ეროვნული ლიგა 1: იმერული დერბი "ჩიხურასია", "სიონს" "ლოკომოტივთან" გაუმართლა

ეროვნული ლიგა 1: იმერული დერბი "ჩიხურასია", "სიონს" "ლოკომოტივთან" გაუმართლა

ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1-ის მე-6 ტური "რუსთავისა" და "კოლხეთის" დაპირისპირებით გაიხსნა.

ვლადიმირ გაზაევის შეგირდებმა "სიონის" დამარცხების შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს. ანგარიში, მე-2 წუთზევე მამუკა კობახიძემ გახსნა და რუსთაველები დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლოს კი ციცქიშვილმა "რუსთავის" უპირატესობა ორამდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა 55-ე წუთზე ზურაბ არზიანი გააძევა, ამის შემდეგ მოედანზე სურათი და ანგარიში არარ შეცვლილა - 2:0. 

"რუსთავს" 6 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-6 პოზიცია უკავია.

ტურის მეორე დაპირისპირება "ლოკომოტივსა" და "სიონს" შორის შედგა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება გასულ ტურში, დედაქალაქურ დერბიში "საბურთალოსთან" მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრაშიც უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მისი გუნდი მაინც დამარცხდა.

ანგარიში შეხვედრაში 35-ე წუთზე გაიხსნა. ნიკა ჭანტურიამ ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა, ნაცვლად მოგერიებისა. აღსანიშნავია ის, რომ მიმდინარე გათამაშებაში სამი ავტოგოლია გასული და სამივე "ლოკომოტივის" ანგარიშზეა, ერთმანეთის მიყოლებით ავტოგოლები არველაძემ, რომან ჭანტურიამ და ნიკა ჭანტურიამ გაიტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს, სიხარულიამ კარგი გადაცემა გაუკეთა ბოლნისელთა კაპიტანს, ჯაბა დვალს, რომელიც ორ ტანმაღალ მცველს შორის იდგა, მაგრამ მაინც შეძლო თავისი მეორე გოლის გატანა მიმდინარე გათამაშებაში.

თითქოს, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით უნდა გასულიყო, მაგრამ "სიონის" ნახევარდაცვა და დაცვა ჩავარდა და არველაძის გადაცემით, გავაშელიშვილმა 45-ე წუთზე სხვაობა შეამცირა.

თუკი პირველ ტაიმში "სიონი" მეტოქის თანასწორად გამოიყურებოდა, მეორე ტაიმში "ლოკომოტივმა" მოწინააღმდეგე ძალიან დაჩაგრა, მაგრამ ბოლნისელები თავს იცავდნენ. ბურთის ამოტანა უჭირდათ და შეტევის წამოწყება. საბოლოოდ, "სიონმა" თავისთვის სასურველი შედეგით შეძლო შეხვედრის დასრულება და მეორე გამარჯვება მიითვალა, 7 ქულა მოაგროვა და კვლავ მე-7 ადგილი შეინარჩუნა. "ლოკომოტივს"  კი 4 ქულით მე-8 პოზიცია უკავია.

მხოლოდ ერთი გოლი გავიდა იმერულ დერბიში "ტორპედოსა" და "ჩიხურას" შორის. ამ გუნდების დაპირისპირება პრინციპულ ხასიათს ატარებს, რადგან თასის ფინალში საჩხერლებმა აჯობეს ქუთაისელებს, სუპერთასისთვის ბრძოლაში კი "ტორპედომ" იმარჯვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე, მარკოზაშვილმა გაიტანა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა. "ჩიხურამ" 11 ქულა დააგროვა და ლიდერთა სამეულში დამკვიდრდა, "ტორპედოს" კი 9 ქულით მე-5 ადგილი უკავია.

ტურის ცენტრალური მატჩი, ხვალ "დინამო არენაზე" გაიმართება. გათამაშების ლიდერი "საბურთალო" "დინამოს" ესტუმრება. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველი მარცხი გასულ ტურში განიცადა, რითიც კახა კაჭარავას გუნდმა ისარგებლა და ქულათა რაოდენობით მოწინააღმდეგეს გაუტოლდა. ამ გუნდებს შორის გამარჯვებული ხვალ ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგება.

პარალელურად, ლანჩხუთში, "ევგრაფი შევარდნაძეზე" "სამტრედია" "დილას" უმასპინძლებს. სამტრედიელები საშინაო არენად დედაქალაქში მდებარე სტადიონებს იყენებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს მათ ლოკაცია შეიცვალეს და მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთში მდებარე სტადიონის საფარი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, ისინი თამაშს "დილას" წინააღმდეგ, მაინც გურიაში ჩაატარებენ. "სამტრედიას" თავკაცის პოსტზე დებიუტი ექნება ბადრი კვარაცხელიას, რომელმაც გუნდიდან წასული უჩა სოსიაშვილი ჩაანაცვლა.

ორივე დაპირისპირება სტარტს 16:00 საათზე აიღებს. 

ფოტო: ლოკომოტივი

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

12 საათის წინ

კახა კაჭარავას გუნდმა შეხვედრა სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის 100%-იანი შანსი მესამე წუთზევე ჰქონდა, თუმცა დინამოელებმა სასურველს მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მიაღწიეს. ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072