მაღლაფერიძე: უნდა გაირკვეს, რატომ მოხვდა "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში გაყალბებული ინფორმაციები

მაღლაფერიძე: უნდა გაირკვეს, რატომ მოხვდა "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში გაყალბებული ინფორმაციები

პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშიში "პირველ არხთან" მიმართებაში დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. .

„ფრიდომ ჰაუსმა“ გუშინ ნაწილობრივ გამოასწორა ერთი ფაქტობრივი შეცდომა, რომელიც თავის ანგარიშში დაუშვა პირველ არხთან მიმართებაში, რაც კარგი და მისასალმებელი ამბავია, თუმცა, სრულიად არასაკმარისი, ვინაიდან, ამ ანგარიშში კვლავაც ვხვდებით კატეგორიულად მცდარ ან ძალიან საკამათო ფაქტებს და მათგან გამომდინარე შეფასებებს.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივად ჩნდება სურვილი და მოთხოვნა, რომ ღია და გამჭვირვალე გახდეს ის პროცედურა, თუ როგორი ფორმით და ვინ აწვდის ამ ორგანიზაციას ინფორმაციებს, ვინაიდან, საზღვარგარეთ, ხშირად, სწორედ ამ ტიპის ანგარიშებიდან იქმნიან წარმოდგენას საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ინფორმაციის მიმწოდებელთა მიუკერძოებლობა და კომპეტენტურობა, მით უმეტეს, რუსეთიდან ისედაც მომდინარე დეზინფორმაციული პროპაგანდის ფონზე და თუ ამას დაემატება “ფრიდომ ჰაუსის” მიერ გავრცელებული არასწორი ფაქტები და ინტერპრეტაციები, ეს ძალიან დააზიანებს მოვლენების სწორად აღქმის პროცესს.

გუშინ შეტანილი შესწორების მიუხედავად “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში კვლავაც რჩება არასწორი ფაქტები, მათ შორის, მედიასთან და კონკრეტულად პირველ არხთან მიმართებაში, რის შესახებაც აუცილებელია, გაგრძელდეს დისკუსია, მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებით გამოთქმული ერთი შეფასება, რომელიც მხოლოდ “იმედს” არ ეხება და საქართველოს უახლესი ისტორიის გაყალბებას და თავდაყირა დაყენებას ნიშნავს.

ანგარიშში წერია, რომ თითქოს 2012 წლამდე ტელეკომპანია „იმედი“ კრიტიკული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლოიალური გახდა მოქმედი ​​​​მთავრობისადმი.

შინ თუ გარეთ ყველასთვის ცნობილია, როგორ მოხდა ყველას თვალწინ “იმედში” შეჭრა, შემდეგ მისი მიტაცება ხელისუფლების მიერ, რასაც, პარალელურად, ფონად გასდევდა სხვა ჟურნალისტების შანტაჟი, დევნა და დაპატიმრება. ეს შეუძლებელია, ვინმემ არ იცოდეს, ამიტომ, ნათელია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფაქტების განზრახ გაყალბებასთან, რაც პირდაპირ დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

საქართველომ მტკივნეულად, თუმცა, მაინც დააღწია თავი იმ სამარცხვინო პერიოდს, როდესაც მთელ მედიასივრცეზე ერთიანი სახელმწიფო კონტროლი იყო დაწესებული და ვინც დღეს “ფრიდომ ჰაუსს” და სხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციებს მთლიანად “გადაბრუნებულ” ინფორმაციას აწვდის, ცხადია, რომ იგი ცდილობს შავის გათეთრებას და ისტორიის თავიდან გადაწერას მისი უკან დაბრუნების მიზნით.

რამდენადაც ვიცი, “ფრიდომ ჰაუსის” აღნიშნული ანგარიშის წარდგენა დაგეგმილია ამა წლის 18 აპრილს ვაშინგტონში. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დროული და აქტიური კომუნიკაცია იმავე “ფრიდომ ჰაუსთან“, რომ დროულად გასწორდეს ანგარიშში შეტანილი დამახინჯებული ფაქტები, ვიდრე მათი ცნობიერებაში დალექვა დაიწყება და გაირკვეს რეალური მიზეზები, თუ რატომ მოხვდა ანგარიშში გაყალბებული ინფორმაციები“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე facebook-ში

გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, 107-ე სკოლის მოსწავლეებს ტექნოპარკში უმასპინძლეს

გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, 107-ე სკოლის მოსწავლეებს ტექნოპარკში უმასპინძლეს

9 წუთის წინ

მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა, რა დროსაც მათ ფაბლაბები დაათვალიერეს. გარდა ამისა, მოსწავლეები 3D მოდელირების და ბეჭდვის სპეციფიკას გაეცნენ და თავად ნახეს თუ როგორ იქმნება მარტივი 3D მოდელი და იბეჭდება პრინტერზე. როგორც გიორგი...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126