"გუშინ სარკეში ჩავიხედეთ, ეს ვითარება ოკუპაციაზე დიდი საფრთხეა"-ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან

"გუშინ სარკეში ჩავიხედეთ, ეს ვითარება ოკუპაციაზე დიდი საფრთხეა"-ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ქვეყანაში გუშინ შექმნილი ვითარება ძალიან დიდი საფრთხეა.

როგორც უსუფაშვილმა „აიპრესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, გუშინ მთელმა ქვეყანამ სარკეში ჩაიხედა. გამოჩნდა, რომ ერთმანეთის სიძულვილი იმაზე დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის ვიდრე ოკუპაცია და ოკუპანტის სახელმწიფოს მიერ მომდინარე საფრთხე.

გთავაზობთ ინტერვიუს დავით უსუფაშვილთან:

გასული 2 დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების რეზიუმე გააკეთეთ თუ შეიძლება. დაწყებული კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციით, გაგრძელებული აქციით და სპეცოპერაციით...  რა კითხვები დაგრჩათ და აქვე კონკრეტულად გკითხავთ, იყო თუ არა საჭირო სპეცოპერაციის ჩატარება ამ ფორმით?

პარასკვს ღამე შსს-მ შექმნა კრიზისი, რომელიც კვირა ღამეს მინისტრმა გახარიამ განმუხტა. ეს იყო ამ პროცესის მთელი ტრაგიკომედია. ხელისუფლებამ თავისივე სრულიად გაუგებარი მოქმედებებით თითქმის ეროვნული მასშტაბის კრიზისამდე მიიყვანა. თუმცა, გახარიამ მისი განმუხტვა მოახერხა. ამ საკითხში ბევრი საჭირბოროტო საკითხია. ვინაიდან, არც ის პრობლემა მოგვარებულა, რომელმაც ამ ვითარებამდე მიიყვანა ქვეყანა. გაუგებარია კლუბებში მომხდარი ინციდენტების გამოძიება რამდენად სწრაფად და ობიექტურად წარიმართება. ამ წუთის მდგომარეობით მე მგონი ვერავინ ვერ ირწმუნა რომ ნარკორეალიზატორების დევნა იყო იმ ოპერაციის მიზანი და ამოცანა.  ამ წუთის მდგომარეობით ხელისუფლების მიერ მოწოდებული ფაქტები ამაზე არ მეტყველებს.

რაზე მეტყველებს თქვენთვის ხელისუფლების მიერ მოწოდებული ფაქტები?

მოწოდებული ფაქტები იმის თაობაზე, რომ ნარკორეალიზატორები იყვნენ დაკავებულნი... მათი დაკავება მანამდეც შეიძლებოდა. მათი დაკავება მოხდა შენობის გარეთ. ამიტომ, ნარკორეალიზატორებთან ბრძოლას არ სჭირდებოდა კლუბებში ამხელა ოპერაციის განხორიცელება. რას სჭირდებოდა და ვის სჭირდებოდა ეს ოპერაცია, ამაზე ბევრი ვარაუდია. ფაქტია, რომ ეს იყო ან სრულიად გაუაზრებელი მოქმედება, ან სწორედ ამ ტიპის მღელვარების პროვოცირება, რაც შეიძლება ვიღაცას დასჭირდა.

მთავარი ისაა, რომ გუშინ ჩვენ მთელმა ქვეყანამ ჩავიხედეთ სარკეში. საქართველო სწორედ ეს არის, ამ დონეზეა მოსახლეობაში ერთმანეთის ვერატანის და სიძულვილის მუხტი დაგროვილი. ეს არის იმის შედეგი, რომ წლების და ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური პროცესები დაყოფილია მეტი დაყოფისკენ და მეტი დაქუცმაცებისკენ და არა ერთიანი ეროვნული საზოგადოების შექმნისკენ. ეს იმაზე დიდი საფრთხეა, ვიდრე ოკუპაცია და ოკუპანტისგან მომავალი საფრთხეები. გუშინ გადავრჩით, მაგრამ ამასობაში ძალიან ახლოდან ჩავხედეთ თვალებში რეალობას. ვხედავთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს არაფრად მიაჩნია არც კანონი, არც კონსტიტუცია და მზად არის თავად გამოუტანოს განაჩენი თანამოქალაქეს, რომელიც მის აზრს არ იზიარებს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ამ პრობლემის მოგვარება ნომერ პირველი ამოცანაა.

პოლიტიკურ ჭრილშიც რომ შევხედოთ, ეს ქმედება ხომ არ იყო მიმართული პრემიერის წინააღმდეგ, ვინაიდან იქამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ კვირიკაშვილმა გააკეთა განცხადება და როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაუშვა შეცდომა კახა კალაძემ, რომელიც წინა დღით თავად არ მივიდა აქციაზე განსხვავებით შს მინისტრისგან?

ამ ყველაფერში შემაძრწუნებელი ისიც იყო, რომ 48 საათის განმავლობაში ჩვენ ერთადერთი კომენტარი მოვისმინეთ, ქალაქის მერის მხრიდან. ყველა სხვა დუმდა. ანუ სრულიად ფეთქებადსაშიში ვითარება სანამ ერთად არ შეიქმნა, მანამ საზოგადოებას, იქ შეკრებილ ხალხსაც და ქვეყანასაც, ვინც უყურებდა ამ ყველაფერს, ხელისუფლების ვერცერთმა წარმომადგენელმა ვერ მიმართა, ვერ აუხსნა, ვერ დაგვარწმუნა რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. რომ ისინი ცდილობენ ვითარების განმუხტვას და ა. შ.

მე არ მგონია, რომ ეს შიდადაპირისპირებებისთვის იყო დაგეგმილი, ვინმეს კარგად წარმოსაჩენად, ან ცუდად. არც ის მგონია, რომ ხელი კალაძისკენ ან პრემიერისკენ უნდა გავიშვიროთ, ვინაიდან პრობლემა შექმნა შსს-ს მიერ განხორიციელებულმა უაზრო ქმედებამ. ის, რომ მხოლოდ გახარიას მიერ სიტუაციის განმუხტვა დავინახოთ და ის არ დავინახოთ ვინ და რა იყო ამ პროცესის გამომწვევი, ეს არასწორია.

მე მგონია, რომ დედაქალაქის მერი რბილად რომ ვთქვათ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვინაიდან ის ქალაქის მერია, მაგრამ ეს სრულიად არასაჭირო აქტი იყო განხორციელებული მის გარეშე.  

ქალაქის მერს ღამის ცხოვრების პოპულარიზაციაც ჰქონდა გამოცხადებული, თუ იყო შესაძლებელი სპეცოპერაციის კლუბში ჩატარების თავიდან აცილება, ეს არ მოქმედებს კალაძის იმიჯის საწინააღმდეგოდ?

დეტალებში ჩართვა ნაკლებად საინტერესოა. ჩვენ გვაინტერესებს ქვეყანა და სახელმწიფო. ძლიერდება თუ არა ის, კანონის უზენაესობა მყარდება თუ არა. ადამიანები მეტ თავისუფლება იღებენ თუ ვერა და ა. შ.

გუშინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში არის ფუნდამენტური პრობლემები. ეს პირველ რიგში მომდინარეობს იქიდან, რომ კანონი ნაკლებად აინტერესებს არა თუ მოქალაქეს, არამედ ხელისუფლებასაც. კანონის დადგენილი ჩარჩოები არ არის აღიარებული მოსახლეობის მიერ.

ის, რაც ვიხილეთ ნეოფაშისტური სიმბოლიკით აღჭურვილი ჯგუფების, ახალგაზრდების მიერ, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. აქციაც და კონტაქციაც ამ ქვეყნის მოსახლეობაა, რომლებმაც ერთად თანაცხოვრება უნდა შევძლოთ, რისთვისაც ხელისუფლება უნდა დგამდეს ნაბიჯებს. არა კრიზისების გამოწვევის, არამედ მისი არდაშვების და პრევენციის.

კი არ მოგწონთ ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, რეპერ ბერას ფაქტორის შესახებ. მეორედ მოხდა უკვე როდესაც ბერას პოზიციამ სხვა ვითარება შექმნა ხელისუფლების ქმედებებში. აქციები იმართებოდა ჯგუფის „ბირჟა მაფია“ წევრების დაკავების დროსაც და მაშინაც სოციალურ ქსელში ბერას მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა სხვანაირად განვითარდა მოვლენები. ამჯერად უკვე მის მიერ შესრულებული რეპი გავრცელდა სოციალურ ქსელში. ეს თქვენთვის არაფერზე მეტყველებს?

ეს მოქმედებს იმაზე, რომ დღევანდელი საქართველოს, ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს, აქვს სერიოზული გავლენა საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე. მათ შორის სახელისუფლებო სტრუქტურებზე. ივანიშვილის დაბრუნებამ განაპირობა ის, რომ ეს თემა განვითარდა არასწორად. აღიარებული პრინციპები, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ ნელ-ნელა გაქრა და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნების ამოცანა დარჩა. ახლა ივანიშვილის და მის გარშემო მყოფი ადამიანების პერსონალურ გავლენაც თუ იქნება მიღწეული იმავე პრინციპებით, რაც 2011-12 წლებში იყო გაცხადებული, მაშინ ეს პოზიტიური გავლენა იქნება.

წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება ის ქაოსი რაც დღემდე იყო და ეს ცუდი იქნება, ეს არ უნდა დავუშვათ და ამისთვის პოლიტიკურ ძალებს გვჭირდება გაცილებით მეტი მობილიზება 2020 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ბოლოს გახარიას ფაქტორზეც უნდა გკითხოთ. თუ სწორად მახსოვს, პირველად მოხდა, როდესაც შს მინისტრი მიდის აქციაზე და ბოდიშს უხდის აქციის მონაწილეებს. რიგმა ადამიანებმა უკვე მიუახლოვეს გახარია პრემიერმინისტრის პოსტს, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

არაფერს არ ვფიქრობ. მინისტრები და პრემიერ-მინისტრები არიან დროებითი მოვლენები. არ მგონია, რომ ამ ტიპის პროგნოზების და სპეკულაციებით უნდა ვიყო დაკავებული მე, ან საზოგადოება. დღეს ვისაც რა საქმე აბარია, კეთილი ინებოს და ეს საქმე კარგად გააკეთოს! გახარია შს მინისტრია, მას ევალება ასეთ ვითარებაში მოქმედებები. გუშინ საღამოს განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი კარგი მინისტრი იყო. პარასკევ საღამოს განმავლობაში, შაბათს და კვირას მთელი დღის განმავლობაში არ იყო კარგი მინისტრი, ვინაიდან პრობლემა მიიყვანა აქამდე.

გუშინ შეიძლებოდა კონტროლიდან ძალიან მარტივად შეიძლებოდა გამოსულიყო ვითარება. წარმოიდგინეთ, აქციის მონაწილეები დაშლას რომ არ დათანხმებოდნენ, მაშინ მინისტრი ვეღარაფერს შეძლებდა. გუშინ საღამოს კარგი მინისტრი იყო, მაგრამ 2 დღის განმავლობაში კარგ მინისტრს ვერ ვხედავდით, ისევე როგორც კარგ პრემიერ-მინისტრს, მერს და ა. შ. ასე, რომ სანამ თანამდებობებზე არიან, მათ ვალდებულებები აქვთ. ხვალ ვინ სად აღმოჩნდება, წინ წასული თუ უკან ჩამოსული, ეს ნაკლებად საინტერესოა.

უსუფაშვილი:ავლაბრის რეზიდენციის გამოყენების და პარლამენტის ამუშავების უკეთეს ვერსიას დავდებ(ინტერვიუ)

უსუფაშვილი:ავლაბრის რეზიდენციის გამოყენების და პარლამენტის ამუშავების უკეთეს ვერსიას დავდებ(ინტერვიუ)

2 საათის წინ

პრეზიდენტობის კანდიდატი „აიპრესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ავლაბრის რეზიდენციაში სახელმწიფოებრივი დარბაზები უნდა განთავსდეს და გამოყენებული იყოს სხვადასხვა სახელმწიფოებრივი საქმეებისთვის. ამასთანავე გაკეთდეს საპრეზიდენტო დარბაზი...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088