინა ხელისუფლების მსგავსად ამ ხელისუფლებასაც მძიმედ შემოუბრუნდება. 

ამის შესახებ შალვა შავგულიძემ "აიპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, კიდევ უფრო მძიმე სურათი იყო კონტრაქციის გამართვის დროსაც და ხელისუფლების ვალდებულებაა გამოკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში ნათელი გახდება, რომ ის თავად ხელისუფლებისგან მართული იყო და ამ ვითარებაში ხელისუფლება სისხლის სამართლებრივი ქმედების თანამონაწილე გახდება. 

ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შალვა შავგულიძეს ვესაუბრეთ. გთავაზობთ ინტერვიუს:

კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით პირადად თქვენ დაგრჩათ თუ არა კითხვები სამართალდამცავებთან და ხელისუფლებასთან და რაში მდგომარეობს ეს კითხვები. აქვე გკითხავთ, იყო თუ არა საჭირო სპეცოპერაციის ამ ფორმით ჩატარება?

ამ სპეცოპერაციებმა ლეგიტიმური შეკითხვები გააჩინეს, იმაზე რამდენად თანაზომიერი ძალა იყო გამოყენებული და რამდენად საჭირო და აუცილებელი იყო ამ ფორმით ოპერაციების ჩატარება თუნდაც დანაშაულის აღკვეთის, ან დამნაშავეთა დაკავების მიზნით. ამ კითხვებს იძლეოდა რამდენიმე უტყუარი გარემოება:

მოხდა ღამის კლუბების ფუნქციონირების პარალიზება და ისინი დღემდე არ ფუნქციონირებენ, ისეთი სერიოზული დოზით მოხდა ჩარევა ამ კერძო სუბიექტების საქმიანობაში.

ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს, 70-ზე მეტი ადამიანის დაკავება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვინც ხელში მოჰყვათ, ყველა წარეკეს და შემდეგ იქნება მსჯელობა ვის რა ეკუთვნის - თუ რამე აქვთ დაშავებული. ასევე მოვისმინეთ რამდენიმე ინტერვიუ, რომ იმის გარდა რომ კლუბში მყოფ სტუმრების მიმართ ხდებოდა ძალადობა, ამას გარდა პოლიციელები ყრიდნენ ტაბლეტებსო, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებები შეიძლება ყოფილიყო. მე ამას ვერ ვადასტურებ, მაგრამ რადგან ეს მოვისმინეთ, ამაზე ხელისუფლების პასუხიც უნდა მოვისმინოთ.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნარკოტიკების გასაღებაში ეჭვმიტანილი პირები გარკვეული დროით ადრე დაკავებულები იყვნენ და ამის შემდეგ მოხდა შეჭრები პოლიციის და სპეცრაზმის ამ ღამის კლუბებში. ეს კიდევ ამწვავებს კითხვებს, რაღატომ გახდა საჭირო სპეცოპერაცია, თუ ეს ხალხი უკვე დაკავებული იყო. იქ არის ბევრი სამართლებრივი საკითხი, რომელიც სრულიად საფუძვლიანს ხდის კითხვის ნიშნებს, რამდენად გამართლებული იყო ასეთი ფორმით სპეცოპერაციის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და გამჭვირვალედ გამოძიებამ უზრუნველყოს, ერთი მხრივ ნარკოტიკების გასაღების ფაქტებზე არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. როგორც გვეუბნებიან ამის აღსაკვეთად ჩატარდა ეს სპეცოპერაცია.

მეორე მხრივ უნდა გაეცეს პასუხი სამართალდამცავების ქცევასაც, ხომ არ იყო მათი მხრიდან გადაჭარბებული და არასათანადო ძალის გამოყენება. ეს ინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაწოდოს ხელისუფლებამ. თუ ხელისუფლება საზოგადოებას ვერ დაარწმუნებს, რომ აუცილებელი იყო ამ სახის ჩარევა, მაშინ რჩება ერთადერთი გზა - ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაადგა ძალადობის გზას და რომ ეს არის ნულოვანი ტოლერანტობისა და საზოგადოებაზე ძალმომრეობის ახალი ეპოქის დასაწყისი. გვახსოვს წინა ხელისუფლება, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და სწორედ ამ ძალადობის გზამ დააკარგვინა ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“.

ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ახსნის ამ სპეცოპერაციის ასეთი ფორმის ჩატარების საჭიროებას თუ ვერა. თუ ვერ ახსნის, უნდა შეეგუოს იმას, რომ საზოგადოება შეფასებს ამას როგორც ძალმომრეობის აშკარა გაცხადებულ გზას საზოგადოებაზე. ეს რა თქმა უნდა ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას.

რა მოლოდინი გაქვთ, გავა თუ არა გამოძიება მთავარ ნარკორეალიზატორებზე და რამდენად აუცილებელია მათზე გასვლა, რათა ეს კითხვები რაც საზოგადოებაშია ნაწილობრივ მაინც ამოიწუროს?

ძალიან მინდა ეს ასე მოხდეს, მაგრამ სიმართლე გითხრათ ამის დიდი იმედი არ მაქვს. ალბათ გამოძიება შემოისაზღვრება მომხმარებელზე ნარკოტიკის გადამცემის დაკავებით. ეს ნარკობიზნესში ძალიან დაბალი რგოლია. არ მაქვს იმედი, რომ უფრო ზემოთ წავა გამოძიება სერიოზულ წყაროებამდე მივა, იქ სადაც ამის სათავეა.

ნარკორეალიზატორების მფარველობაზე საუბრობენ რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, თქვენ გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია ამ მიმართულებით?

ასე ხელაღებით ვერ გავაკეთებ განცხადებას, რომ ეს ხელისუფლების მფარველობით ხდება, მაგრამ თუ ხელისუფლება გამოიჩენს პასიურობას და მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლის და მისთვის უშუალოდ ნარკოტიკების გადამცემლის დაკავებით შემოიფარგლება, მაშინ რა თქმა უნდა ასეთ ეჭვს ექნება საფუძველი საზოგადოებაში, რომ მაღალ ეშელონებს ხელისუფლება არ ეხება, მაშინ ჩნდება კითხვა, თუ თვითონ არ არის დაინტერესებული, რატომ არ ხდება ზედა ეშელონის რგოლების დაკავება?

პროცესის შემდგომ განვითარებას რაც შეეხება, ვგულისხმობ აქციას და კონტრაქციას, ამ საკითხზე როგორია თქვენი შეფასება?

შემდეგ რაც მოხდა კიდევ უფრო მძიმე სურათია და პირდაპირ ვიტყვი, ეს ტოვებდა პირდაპირ მართვადი სიტუაციას. მხედველობაში მაქვს კონტრაქცია. აქცია რა თქმა უნდა იყო სრულიად მშვიდობიანი, გამოდიოდნენ მოქალაქეები და გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას. ზოგი მუსიკაზე აყოლით გამოხატავდა, ზოგი განცხადებებით და ა. შ. მაგრამ, აქცია იყო მშვიდობიანი და საფუძვლიანი.

უცებ გაჩნდა კონტრაქცია, რაც აშკარა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ხელისუფლებისგან მართვადია. 2 დღის მანძილზე შსს-ს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას თუ სურდა რაიმე შეთავაზება მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისათვის რომ  დაწყებულიყო თანამშრომლობა პრობლემის მოგვარებისთვის, მაშინ ხელისუფლება ამ ნაბიჯებს დროულად გადადგამდა. არ დაიცდიდა იმისათვის, რომ შეკრებილიყო პროფაშისტური მასა, რომელიც კონტრაქციის სახელწოდებით ალყაში მოაქცევდა სრულიად მშვიდობიანი და ლეგიტიმური აქციის მონაწილეებს.

კონტაქციის მონაწილეების მხრიდან ხდებოდა ისეთი გამონათქვამების და შეძახილები, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და კერძოს 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. ეს არის მუქარა.

რა გამონათქვამებზე საუბრობთ? დააკონკრეტეთ უფრო ნათელი რომ გახდეს ჩვენი მკითხველისთვის...

აქციის მონაწილეებს ემუქრებოდნენ, რომ სისხლის გუბეებს მოვაწყობთო და ა. შ. იმ პირებს ვის მიმართაც იყო მიმართული ეს მუქარა, გაუჩნდათ შიში, რომ ამ მუქარის რეალიზების რეალური საშიშროება იყო. კიდევაც გამოაცხადეს, რომ შს მინისტრმაც ეს საშიშროება დაანახა მათ და ამ საშიშროების შესახებ განუცხადა მათ. უთხრა, რომ შსს-ს არ შესწევდა ძალა აღეკვეთა ეს საშიშროება. ამ ვითარებაში აქციის ორგანიზატორებმა სამოქალაქო დაპირისპირებისა და უბედურებების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტეს აქციის დაშლა. რატომ მიიყვანა ხელისუფლებამ ვითარება აქამდე. რატომ არ მივიდა შს მინისტრი, ან პრემიერი, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აქციის ორგანიზატორებთან და რატომ არ გააკეთეს ის შეთავაზება, რის გამოც აქცია ფორმალურად დაიშლილიყო? არ ყოფილა დამალული, რომ მინისტრმა მათ უთხრა, რომ შესაძლოა კონტრაქციას გაერღვია პოლიციის კორდონი და მაშინ თქვენ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა რაც მოხდებაო. რეალურად ხელისუფლება სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ქმედების თანამონაწილე გახდა ამ შემთხვევაში.

თუ ეს ასე არ არის მაშინ მათ უნდა გამოიძიონ კარგად ეს საქმე, მოახდინონ იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მისცნენ. არსებობს ვიდეომასალა და დაადგინონ კონკრეტული პირები, ვინც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფაზე აკეთებდნენ განცხადებებს. ეს იყო მუქარა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ე. წ. კონტრაქცია ინსპირირებული იყო და მოწყობილი იყო ხელისუფლების მხრიდან.

მართვადი ძალების გამოყენება რუსული სპეცსამსახურების ძალიან ბინძური სტილია, რაც გვაფიქრებინებს ცუდ რამეს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოშიც დაიწყო მართვადი ქაოსის გამოყენება სიტუაციის სამართავად. თუ ეს გამოძიებული არ იქნება ბოლომდე ნათელი გახდება რომ ჩვენი ხელისუფლება ან ამ სტილის კალკირებას ახდენს, ან არც იმას გამოვრიცხავ, რომ მათი უშუალო კარნახითაც ახორციელებდეს ამ მეთოდების გამოყენებას. ვნახოთ, რა რეაგირებას მისცემენ სამართალდამცავები კონტრაქციის ქმედებებს.

გახარიას გადაწყვეტილებაც უნდა შეგაფასებინოთ. მე მგონი პირველად ხდება ჩვენს უახლეს წარსულში, როდესაც შს მინისტრი მიდის აქციაზე და ბოდიშს იხდის. რა გზავნილი იყო მინისტრის მხრიდან?

მთლიანობაში კონტექსტი იყო ის, რომ მინისტრი მივიდა აქციაზე მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მართლაც დაინახეს ფიზიკური ხელყოფის რეალური შესაძლებლობა. მივიდა კონტრაქციის აგრესიით ზურგგამაგრებული. დიალოგის დაწყებისთვის რაღაც ჟესტი იყო, რომ აი მე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ახლა სჯობს რომ დაიშალოთ, თორემ ჩვენ ამათ ვერ გავაჩერებთ და რაც მოგივათ მერე თქვენს თავებს დააბრალეთო. დანარჩენი საქმემ გვაჩვენოს.

პოლიტიკურ კონტექსტშიც შევხედოთ გახარიას ქმედებებს. გამოითქვა ასეთი პოზიციაც, რომ ბიძინა ივანიშვილის კარნახით პრაქტიკულად პრემიერის პოსტს მიუახლოვდა გახარია და რომ ეს იყო პრემიერ კვირიკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. იზიარებთ, ამ პოზიციას? აქვე გკითხავთ კალაძის წინა დღის ქმედებაზეც. ხომ არ დაუშვა დედაქალაქის მერმა პოლიტიკური შეცდომა, როდესაც ის არ მივიდა აქციის მონაწილეებთან?

ამ შეფასებას ვერ გავაკეთებ. პოლიტიკური შეცდომა ვისთვის და ვისი თვალსაზრისით?! ეს თუ იყო ის სცენარი, რომლის დასაჭერი ერთი კურდღელი ისიც იყო, ყოფილიყო დღევანდელი შს მინისტრის პიარი. ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ ასე იყო ჩაფიქრებული და ეს ასეც გაკეთდა. აი გახარია ასეთი ძლიერი მინისტრია, რომ მივიდა და განმუხტა სიტუაცია. შეიძლება მართლაც აპირებენ, რომ გახარია გახდეს პრემიერი. მოდით, ეს „ქართული ოცნების“ საფიქრალი იყოს.

ეს სპეცოპერაცია და შემდეგ მისი ამ ფორმით განვითარება ძალიან ცუდად დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ფორმალურ პოლიტიკაში. მოდით დავფიქრდეთ ეს მართლა ის დამთხვევაა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა. ეს შსს-მ არ გაითვალისწინა ის ფაქტორი, რომ შსს ასეთ აგრესიულ ოპერაციას ატარებდა და იმ დღეს აირჩიეს ივანიშვილი ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ?! თუ გაითვალისწინა და ამის გათვალისწინებით მოხდა ძალის ჩვენება ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაზე. ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც ძალიან ცუდი დასაწყისია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისთვის. იმ შემთხვევაშიც თუ შსს-მ ანგარიში არ გაუწია მის დაბრუნებას და ასეთი ცუდი სპეცოპერაცია ჩაატარა. თუ ძალის ჩვენება იყო იმ კაცის დაბრუნებისას, რომელმაც მუშტი დაარტყა მაგიდას, ეს კიდევ უარესი.

ბოლოს ივანიშვილის ვაჟის ბერას ფაქტორზეც უნდა გკითხოთ. თქვენთვის რას ნიშნავდა ის, რომ ბერა ნარკოტიკების ლეგალიზების შესახებ სოციალურ ქსელში თავის ახალ სიმღერას აზიარებს და რამდენიმე საათში ვითარების განმუხტვა ხდება. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების შემდეგაც ბერას პოსტის შემდეგ განიმუხტა სიტუაცია. რა გზავნილი დაინახეთ ამ ქმედებაში?

თავისთავად თავმოყვარე და სამართლებრივი სახელმწიფოსათვის ეს მიუღებელი ფაქტია. რაც არ უნდა მაღალი პოპულარობის მქონე პოლიტიკური მოღვაწის თუ სხვა ადამიანის შვილის სიმღერაზე და გამოხატულ პოზიციას მოჰყვეს შედეგები სამართლებრივი თვალსაზრისით. ეს შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვისაც და მიუღებელია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის.

რაღაცამ რომ ხელი შეუწყო სიტუაციის გამოსწორებას, ამას ტრაგიკულად არ მივიჩნევ, მაგრამ ეს ფორმა იმას ნიშნავს რომ თავმოყვარე საზოგადოებისგან და სამართლებრივი სახელმწიფოსგან შორს ვართ. „ჩვენ“-ში არ ვგულისხმობ საზოგადოების იმ ნაწილს ვინც ხედავს ამას და ამის გამო წუხს. ვგულისხმობ იმ ხელისუფლებას, რომელიც ამის შესაძლებლობას აჩენს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ვერ აზროვნებს სახელმწიფოებრივად. ხელისუფლება არ არის მზად, ემსახუროს სახელმწიფოს, არამედ ის არის მზად რომ ვიღაცის ნებას ემსახუროს.

უსუფაშვილი:ავლაბრის რეზიდენციის გამოყენების და პარლამენტის ამუშავების უკეთეს ვერსიას დავდებ(ინტერვიუ)

უსუფაშვილი:ავლაბრის რეზიდენციის გამოყენების და პარლამენტის ამუშავების უკეთეს ვერსიას დავდებ(ინტერვიუ)

1 საათის წინ

პრეზიდენტობის კანდიდატი „აიპრესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ავლაბრის რეზიდენციაში სახელმწიფოებრივი დარბაზები უნდა განთავსდეს და გამოყენებული იყოს სხვადასხვა სახელმწიფოებრივი საქმეებისთვის. ამასთანავე გაკეთდეს საპრეზიდენტო დარბაზი...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088